"ხელი ჩამკიდა და მითხრა, გიო, მიშველეო! მას შემდეგ ჩემს ყველა ნაბიჯს ვუკვირდები" - კვირის პალიტრა

"ხელი ჩამკიდა და მითხრა, გიო, მიშველეო! მას შემდეგ ჩემს ყველა ნაბიჯს ვუკვირდები"

"როდესაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იმიტირებული ნიუსი გაუშვეს, თითქოს რუსის ჯარი შემოვიდა საქართველოში, მახსოვს, როგორ ჩავიცვი და მივდიოდი, მოხალისედ რომ ჩავწერილიყავი"

პირველი როლი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე შეასრულა, ზღაპარში "კომბლე", კინოროლებში ყველაზე სახასიათო "მანდარინებში" ეპიზოდური როლი გახლდათ, მნიშვნელოვანი იყო "რენე მიდის ჰოლივუდში" ჩეკისტის როლი და "აგვისტოს 5 დღე". "მიუხედავად იმისა, რომ ეს პროპაგანდისტული ფილმი იყო, ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა", - ამბობს ყველასთვის საყვარელი მსახიობი, მუსიკოსი, პროდიუსერი და ინჟინერი გიორგი ცაავა. სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებთ, რამდენიმე ბლიცკითხვას ვუსვამ და ისიც სხარტად მპასუხობს:

არ ვიცი - თვლა

ღირსი ვარ - ყველაფრის

ვკარგავ - წლებს

ვმალავ - ოოო...

მესიზმრება - ყოველღამე

ვკლავ - ვახ... ბევრს

ვტირი - როცა ვტირი

მშურს - არასდროს

ვემალები - არავის

მახსოვს - ყველაფერი

მრცხვენია - უსირცხვილო ვარ

ვინახავ - ჩემში

მწამს - ღმერთის

- კარგად იცნობთ გიორგი ცაავას?

- კარგად ვიცნობ და დღემდე ვცდილობ ვეძმაკაცო, თუმცა ის ჰოროსკოპით სასწორია და მუდამ რაღაცის ძიებაშია, შესაბამისად, მის ხასიათს უნდა მოვერგო.

- რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა "არტისტი"?

- არტისტი ჩემთვის ნიშნავს ცხოვრების წესს. მსახიობი მაშინ ხარ, როცა ვერ აცნობიერებ, რომ თამაშობ, რადგან მთელი არსებით შენი გმირი ხდები. ჩემთვის ასეთი რობინ ჰუდი იყო. ისე ვიცნობდი, როგორც საკუთარ თავს, ის განცდები მქონდა, რაც მას, რომ ხალხს დავხმარებოდი.

ბავშვობაში ბევრი სისულელე გამიკეთებია, ერთხელ ხელნაკეთი პარაშუტით სახლის სახურავზე აძრომა გადავწყვიტე, კედელს კიბე მივაყუდე, მოულოდნელად ქარი ამოვარდა და აი, მანდ მივხვდი, რომ სიმაღლის მეშინია, არადა, სამი საფეხურიღა მქონდა დარჩენილი, ფრენაზე კი არა, უკან ჩამოსვლაზეც აღარ იყო ლაპარაკი. იქ დამთავრდა ჩემი ფრენაც და რობინ ჰუდობაც.

ერთი შემთხვევა კი ყველაზე ცუდად მახსენდება. სტუდენტობის პერიოდში ვაკის პარკში მეგობრები კონცერტზე ვიყავით.

უცებ მომესმა ძახილი: "ცაავა, ცაავა, გააჩერე!" ვიღაც გამორბოდა ჩემკენ, მე ფეხი დავუდე და წაიქცა. მისცვივდნენ ბიჭები და ჩემ თვალწინ აჩეხეს. შოკში ვიყავი. როგორც შემდეგ გაირკვა, მას ჩემი მეგობარი დაუჭრია. ყველა გაიქცა. ვერ მოვითმინე და ცოტა ხანში საავადმყოფოში მივაკითხე. საკაცეზე, სისხლის გუბეში უპატრონოდ მიტოვებული დამხვდა. გადავირიე. მეგობრები დამეხმარნენ, გავაჩერეთ სამარშრუტო ტაქსი, მგზავრები ჩამოვიყვანეთ და მიუხედავად იმისა, რომ არ გვატანდნენ, საკაცით სხვა საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მთავარი კი ის იყო, რომ არ იცოდა, ფეხი ვინ დაუდო. ხელი ჩამკიდა და მითხრა, გიო, მიშველეო! აი, მანდ გონებაში ყველაფერი ამომიბრუნდა. ის ბიჭი გადარჩა! მას შემდეგ ჩემს ყველა ნაბიჯს ვუკვირდები.

- მუსიკოსობა, მსახიობობა და პროდიუსერობა საკუთარ თავზე დაკვირვებაა თუ მრავალმხრივი ნიჭი?

- ეს ეტაპებია ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება ღამე მუსიკოსმა გიორგი ცაავამ გაიღვიძოს და სიმღერა დაწეროს, დილით ისევ მსახიობად მოგვევლინოს.

- როგორ მოხდა თქვენი პროფესიის ათწლიანი რადიკალური ცვლილება? - როცა დავოჯახდი, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობდი. ხელფასი 60-80 ლარი მქონდა. უკვე ოჯახი მყავდა და მივხვდი, სხვა რაღაც უნდა გამეკეთებინა. მაგ პერიოდისთვის მამა ენერგეტიკოსად მუშაობდა და ისანი-სამგორის რაიონში ზეინკლად მუშაობა დამაწყებინა. ნულიდან დავიწყე ყველაფერი, პარალელურად ვთამაშობდი სპექტაკლებსაც, თუმცა ენერგეტიკაში დიდ წარმატებას მივაღწიე, მთავარი ინჟინერი გავხდი.

ერთი საინტერესო ამბავი მახსენდება: აფეთქება მოხდა და ტელევიზიას კომენტარი მივეცი, პარალელურად კი არტ-გენის კონცერტში ვმონაწილეობდი და იქაც გავაკეთე კომენტარი. დაიწყო საინფორმაციო გამოშვება და ერთ სიუჟეტზე ეწერა მთავარი ინჟინერი გიორგი ცაავა, მეორეზე კი მსახიობი და მუსიკოსი!

- როგორი იყო სერიალ "ტიფლისში" ქიარიმას როლი?

- ქიარიმას ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს გიორგი ცაავასთან. ჩემი ძმაკაცია. მას ბევრი სევდა და დიდი ტკივილი აქვს.

- თვლით თუ არა, რომ თქვენს პერსონაჟს კიდევ ჰქონდა ამ სერიალში რაღაც სათქმელი? - ჩვენ ბევრი გეგმა გვქონდა, თუმცა დაფინანსება რომ შეგვიწყდა, სცენარიც შეიცვალა, თორემ ამ პერსონაჟს და სხვა დანარჩენებსაც კიდევ ბევრი სათქმელი და გასაკეთებელი ჰქონდათ.

ჯი-დი-ესი თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი გამოცდილება იყო. მისი დახურვა ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპის დანგრევა იყო. მე არ ვიცი მისი დახურვის მიზეზი, თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც გამიზნულად შიგნიდან ანგრევდა იქაურობას.

- დიდი კავშირია თქვენსა და ქიარიმას შორის. ამ ყველაფრის შემდეგ რამდენად გაგიჭირდათ რუსი ჩინოვნიკის როლის შესრულება? - "ქერჩში" მე ბაბუაჩემის, დედაჩემის მამას ვასახიერებ. ბაბუა სამხედრო ექიმი გახლდათ. დედა 15 წლის იყო, სახლში გარდაცვლილი მამა რომ იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუას ვერ მოვესწარი, დედაჩემის მონაყოლიდან ვიცი, როგორი მკაცრი, კეთილი და ამასთან, მზრუნველი იყო. ამიტომაც მაქსიმალურად ვეცადე, მისი სახე ამ როლით მაყურებლისთვისაც გამეცნო. დედაჩემმა ფილმი რომ ნახა, ბევრი იტირა, ძალიან მოეწონა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

- ორი ერის გაერთიანებაა თქვენში... - მამა მეგრელი მყავს, დედა დაღესტნელი. ნამდვილი კავკასიური კოქტეილი ვარ. მამისგან სიფიცხე მაქვს, დედისგან სენტიმენტალიზმი.

- როგორც გიორგი ცაავას, როდის გქონდათ პირველი პოლიტიკური პროტესტი? - როდესაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იმიტირებული ნიუსი გაუშვეს, თითქოს რუსის ჯარი შემოვიდა საქართველოში. მახსოვს, როგორ ჩავიცვი და მივდიოდი, მოხალისედ რომ ჩავწერილიყავი.

- თქვენ ხშირად მღერით რუსულ სიმღერებს. რას ფიქრობთ, რამდენად უნდა ემიჯნებოდეს კულტურა პოლიტიკას? - როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ერთ-ერთი პირველი პროტესტი ის იყო, რომ სკოლაში ფორმის გარეშე დავიწყეთ სიარული. ალბათ, ახალი თაობის პროტესტია ენის არცოდნა, თუმცა მტრის ენა უნდა იცოდე. აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ჩემი ქვეყნის გამო სიცოცხლესაც გავწირავ. რუსეთი ოკუპანტია! მას ჩემი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. დღემდე არ უნდა საქართველოს გაშვება ხელიდან. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსული ლიტერატურა, კულტურა ძალიან მდიდარია.

- დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გეშინიათ, რომ შეიძლება ომი დაიწყოს? - უკვე აღარაფრის მეშინია. ჩვენი ქვეყანა სულ ომშია. აგვისტოს ომი რომ დაიწყო, ცოლ-შვილი ბათუმში მყავდა. თბილისიდან წავედი, რომ ჩამომეყვანა. გზად ქობულეთში აღმოვჩნდი, სადაც სომხეთიდან ჩამოსულები ქეიფობდნენ და ცეკვავდნენ. გარშემო მათ გარდა არავინ იყო. ჩავედი და ერთი ჭიქის დასხმა ვთხოვე. მუსიკა გამორთეს, დავლიე და ვუთხარი: - საქართველოში ომია! ხვდებით, ეს რას ნიშნავს? თქვენს ქვეყანაში რომ ეს ხდებოდეს და მე თქვენნაირად მოვიქცე, რას იზამთ? თამადას პატარა ბიჭმა სომხურად ჰკითხა: - დავარტყა? როცა მიხვდნენ, რომ სომხური ვიცოდი, ყველაზე უფროსმა ბოდიში მომიხადა, 20 წუთია ჩამოსული ვარ და არ ვიცოდიო. დანარჩენების სახელითაც პატიება მთხოვა და ქეიფიც შეწყვიტეს. აი, მაგ დროს ვიყავი ამაყი, რომ ჩემი გასაკეთებელი იმწამს იქ გავაკეთე.

თამუნა მარშანიშვილი