"სამი ძმიდან ერთმა მანქანიდან გადახტომით უშველა თავს, ორი კი, მათ შორის 12 წლის გაგა, დაიღუპა" - კვირის პალიტრა

"სამი ძმიდან ერთმა მანქანიდან გადახტომით უშველა თავს, ორი კი, მათ შორის 12 წლის გაგა, დაიღუპა"

27 ივლისს, ტრაგედია დატრიალდა თელავის რაიონში, სადაც ფშავი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის, 12 ადამიანითა და პროდუქტით დატვირთულ სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, შედეგად კი სატვირთო რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება სულ ხუთმა ადამიანმა მიიღო. 2 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო. თბილისიდან, ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

სატვირთო მანქანაში, როგორც ცნობილია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები იყვნენ. ისინი თუშეთში, სოფელ ბეღელაში ხატობაში მიდიოდნენ.

გარდაცვლილთა შორის ოჯახის სამი წევრი, მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები არიან. მათგან გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლები არიან სატვირთოს მძღოლი 25 წლის ზაურ გიგოიძე და 68 წლის ნათელა ალდამიძე-გიგოიძე.

ავარიის შედეგად ხევში ჩავარდნილების სამძებრო სამუშაოები მეორე დღეს განახლდა.

27 ივლისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვებაზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვი.

გვესაუბრება სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრები:

- ურთულესია თუშეთის გზა, სადაც წელიწადი არ გავა ვინმე არ დაიღუპოს, მაგრამ ასეთი ტრაგედია კარგა ხანია არ დატრიალებულა - 5 ადამიანის ერთდროულად დაიღუპა, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი - მამა ორი შვილით. ენითაღუწერელია ის უბედურება, რაც ჩვენთან ტრიალებს.

ვინც გადარჩა, იმის ნაამბობიდან ვიცი, რომ ზაურს მანქანა აღმართზე გაუჩერდა, ვერ მოახერხა წინ გზის გაგრძელება, მალევე კი დაგორდა და ხევში გადავარდა. ზაურს მანქანა ახალნაყიდი ჰქონდა, საკმაოდ ძველი სატვირთო იყო, კარგა ხანს აკეთებდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ამ გზაზე ამ მანქანით პირველადაც მიდიოდა.

ზაურ გიგოიძე

უცნაურია, რომ ამდენი ხალხი წავიდა თუშეთში "კამაზით", რატომ გადაწყვიტეს ძარით მგზავრობა, როცა იქ "კამაზებით" უკვე აღარავინ ადის. ამ მანქანებით თუშეთში ახლა მხოლოდ ის მძღოლები ადიან, რომლებსაც სამშენებლო მასალა ააქვთ. ზაურმაც ამიტომ იყიდა საკამოდ ძველი "კამაზი" , ფიქრობდა, ახლა თუშეთში მშენებლობებია, მეც ვატარებ სამშენებლო მასალებს და ცოტა ფულს ვიშოვიო. ხატობაში მიდიოდა ბედნიერი ხალხი და ასეთი ტრაგედიით დასრულდა ყველაფერი.

- როგორც გავიგეთ, ავტომანქანაზე მყოფი შაბალაიძეების სამი ვაჟიდან უფროსი გადარჩა, გადახტომით უშველა თავს...

- დიახ, ასეა, კიდევ კარგი ის მაინც ცოცხალი... ისეთი კარგი, პატიოსანი და მშრომელი ოჯახი, როგორიც შაბალაიძეებს ჰქონდათ, ბევრი როდია.. ალვანელი ხელოსნები ჩეჩნეთში სეზონურად დადიან მშენებლობაზე, ოჯახებისთვის ლუკმაპურს ასე შოულობენ. შალვაც მანდ დადიოდა, - ყველა ხელობა იცოდა, რაც კაცმა უნდა იცოდეს. ახლაც ჩეჩნეთში იყო წასული და წინა დღეს დაბრუნდა ხატობისთვის. თუშებს ასეთი წესი გვაქვს - რამდენიმე წლითა ადრე ვაწესებთ ხატობის მოთავე მასპინძლებს და ახლა შალვა უნდა ყოფილიყო მოთავე კაცად. ამიტომაც დაბრუნდა და მიდიოდა იქ თავისი ოჯახიანად...