"კანაფის ხშირ მოხმარებას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა შეუძლია" - კვირის პალიტრა

"კანაფის ხშირ მოხმარებას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა შეუძლია"

"დღე-ღამეში 3-4 კანაფის სიგარეტის მოწევა იწვევს ბრონქული ლორწოვანი გარსის ისეთ დაზიანებას, რომელიც უტოლდება დღეში 20 ან მეტი ღერი სიგარეტის მოწევას"

როგორც საერთაშორისო მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, ნარკოტიკების ხშირ მოხმარებას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლაც შეუძლია. ეს საკითხი სიღრმისეულად შეისწავლა ცნობილმა მეცნიერმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ფონდის პრეზიდენტმა, პროფესორმა და საერთაშორისო ექსპერტმა ალექსანდრე პაპიტაშვილმა. მეცნიერი დეტალურად გვიხსნის, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია კანაბისს (მარიხუანას), ამ თითქოსდა "მსუბუქ" ნარკოტიკს, მამაკაცის რეპროდუქციულ ჰორმონებზე, მომავალი თაობის ჯანმრთელობასა და გენეტიკურ სტრუქტურებზე.

- ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს მკვიდრი მოსახლეობის შემცირება, დეპოპულაცია. არსებობს დასკვნა, რომ თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა, 2050 წლისათვის ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება.

მსოფლიოს წამყვან მედიკოს-მეცნიერთა მიერ დადგენილია, რომ ნარკოტიკების, მათ შორის ე.წ. მსუბუქი კანაბისის მოხმარება ზრდის გენეტიკური დაავადებების, უნაყოფობის, მკვდრადშობადობის, ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის, ნაყოფის თანდაყოლილი სიმახინჯეების რიცხვს.

ასევე იწვევს სპეციფიკურ გენეტიკურ ცვლილებებს და ეს გენეტიკური დარღვევები რამდენიმე თაობას გასდევს, ანუ სამუდამოდ რჩება.

- საზოგადოებაში რატომღაც დამკვიდრდა აზრი, რომ მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია და თამბაქოზე უსაფრთხოც... - მარიხუანას მწეველებს აქვთ ტესტოსტერონის (მამაკაცის სასქესო ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს მამაკაცის სასქესო ორგანოებისა და სხეულის ფორმირებაში) უფრო მაღალი დონე იმავე დიაპაზონში, რაც აქვთ სიგარეტის მწეველებს. მას აღმოაჩნდა უძლიერესი უარყოფითი გავლენა მამაკაცის რეპროდუქციულ ჰორმონებზე და სპერმის ხარისხზე - მარიხუანას კვირაში ერთხელ მაინც რეგულარულად მოწევა უკავშირდება სპერმის კონცენტრაციის 28%-ით და სპერმის საერთო რაოდენობის 29%-ით შემცირებას, ხოლო კვირაში ერთხელ მარიხუანას სხვა რელაქსაციურ ნივთიერებებთან ერთად კომბინირებული მოხმარება სპერმის კონცენტრაციას 52%-ით ამცირებდა, სპერმის საერთო რაოდენობას კი - 55%-ით. ჯერ კიდევ 90-იან წლებში დადგენილი იყო მარიხუანას გენური აპარატის დამაზიანებელი ეფექტი. კანაბინოიდები - ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კანაბიოლი და კანაბიდიოლი უარყოფითად მოქმედებს ძუძუმწოვართა უჯრედებზე. ციტოგენეტიკური კვლევებით გამოვლინდა, რომ კანაბინოიდები იწვევს ქრომოსომულ დარღვევებს, ქრომოსომების გაწყვეტას, წაშლას... კანაბინოიდები ასევე თრგუნავს მაკრომოლეკულურ სინთეზს (დნმ, რნმ, ცილა)...

2009 წელს ლესტერის უნივერსიტეტის ინგლისელმა მკვლევრებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომ კანაფის მოწევა ზიანს აყენებს დნმ-ის სტრუქტურას, რამაც შესაძლოა გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი. მრავალი კვლევა ჩატარდა თამბაქოს კვამლის ტოქსიკურობის შესახებაც. ცნობილია, რომ თამბაქოს კვამლი შეიცავს 4000 ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 60 კლასიფიცირდება კანცეროგენებად. თამბაქოსგან განსხვავებით, კანაფი ამ მხრივ არ არის კარგად შესწავლილი. იგი თამბაქოზე გაცილებით ნაკლებად აალებადია და ხშირად გამოიყენება თამბაქოსთან შერევით. დაბალი აალებადობის გამო მისი კვამლი შეიცავს 50%-ით მეტ კანცეროგენულ ნაერთს, ვიდრე თამბაქოს კვამლი. კანაფის კვამლით დნმ-ის დაზიანება უფრო მნიშვნელოვნად გამოიხატება, ვინაიდან მწეველმა უფრო ღრმად უნდა შეისუნთქოს კვამლი, ვიდრე თამბაქოს მოწევისას. დღე-ღამეში 3-4 კანაფის სიგარეტის მოწევა იწვევს ბრონქული ლორწოვანი გარსის ისეთ დაზიანებას, რომელიც უტოლდება დღეში 20 ან მეტი ღერი სიგარეტის მოწევას. კვლევის ეს შედეგები არის მტკიცებულება, რომ კანაფის კვამლი აზიანებს დნმ-ს და მთლიანად ადამიანის ჯანმრთელობას.

კანაფის უსაფრთხოობის მითს წერტილი დაუსვა დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მსოფლიოში განთქმული მეცნიერების შემაჯამებელმა შრომამ, სადაც წარმოდგენილია მტკიცებულებათა რეზიუმე, რომ კანაფი იწვევს დნმ-ის დაზიანებას.

მეცნიერები აღწერენ კვლევებს, სადაც ვირთაგვებზე ცდებით და ადამიანებზე დაკვირვებით ნაჩვენებია, რომ კანაფის მოხმარებით გამოწვეული დნმ-ის დაზიანება მშობლებიდან ბავშვებს გადაეცემა. მსგავსი ეფექტები აღინიშნება ოპიოიდების, კოკაინისა და ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში. დაკვირვებების ანალიზმა აჩვენა ტეტრაჰიდროკანაბიოლით (კანაფის ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტი) დნმ-ის დაზიანების ეფექტი. დამტკიცდა ისიც, რომ ეს ზიანი მიგვიყვანს კიბოს და დაბადების დეფექტების რისკის ზრდამდე, რაც ეპიგენეზის პროცესში მუდმივად გადაეცემა თაობებს.

ავსტრალიის უნივერსიტეტის პროფესორის, სტიუარდ რისის ანალიზში განხილულია კანაბისის მოხმარების გავლენა მამაკაცის რეპროდუქციულ ჰორმონებზე და სპერმის ხარისხზე. 1215 ჯანმრთელი ახალგაზრდა მამაკაცის შესწავლის საფუძველზე დადასტურდა, რომ კანაფის მოხმარების გენეტიკური ეფექტები აზიანებს ადამიანის დნმ-ს. უჯრედი ზიანდება, მაგრამ არ იღუპება. მაშინაც კი, თუ დედას არც ერთხელ არ მოუხმარია კანაფი, მამის სპერმით მიღებულმა მუტაციებმა ბავშვებში შეიძლება სერიოზული და ფატალური დაავადებებიც კი გამოიწვიოს. მშობლებმა შეიძლება ვერ გააცნობიერონ, რომ ისინი არიან ამ მუტაციების მატარებლები, რომლებიც დროებით უმოქმედოა, მაგრამ აღმავალი გზით შეუძლია იმოქმედოს მომავალ თაობაზე.

დნმ სიცოცხლისა და ევოლუციის საიდუმლოს ფლობს

დნმ უმთავრესი ბიოლოგიური მოლეკულაა, რომელიც სიცოცხლისა და ევოლუციის საიდუმლოს ფლობს. დნმ-ის შესახებ სამყარომ 1868 წელს შეიტყო, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა იოჰან ფრიდრიხ მიშერმა გააკეთა. აღმოჩენიდან თითქმის 100 წლის შემდეგ, ორმა მეცნიერმა - ფრენსის კრიკმა და ჯეიმს უოტსონმა დაადგინა, რომ დნმ ორი სპირალისგან შედგება. პლანეტის მთელი მოსახლეობის დნმ 99,9%-ით ერთნაირია, მხოლოდ დარჩენილი 0,1% არის უნიკალური და სწორედ ის განაპირობებს ჩვენს ინდივიდუალიზმს. ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ სტამატოიანოპოლუსმა საკუთარ გუნდთან ერთად დნმ-ის მეორე მნიშვნელობაც აღმოაჩინა. ეს აღმოჩენა მომავალში ხელს შეუწყობს ექიმებს, ე.წ. გენეტიკური მკურნალობის ჩატარებაში.