"დღეს ბევრი მუშა ისე კვდება, ვერავინ იგებს" - კვირის პალიტრა

"დღეს ბევრი მუშა ისე კვდება, ვერავინ იგებს"

მომავალში ტექნოლოგიები მრავალ პროფესიას ჩაანაცვლებს, თუმცა, ალბათ, მუშის პროფესიას არ შეეხება - მათთვის საქმე ყველა სფეროში გამოჩნდება. შესაბამისად, მუდამ საჭირონი იქნებიან, მაგრამ დაფასებაზე რა მოგახსენოთ - ჩვენს სინამდვილეში მიზერული ხელფასის მქონე მუშების სიკვდილიანობა ცხოვრების წესად იქცა. მუშათა უფლებადამცველი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, არ არსებობენ, რაც არაკეთილსინდისიერ დამქირავებლებს უხსნის გზას. ჩვენში დედაქალაქელ მუშათა პირველი დამცველები ამქრები იყვნენ, მერე კი მუშათა ფონდიც გაჩნდა, რომელიც დაზარალებულებს ეხმარებოდა. გასული საუკუნის დასაწყისში დედაქალაქის ქარხნების მუშები გაიფიცნენ და შედეგსაც მალე მიაღწიეს - არსებობს თბილისელ მუშათა ხელფასის სტატისტიკა, რომელთანაც თანამედროვე მუშებისა ახლოსაც ვერ მივა. ყოველ შემთხვევაში, იმდროინდელ კურტანმოკიდებულ მუშის ტვირთის სიმძიმეს ის შიში მაინც არ ემატებოდა, რომ ცოლ-შვილი მშიერი დარჩებოდა. რა ანაზღაურება ეძლეოდათ თბილისელ მუშებს და როგორი მსყიდველობითი უნარი ჰქონდა ფულს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი გვიამბობს:

"მუშები თავიანთი ხელფასით პირველადი მოთხოვნილების პროდუქტს იღებდნენ და სარეზერვო თანხაც რჩებოდათ"

- პირველ მსოფლიო ომამდე საკმაოდ მყარი ვალუტა არსებობდა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევდა სტაბილურად ეცხოვრათ. მატერიალურად კარგად იყვნენ როგორც გლეხობა, ასევე ქალაქის ფაბრიკა-ქარხნების მუშები. რაც მთავარია, მრავალფეროვან და ჯანსაღ საკვებს მიირთმევდნენ. ასეთი მდგომარეობა პირველმა მსოფლიო ომმა შეარყია, თუმცა შემდგომ მატერიალურად ფეხზე წამოდგომა სწრაფად დაიწყო.

- უცნაურია, რომ ამ პერიოდში არც სამუშაოს დეფიციტი იყო და არც ხელფასები ძალზე დაბალი, მით უფრო მუშათა სიკვდილიანობის შემთხვევები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, მაგრამ მუშები მაინც აწყობდნენ გაფიცვებს თავიანთი უფლებების დასაცავად. - მუშათა სიკვდილიანობა ნამდვილად არ იყო საგანგაშო, ხალხი უფრო ჰიგიენის დაუცველობისა და ცუდი სანიტარიული პირობების გამო იხოცებოდა. დღევანდელებისგან განსხვავებით, ლუკმაპურის საშოვნელად მიზერულ ხელფასზე შრომა არ უხდებოდათ. მუშები თავიანთი ხელფასით ყველა ტიპის პირველადი მოთხოვნილების პროდუქტს იღებდნენ და სარეზერვო თანხაც რჩებოდათ.

მე ვიცნობ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭარ-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის თხზულებას, რომელშიც 1914 წლის თებერვლის სტატისტიკური ცნობებია თავმოყრილი მუშათა დღიური ხელფასის შესახებ.

მუშა თურმე დღიურად საშუალოდ 2 რუბლსა და 39 კაპიკს იღებდა. პროფესიების მიხედვითაც არის ჩამოთვლილი, ვინ რას იღებდა. მაგალითად, მლესავი 3 რუბლს; სახლის დამხურავი და მღებავი 2.5 რუბლს, დურგალი 3 რუბლს, ხურო კი 2.5 რუბლს. ამ ფულით დღეში 12 დასახელების პროდუქტს ყიდულობდნენ და ფული კიდევ რჩებოდათ. გირვანქა (409 გ) ზეთი 18 კაპიკი ღირდა, ხორცი -14, ბრინჯი - 11, პური - 4, მარილი - 4, კარტოფილი - 1,7, ლობიო - 8. ანუ დღეში საშუალო ხელფასიდან 12 პირველადი მოთხოვნილების პროდუქტზე 1 რუბლსა და 53,5 კაპიკს ხარჯავდნენ, 85,5 კაპიკი კი რეზერვში რჩებოდათ. ტანსაცმელი, რასაკვირველია, ბევრად ძვირი ღირდა, თუმცა ტანსაცმელს ადამიანი ყოველდღე როდი ყიდულობს.

"ბევრი მუშა ისე კვდება, ვერავინ იგებს"

როგორ ცხოვრობენ და რას ყიდულობენ ხელფასით დღევანდელი მუშები, ან როგორ იცავენ თავიანთ უფლებებს, ალბათ, სტატისტიკის მოუხმობლადაც ვიცით. თუმცა მაგალითად სამშენებლო სექტორის მუშის მდგომარეობას მოვიყვანთ, რაზეც პროფესიული კავშირების ტექნიკური ინსპექციის უფროსი ნიკა კაკაშიძე გვესაუბრება:

- რა ანაზღაურებას იღებს სამშენებლო სექტორში დასაქმებული მუშა?

- დღევანდელი სტატისტიკა ამ მონაცემს ზუსტად ვერ ასახავს, ჩვენი გამოკითხვებით კი მუშები მშენებლობაზე, ასეთ სარისკო ადგილას 700-800 ლარად მუშაობენ. გაცილებით უარესი მდგომარეობაა სამთო-მომპოვებელ სექტორში. ორივეგან მუშათა მაღალი სიკვდილიანობაა.

- სტატისტიკური მონაცემებით, საშუალო საარსებო მინიმუმი ერთ მამაკაცზე თვეში 190.1 ლარია, ერთ ოჯახზე კი - 318 ლარი. ექსპერტების აზრით, ამ თანხით მთელი თვე მხოლოდ მაშინ შეიძლება იცხოვრო, თუ ყოველდღე მხოლოდ ჩაის, ცოტაოდენ ყველს ან კარაქს შეჭამ და სხვას არაფერს. არადა, საუკუნის წინ მუშები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ, ჯანსაღი საკვებით იკვებებოდნენ, თანაც შავი დღისთვისაც თანხა რჩებოდათ. - ამაში ვერ შეგედავებით. დღეს მუშები იძულებული არიან სასიკვდილო რისკებით იმუშაონ ისეთ ხელფასზე, რომლითაც ოჯახებისთვის ელემენტარული პირობების შექმნა არ შეუძლიათ. თანაც ისე, რომ სიკვდილიანობის რისკი მაღალია, თანაც ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენთვის არის ცნობილი. ბევრი მუშა ისე კვდება, ვერავინ იგებს. სიკვდილიანობის სტატისტიკას ზუსტად შსს-ც ვერ ადგენს, ინფორმაცია მუშათა დაღუპვის შესახებ მათთანაც სრულად ვერ მიდის. 2007 წლიდან არასათანადო სამუშაოს გამო 525 მუშაა დაღუპული.

- დამსაქმებლები მუშებს აბრალებენ, უსაფრთხოების წესებს ვერ იცავენო. - სასაცილოა. როდესაც დასაქმებული სამუშაოზე არ ცხადდება, დამსაქმებელი მაშინ ხომ აუცილებლად იყენებს ბერკეტებს: საყვედურს, ჯარიმას, ხელფასის დაკავებას და ა.შ. როდესაც მუშა უსაფრთხოების წესებს არ იცავს, როდესაც მშენებლობაზე არასრულწლოვანი მიდის ან მუშას ღვედი და ჩაფხუტი არა აქვს, მაშინ რატომ არ იყენებს იმავე ბერკეტებს? იმიტომ, რომ იაფი მუშახელის დაკარგვა არ სურს.

- მუშები თავიანთ უფლებებს ვერ იცავენ. პროფკავშირები რას აკეთებს მათ დასაცავად? - მუშები საკუთარი უფლებების დასაცავად აქციებს ვატარებთ. თუმცა, სამწუხაროდ, დაცვა შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ვიცით, რა პირობებში მუშაობენ ისინი, ამისთვის კი პროფკავშირში გაწევრებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენამდე ინფორმაციამ შეიძლება ვერც მოაღწიოს.