მსოფლიო მაღალი მოდის ქართველი წარმომადგენელი - კვირის პალიტრა

მსოფლიო მაღალი მოდის ქართველი წარმომადგენელი

"ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვის მოეწონება კოლექცია, ნებისმიერი ადამიანის ემოციას თანაბრად ვიღებ... რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი კოლექციის ჩვენებაზე არაერთხელ ვიხილე მაიკლ ჯექსონის მამა. მაშინ მეგონა, რომ რაღაცებს უკვე მივაღწიე, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა..."

ფატუნა გიორგაძე-ბუშიჰედი ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომელიც მსოფლიომ აღიარა ოტ კუტიურის (მსოფლიო მოდა, სადაც ყველაფერი ხელით იქმნება) წარმომადგენლად... ის მეხუთე წელია საფრანგეთში, პარიზში მუშაობს და წელიწადში ორჯერ თავის კოლექციას წარადგენს, სადაც მოდის კალენდარში "შანელისა" და "დიორის" გვერდით არის მოხსენიებული... მისი კოლექციის ჩვენებაზე რამდენიმეჯერ მონაკოში საგანგებოდ ჩავიდა მაიკლ ჯექსონის მამა, შვიდი კაბა შეიძინა ცნობილი ფეხბურთელის რონალდინიოს დედამ. ფატუნა ბუშიჰედის მიზანია ქართული კულტურა მთელ მსოფლიოს გააცნოს... ფატუნა გიორგაძე-ბუშიჰედი თავისი საქმისა და საინტერესო ცხოვრების შესახებ გვესაუბრება:

- მოდის კვირეულზე კალენდარი იქმნება - ვინ ვის შემდეგ გამოდის... "შანელისა" და "დიორის" გვერდით არის აღნიშნული ჩემი სახელი, რაც ძალიან მახარებს...

- სამოსის შექმნა თქვენთვის ხელოვნებაა... - დიახ... ქალი საოცარი ქმნილებაა, ძალიან ძლიერი და ჰარმონიული. ჩვენ ბედნიერება უნდა ვეძებოთ, თავად შევმატოთ ჩვენს ცხოვრებას ფერები და არასოდეს დავკარგოთ ბავშვური ხასიათი. ქალი ყოველთვის ბავშვია - უხარია, სწყინს, ემოციური არსებაა. თუ იცი, რომ, მაგალითად, ბუშტი გაგახარებს, უნდა იყიდო და გაბერო, აუცილებლად უნდა აისრულო სურვილი... მე ასე ვიქცევი, პატარ-პატარა სიხარულით ვივსებ ცხოვრებას.

ჩემი ხელოვნება ჩემივე ენერგიის მატარებელია! ვფიქრობ, რა ენერგიითაც კოლექციას შევქმნი, ის სხვებსაც გადაეცემა...

- პარიზში თქვენი კოლექციის ჩვენებას უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრება. ვიცი, რომ მონაკოში მაიკლ ჯექსონის მამა ორჯერ ჩამოვიდა საგანგებოდ... - ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვის მოეწონება კოლექცია, ნებისმიერი ადამიანის ემოციას თანაბრად ვიღებ... რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი კოლექციის ჩვენებაზე არაერთხელ ვიხილე მაიკლ ჯექსონის მამა. მაშინ მეგონა, რომ რაღაცებს უკვე მივაღწიე, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა...

- როგორ ვითარდება საქართველოში მოდის სფერო? - ბევრი ქართველი დიზაინერი ქმნის საინტერესო სამოსს, ნიჭიერები არიან... როდესაც მსოფლიო პრესა დაიწყებს საქართველოს მოდის ტენდენციების გაშუქებას, მაშინ გაცილებით მეტი ქვეყანა გაიცნობს ჩვენს სამშობლოს. მინდა საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს! ჩვენ გვყავს საოცარი მწერლები, პოეტები, რომელთა შემოქმედებას მსოფლიო უნდა იცნობდეს. შემოქმედს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ხელშეწყობა, ფინანსების გარეშე ვერავინ და ვერაფერი იარსებებს!

- რა ურჩევთ ქალებს, თვალისმომჭრელად რომ გამოიყურებოდნენ? - გაზაფხულსა და ზაფხულზე ქალებს შესაბამისი განწყობა უნდა ჰქონდეთ და სამოსს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. შიგნიდან უნდა ანათებდნენ, სიყვარულს უნდა ასხივებდნენ. ჩემთვის გამორჩეულია ყველა ის ქალი, რომელსაც ინდივიდუალური სტილი აქვს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში კარგად გამოიყურება. ქალს ყოველთვის მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს თმა, კანი, ფრჩხილები, სხვა მეორეხარისხოვანია...

ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ფერად სამოსს ვქმნი, მაგრამ თავად უპირატესობას შავ ფერს ვანიჭებ. შავი ფერადი ფერია ჩემთვის, ხშირად ვატარებ და თუ ვინმესთვის ეს სასიამოვნოა, სხვებსაც ვურჩევ.