ქარის ენერგია ელექტროქარებისთვის? - კვირის პალიტრა

ქარის ენერგია ელექტროქარებისთვის?

"ქარის პორტატიული გენერატორი მაგნიტებით მაგრდება ავტომობილის სახურავზე და სურვილის შემთხვევაში მისი მოხსნაც მარტივად შეიძლება"

ნავთობის ფასის, მარაგისა და ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამომუშავება ბოლო წლების ყველაზე აქტუალური გამოწვევაა. ჰიბრიდული და ელექტროძრავების გარდა, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები სხვა ტიპის განახლებადი ენერგიის წყაროებზეც, მათ შორის ქარის ენერგიის გამოყენებაზეც მუშაობენ.

ქარის წისქვილების ისტორია 4000 წელზე მეტს ითვლის, თანამედროვე ქარის ტურბინები კი უკვე მრავალი წელიწადია, ნაყოფიერად გამოიყენება, მათ შორის – საქართველოშიც. ჰოდა, თუ ქარის ენერგიას ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ, რატომ არ უნდა მივახმაროთ პირქარი ელექტრომანქანებს, რომლებიც მოძრაობისას თვითონაც ქმნიან ქარს? ასე ფიქრობს ზურაბ ზურაბიშვილიც, რომლის ბოლო გამოგონება სწორედ ელექტრომობილებში ქარის ენერგიის გამოყენებას შეეხება. ბატონი ზურაბი სპორტის დამსახურებული ოსტატია ავტოსამოდელო სპორტში, მოსწავლეებთან ერთად ორჯერ აქვს მოგებული საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, არის უამრავი სიგელისა და დიპლომის მფლობელი, არაერთი გამოგონების ავტორი, მათ შორის "მოცეკვავე შადრევნის", საფეხბურთო მოედნის საშრობის, ქარის წისქვილის, რომელიც არა მარტო გამოიმუშავებს, ინახავს კიდეც ელექტროენერგიას... ასაკის (ბატონი ზურაბი 85 წლის არის. - რ.შ.) და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, დღემდე ჰყავს მოსწავლეები და რაც მთავარია, აქვს ახალი იდეები!

როგორც აღვნიშნეთ, ზურაბ ზურაბიშვილის ბოლო გამოგონება ელექტრომობილების ელემენტის ქარის ენერგიის გამოყენებით დამუხტვას ეხება. იდეა მარტივ პრინციპს ეფუძნება: წისქვილის ბორბლის ფორმის ფრთა ბრტყელ, წინა მხრიდან ნახევრად ღია დოლურაშია მოთავსებული. დოლურა ავტომანქანის სახურავზე მაგრდება ისე, რომ ღია მხარე მოძრაობის მიმართულებით იყოს მიმართული და ჰაერის ნაკადი "შეკრიბოს". რაც უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობს ავტომანქანა, მით უფრო სწრაფად შედის ჰაერის ნაკადი დოლურაში, უფრო სწრაფად ტრიალებს ფრთა და "დინამოც" მეტ ენერგიას გადასცემს აკუმულატორს.

ქარის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები სხვა ქვეყნებშიც დაუმზადებიათ. თუმცა თითქმის ყველა მათგანში ქარის ენერგიის გამომუშავებისთვის აუცილებელი ფრთები ავტომანქანის წინა ნაწილშია ჩამონტაჟებული და მანქანის მუდმივი ატრიბუტია, ზურაბ ზურაბიშვილის იდეა კი ქარის პორტატიულ გენერატორს წარმოადგენს, რომელიც მაგნიტებით მაგრდება ავტომობილის სახურავზე და სურვილის შემთხვევაში მისი მოხსნაც მარტივად შეიძლება.

ზურაბ ზურაბიშვილი: - ქარისგან ენერგიის მიმღების შექმნის იდეა ჩემმა შვილიშვილმა მომაწოდა. ფრთები ატრიალებს"დინამოს, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და მუხტავს აკუმულატორს. რაც შეეხება გამომუშავებულ ენერგიას, მოძრაობის სიჩქარის გარდა, ის გენერატორის სიმძლავრეზეც იქნება დამოკიდებული. რაც მთავარია, აპარატი დამზადებულია და მუშაობს, დანარჩენი კი ინჟინრების საქმეა. შენი შექმნილი აპარატი ელექტროძრავის ელემენტს 20%-ით მაინც თუ დამუხტავს, დიდი საქმე იქნებაო, მითხრეს, მაგრამ რატომ 20% და არა გაცილებით მეტი? ელექტრომანქანა ერთი დამუხტვით საშუალოდ 100-150 კილომეტრს გადის. თუ ამ მაჩვენებელს მოძრაობისას ქარის გენერატორის გამომუშავებული ენერგიაც დაემატება, შესაძლოა ეს მანძილი ორჯერ ან მეტჯერაც გაიზარდოს!

- თქვენი იდეა ძალიან საინტერესო უნდა იყოს ელექტრომობილების მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვისაც. არის დაინტერესება? - ოჯახის წევრებისა და რამდენიმე ახლობლის გარდა, ჩემი გამოგონება ჯერ არავისთვის მიჩვენებია. პირველად სწორედ თქვენი გაზეთის მეშვეობით ვლაპარაკობ ამ თემაზე სახალხოდ. იმედია, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც იდეა დააინტერესებთ და მისი საქმედ ქცევის სურვილიც ექნებათ და შესაძლებლობაც. თავადაც ხედავთ, რომ დანადგარი მუშაობს. თუმცა ამ ყველაფერს ზუსტი გაზომვები, ტექნოლოგიები, სპეციალური ხელსაწყო-დანადგარები სჭირდება და კვალიფიციური ინჟინერი თავისუფლად შეძლებს ქარის პორტატიული გენერატორის დამზადებას.

- სერიული წარმოების შემთხვევაში თვითღირებულებაც საკმაოდ დაბალი უნდა იყოს. - ერთჯერად ხარჯს თუ არ ჩავთვლით, ანუ უშუალოდ გენერატორის დამზადების ღირებულებას, მერე, ფაქტობრივად აღარ აქვს ხარჯი. რაც შეეხება თვითღირებულებას, ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, რამდენი შეიძლება იყოს აგრეგატის ფასი, თუმცა, ცხადია, სერიული წარმოების შემთხვევაში ის გაცილებით დაბალი იქნება. ძვირი ისედაც არ დაჯდება, რადგან არც რთული მექანიზმია და არც ბევრი დეტალი სჭირდება: ფრთები, კარკასი და "დინამოს" მოწყობილობა - ეს არის და ეს. ამ ხელსაწყოს პლუსი ისიც არის, რომ ავტომანქანა თან მოძრაობს, თან –ელექტროენერგიას გამოიმუშავებს თავისივე ელემენტისთვის. ვიმეორებ, ჯერ დასახვეწია ტექნოლოგიურად, თორემ შესაძლებელია აკუმულატორის ბოლომდე დამუხტვა არც გახდეს საჭირო. თუ მოვახერხებთ ელექტრომობილმა იმდენივე ენერგია გამოიმუშაოს, რასაც ხარჯავს, გამოვა, რომ უდანაკარგოდ იმოძრავებს და მაგალითად, თბილისიდან ბათუმში ერთი დამუხტვით ან ნახევრად დამუხტული ელემენტითაც შეძლებს ჩასვლას!

- არ აპირებთ თქვენი შექმნილი ქარის გენერატორის დაპატენტებას? - როცა გაზეთში დაიწერება, ფაქტობრივად, უკვე დაპატენტება არ იქნება?! მირჩიეს,– ჩინეთის საელჩოში მიდი, შენი გამოგონებით აუცილებლად დაინტერესდებიანო. შესაძლოა, მაგრამ უკეთესი არ იქნება, ჩვენ თვითონ გამოვიყენოთ?

- რით განსხვავდება თქვენი შექმნილი ქარის წისქვილი ქარის თანამედროვე ტურბინებისგან? - ჩემი დაპროექტებული ქარის ელექტროსადგური არა მარტო გამოიმუშავებს,"ინახავს კიდეც ელექტროენერგიას, რადგან ტვირთის ასაწევი მოწყობილობაც აქვს - ასწევს 100 ტონას ან მეტს და მაშინ ჩამოუშვებს, როცა დასჭირდება. უქარო ამინდში წისქვილი ძირს დაუშვებს სიმძიმეს, ანუ ქარის გარეშეც დაატრიალებს ფრთებს და დამატებით გამოიმუშავებს ელექტროენერგიას! არაერთი სხვა გამოგონების ავტორიც ვარ: ავაცეკვე შადრევანი, ნაძვის ხე, რობოტები. ჩემს მეგობართან, ლეგენდარულ მიშა მესხთან ერთად გავაკეთე საფეხბურთო მოედნის საშრობი, რომელიც 10 წუთში აშრობს მინდორს! საშრობი"საგორავის პრინციპზე მუშაობს - გადაადგილებისას მოედანს წურავს, აღებულ წყალს კი სპეციალურ ავზში აგროვებს და მოგვიანებით ღვრის. მეც ვიცი, რომ თანამედროვე სტადიონების უმეტესობას კარგი სადრენაჟო სისტემა აქვს, მაგრამ ძლიერი და ხანგრძლივი წვიმის დროს დრენაჟი სრულად ვერ უზრუნველყოფს მოედნის სიმშრალეს და ვფიქრობ, საშრობი სათადარიგო მოედნებისთვის მაინც გამოდგება.

საბჭოეთის პერიოდში კიკვიძის პარკში სპეციალური მოედანიც იყო ავტოსამოდელო სპორტისთვის. ბავშვებს აინტერესებდათ და დღემდე აინტერესებთ ეს საქმე, სავსეა ოთახი მათი გაკეთებული მოდელებით, მაგრამ ხელშეწყობა აღარ გვაქვს და თუ რამეს ვახერხებთ, ჩვენივე ხარჯით.

P.S. ბატონი ზურაბის იდეა მართლაც საინტერესოა: რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ქარის ენერგია ჩვენი ელექტროქარებისთვის" (ინგლ. ჩარ - ავტომანქანა)?!