რა ხდებოდა 80 საუკუნის წრიულ სამზარეულოებში - კვირის პალიტრა

რა ხდებოდა 80 საუკუნის წრიულ სამზარეულოებში

ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, იტალიაში საქმიანი ვიზიტით ვიყავი და სულ გაბრწყინებულმა ვიარე: იტალიელები მეუბნებოდნენ, საქართველოს ვერც სილამაზით და ვერც სამზარეულოთი ვერავინ შეედრებაო! ამაყად ვუთხარი, აბა, რა ჰგონიათ, 80 საუკუნის სამზარეულო როგორი უნდა იყოს-მეთქი! საოცარი შეგრძნებაა იმის მოსმენა, თუ რას და როგორ ამზადებდნენ ჩვენი წინაპრები თავიანთ წრიულ სამზარეულოებში 8000 წლის წინ.

მარნეულის ნამოსახლარებზე მოგითხრობთ, ოღონდ ღვინისა და თაფლის პირველობაზე არაფერს ვიტყვით - ეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის!

ცნობილი მეცნიერები, პალინოლოგი ელისო ყვავაძე და პალეობოტანიკოსი ნანა რუსიშვილი უძველესი ნამოსახლარების პროდუქტებს - მტვრის და მცენარეების გაქვავებულ ანაბეჭდებს უახლესი მეთოდებით იკვლევენ.

ელისო ყვავაძე: - შეიძლება უცნაურადაც ჟღერდეს ქვის ხანის სამზარეულოზე საუბარი, მაგრამ დღეისათვის მარნეულის ნეოლითურ, 8000 წლის ნამოსახლარებში აღებული მტვრის ნაშთი მართლაც მეტყველებს, რომ ეს ადამიანები მრავალფეროვან და სასარგებლო პროდუქტს მოიხმარდნენ. ამ ნამოსახლარებში 85 სახის მცენარის მტვერი გვაქვს შესწავლილი, რომელიც მიგვითითებს, რომ ხალხი პროდუქტს ერთბაშად კი არ ხარჯავდა, არამედ ინახავდა. ეს დგინდება კერამიკის ჭურჭლის ნაფხეკებით: თუ ამ მტვერში მარცვლეულთან ერთად ის მწერებიც აღმოჩნდება, რომლებიც ხანგრძლივად შენახულ მარცვლეულს ჭამენ, ესე იგი, ეს მარცვლეული დაჩრჩილული იყო. მოხარშულ კერძებში კი - იმდროინდელ ხორბლის ან ქერის ფაფებში - ასეთი მწერების ნაშთები არ არის.

- რა იცით, რომ ისინი ფაფებს ამზადებდნენ? - როდესაც მარცვლეული იხარშება, მცენარის მტვერთან ერთად აუცილებლად რჩება კვამლის მტვერი, რომელშიც იმ შეშის უჯრედებია, რომლის ცეცხლზეც ფაფა იხარშება. ცდებიც მაქვს ჩატარებული - რამდენიმე სახეობის შეშის კვამლი გამოვიკვლიე და ყველაში იმ შეშის უჯრედები იყო, რომელიც იწვოდა. ხორბლისა და ქერის ფაფების მტვერთან ერთად, ცხადია, ნამოსახლარებში მატიტელას, ღიღილოს, ნარშავის, ხვართქლას მტვერიც აღმოჩნდა. კერამიკული ქოთნების ანაფხეკებზე შეგვხვდა მოხარშული ჭინჭრისა და ნაცარქათამას მტვერი. ეკალას მტვერიც კი აღმოვაჩინეთ.

- წარმოვიდგინე, რომ ეკალას ფხალი ნიგვზით იყო... - არ ვიცი, მაგრამ 8000 წლის წინ ნიგოზსა და თხილს რომ მიირთმევდნენ, ამას მათი მტვრის აღმოჩენაც მოწმობს. რაც შეეხება მოხარშულ ხორცს, ამ სამზარეულოში მის აქტიურობას მისი ცხიმის მტვერი ადასტურებს - ცხიმი ხომ ყოველთვის კარგად ინახება. ხოლო რა ხორცს მიირთმევდა ეს ხალხი, ნაკელის სოკოს სპორის მტვერი მოგვითხრობს. ნაკელის სოკოს სოფლებში დღესაც კარგად იცნობენ - ის მხოლოდ მცოხნელი ცხოველების ნაკელზე ამოდის, ვინაიდან ამ ნაკელში გადაუმუშავებელი ბალახის კვალია.

ნანა რუსიშვილი: - ამ თემამ პირველად მაშინ დამაინტერესა, როცა ამ პერიოდის ნამოსახლარების ალიზის აგურს შესასწავლად ვრეცხავდი და უცებ თავთავის ანაბეჭდი შევნიშნე. მაშინ 80 საუკუნის თავთავის ანაბეჭდის ასე მკაფიოდ შენახვა საოცრებად მომეჩვენა, მაგრამ მერე ამ ანაბეჭდებით უძველესი ქართული ხორბლის ჯიშების დადგენა შევძელით. 8000 წლის წინ ხალხი სახლებს ადგილობრივი ალიზის აგურით აშენებდა და რადგან ალიზი შესადუღაბებლად ცოტა ძნელი იყო, მასში ნამჯას ურევდნენ. სწორედ ამ ნამჯით ხვდებოდა თავთავი სველ ალიზში და აღიბეჭდებოდა. ასეთ აგურებზე ოსპის, ბარდის და უგრეხელის ანაბეჭდებიც არსებობს. ასევე მჟაუნისა და ღოლოს თესლიც გვხვდება. მათ ბევრი თანამედროვე სამზარეულოშიც სიამოვნებით ამზადებს. აი, 5000 წლის სამარხებში კი მხოლოდ ანაბეჭდები კი არა, უკვე ნამდვილი პროდუქტი გვხვდება. მაგალითად, ანანაურის 5000 წლის სამარხში სასწაულები აღმოჩნდა. სამარხს მეტრნახევრიანი სისქის კედლები ჰქონდა და შიგ ტომრებით იყო წაბლი და თხილი. მართალია, შიგთავსი უკვე გამომშრალი ჰქონდა, მაგრამ გარეგნულად სრულიად დაუზიანებელი იყო. თხილი, ფაქტობრივად, დღევანდელი ტყის თხილი გახლდათ, წაბლი კი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც დღევანდელია, თუმცა ყველაზე დიდი საოცრება ამ სამარხის ცოცხალი წითელი კენკროვანი აღმოჩნდა. ისეთი მძაფრი სურნელი ჰქონდა და ისე გამოიყურებოდა, ერთმა არქეოლოგმა გასინჯვაც მოინდომა, თუმცა, არ დაანებეს - არ ვიცოდით, რომელი დაავადებით იყო გარდაცვლილი ამ სამარხის "მკვიდრი". მე მარწყვი მეგონა, მაგრამ ონტკოფა აღმოჩნდა.

5000 წლის ხილი დაუჯერებლად მეჩვენებოდა, მერე კი ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, ონტკოფა თაფლში იდო და იმიტომ შეინარჩუნა ასეთი სურნელი.

- ანუ, ეს იყო თაფლიანი მურაბა?! - სავარაუდოდ, ასეა და მისი დამზადების ცოდნა უძველესი წარსულიდან მოდის... იმერეთში უკვე მეექვსე საუკუნის ქვევრის კერამიკაზე ერთდროულად ლეღვის, მაყვლის, ყურძნისა და ჭიაფერას წიპწის ნაშთები აღმოვაჩინეთ. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი პირველი ხილის ღვინო გახლდათ, რომელიც ქვევრში დაადუღეს.