"იკითხა, ეკიპაჟში ქართველი ხომ არ გყავთო? - მე ვარ-მეთქი - როგორ ვნატრობდი ქართველებთან შეხვედრასო, - ქართულად დამელაპარაკა" - კვირის პალიტრა

"იკითხა, ეკიპაჟში ქართველი ხომ არ გყავთო? - მე ვარ-მეთქი - როგორ ვნატრობდი ქართველებთან შეხვედრასო, - ქართულად დამელაპარაკა"

"ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე ზღვამ, ძლივს დავამთავრე პირველი პრაქტიკა, რომელიც 3 თვეს გრძელდებოდა. მახსოვს, გემიდან ჩამოსვლისას დედაჩემმა რომ დამინახა, გული წაუვიდა - 47 კილოგრამი წავედი და 37 ჩამოვედი"

შორეული ნაოსნობის კაპიტანი ანზორ დიასამიძე 31 წლის განმავლობაში ცურავდა, ახლა კი ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის ხელმძღვანელია და ცოდნასა და გამოცდილებას დამწყებ მეზღვაურებს უზიარებს.

- ჩვენი ოჯახი ზღვიდან ერთ კილომეტრში ცხოვრობდა. 8 კლასის დამთავრების შემდეგ საზღვაო სასწავლებელში ჩავირიცხე. ეს იყო 1967 წელი, მაშინ 15 წლის ვიყავი. ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე ზღვამ, ძლივს დავამთავრე პირველი პრაქტიკა, რომელიც 3 თვეს გრძელდებოდა. მახსოვს, გემიდან ჩამოსვლისას დედაჩემმა რომ დამინახა, გული წაუვიდა - 47 კილოგრამი წავედი და 37 ჩამოვედი.

ოჯახი სულ მიჩიჩინებდა, რა ზღვა აგიტყდა, შენს გვარში მეზღვაური არავინ ყოფილაო, მაგრამ ჟინიანობამაც თავისი ქნა ჩემს მეზღვაურად ჩამოყალიბებაში. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის შემდეგ ბაქოსა და ოდესის უმაღლეს საზღვაო სასწავლებლებშიც ვსწავლობდი, 1987 წელს კი შორეული ნაოსნობის კაპიტანი გავხდი. ზღვასთან ჭიდილი არ არის ადვილი არც ფსიქოლოგიურად, არც ფიზიკურად, სიმტკიცე სჭირდება შტორმებსა და ცუდ ამინდთან გამკლავებას, გარდა ამისა, კიდევ ბევრ სირთულეს აწყდები - აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ რომ მიდიხარ, ორ დღეში ერთხელ, ხანდახან ყოველდღიურადაც, დრო იცვლება. ბათუმიდან კუბაში რომ ჩახვიდე, სულ ცოტა, 8-ჯერ მაინც უნდა გაასწორო საათზე დრო. ეს 8 საათი ყირამალა აყენებს დღის წესრიგს - უძილობა, უმადობა, მაგრამ იწრთობი. მერე ასეთ ცხოვრებას იმდენად ეჩვევა ორგანიზმი, 9-თვიანი მუშაობის შემდეგ, ხმელეთზე 3-თვიანი დასვენების დროს, ნოსტალგია გეწყება.

- პირველი შორეული რეისი თუ გახსენდებათ... - პირველი რეისი იყო 100-ტონიანი გემით "ლენინსკი", საფრანგეთის საპორტო"ქალაქ ჰავრში უნდა ჩავსულიყავით. ბოსფორის სრუტის გავლით წავედით.

- ბევრს არ ერგებოდა საზღვარგარეთ ცურვის პატივი. - ბაბუის ბაბუით იწყებდნენ და ოჯახის ჩათვლით ყველას გვიმოწმებდნენ. იმ პერიოდში ყველაზე ხშირად მეზღვაურები გადიოდნენ საზღვარგარეთ. პირველი უცხოელი, რომელიც ვნახე, თურქი იყო, რომელმაც ბოსფორის სრუტეში გაგვატარა გემით. 1968 წელი იყო, რუსულ ეკიპაჟთან ერთად 4 ქართველი ვიყავით. უცხოელებთან ურთიერთობას არ გვიკრძალავდნენ, ოღონდ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ ნორმებს არ უნდა გადასულიყავი. იმ თურქმა იკითხა, ვინმე ხომ არ გყავთ ქართველიო? - მე ვარ-მეთქი, -  თურქეთში მცხოვრები ქართველი აღმოჩნდა. ვნატრობდი ქართველებთან შეხვედრას და აი, სად გნახეთო. ქართულად დამელაპარაკა. ძველი ქართულით, ხულო-შუახევ-ქედის კილოკავზე.

- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი? - ჯობია, მკითხოთ, რამდენ ქვეყანაში არ ვყოფილვარ: ინდონეზიაში, კორეაში, ჩილეში. საოცარი ხალხი ცხოვრობს არგენტინაში, ბრაზილიაში, ბულგარელებიც ჩვენი ყაიდისანი არიან, იტალიელები - სუფთა ქართველები, ჩვენსავით ფიცხი, მყვირალა, ხმაურიანები.

- მეკობრეებს თუ შეხვედრიხართ? - მეკობრეები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანებში გამოჩნდნენ. მე არასდროს გადავყრივარ.

- რომელმა ხალხებმა დაგამახსოვრეს თავი? - ევროპაში შვედებმა, უნიკალური ხალხია დანიელებიც. სტუმართმოყვარეები. ამერიკაში - ბრაზილიას, არგენტინას გამოვყოფდი, აფრიკაში - არც ერთს, ძნელია მათთან მუშაობა. ალბათ, სიღარიბის გამო მოტყუება, მოპარვა, გამოძალვა მათი საქმეა, თუ მომენტი ნახეს, შეიძლება ფეხიც მოგაჭრან. ეს არ ეხება მხოლოდ ქუვეითსა და საუდის არაბეთს. აზიაში ჩინეთი მახსენდება განსაკუთრებულად, იქ 7-8 თვეს დავყოვნდით, გემს არემონტებდნენ. რომ გაიგებდნენ, ქართველები ვიყავით, ფეხზე დგებოდნენ. აღფრთოვანებით ამბობდნენ, სტალინი თქვენი თანამემამულეაო.

ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი ქვეყნის კერძი დავაგემოვნე. ყველაზე უცნაური საკვები ჩინეთში ჰქონდათ. ჩინელი ყველაფერს ჭამს, რაც ხმელეთზე მოძრაობს, ყველა ზღვის პროდუქტს და რაც დაფრინავს.

20 წელია ზღვაში არ გავსულვარ და ძალიან მენატრება. ახლაც მესიზმრება, როგორ მიაცილებენ ჩვენს ტანკერს დელფინები. იცით, რა მახარებს, ჩემი შვილიშვილი, ანზორ დიასამიძე-უმცროსი ამბობს, ბაბუას რომ ჰყავდა, იმისთანა დიდი გემის კაპიტანი უნდა გავხდეო. ვნახოთ...