"ერთთვიან მუხლჩაუხრელ შრომაში 30 კილოგრამი დავიკელი" - კვირის პალიტრა

"ერთთვიან მუხლჩაუხრელ შრომაში 30 კილოგრამი დავიკელი"

"თურქეთში ჩაის იმხელა მოსავალი მოდის, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ერევა და ამიტომ სჭირდებათ სხვების დახმარება, ძირითადად, საქართველოდან მიდიან. ჩვენ გარდა, სირიელებიც იყვნენ. ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა. სკოლის მოსწავლეებიც მუშაობდნენ"

ზაფხულობით ქართველები თურქეთში, ძირითადად, ჩაის ან თხილის საკრეფად გადადიან და მუშათა ბირჟაზე დამქირავებლის მოლოდინში ზოგჯერ რამდენიმე დღე უწევთ ლოდინი. მუხლჩაუხრელი შრომით მცირეოდენ თანხას აგროვებენ და სახლში ბრუნდებიან. დათო თვალავაძე თურქეთში ჩაის საკრეფად ორჯერ იყო და იქ გატარებული დღეების შესახებ მოგვითხრობს.

- სამტრედიაში ვცხოვრობ. მეუღლე, ორი ბიჭი, რძლები და უკვე ოთხი შვილიშვილი მყავს. შეიარაღებულ ძალებში 10 წელი ვიმსახურე. 50 წელი რომ შემისრულდა, გამომიშვეს. საქართველოში ჩაის თითო-ოროლა ფაბრიკაა შემორჩენილი, ამიტომაც წავედი თურქეთში. ჩაი არასოდეს მომიკრეფია, იქ კი უცოდინარი არავის სჭირდები, პლანტაციებს არ გაგაფუჭებინებენ. ვისთან ერთადაც ვიყავი 4-კაციან ბრიგადაში, იმათ ჩემი თავი დამსაქმებლებს გამოცდილ მკრეფავად გააცნეს და თან მასწავლეს, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. საქმე 2-3 დღეში ავითვისე. ისინი თუ 300 კილოგრამს კრეფდნენ, 200 მეც მიგროვდებოდა.

- როგორი პირობები იყო? - დილის 7 საათიდან 6 საათამდე ვმუშაობდით. იყო შემთხვევები, როცა უფრო ადრეც ვიწყებდით. დღიურად 250-300 კილოგრამი უნდა მოგეკრიფა. ავდრის მიუხედავად, სამუშაოზე მაინც გავდიოდით. რაც უნდა მომხდარიყო, მთელი დღე არ გაგაჩერებდა დამსაქმებელი.

- ანუ მთელი დღე მშივრები იყავით?

- არა, შუადღეს ვსადილობდით. შევისვენებდით და ისევ სამუშაოზე გავდიოდით. სიცხეში რომ დგახარ, წყალი უნდა დალიო. სითხეს რომ მიიღებ, ფაქტობრივად, სველი ხარ და 2-3-ჯერ ვიცვლიდით ტანსაცმელს. ერთთვიან მუხლჩაუხრელ შრომაშDი 30 კილოგრამი დავიკელი. ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვიყავი, ჭამის თავიც აღარ მქონდა, მაგრამ იძულებული ვიყავი, რომ მეორე დღისთვის მქონოდა ენერგია. თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ჩემ უკან დიდი ოჯახი იდგა. საღამოს 6-ზე მუშაობას რომ დავამთავრებდით, თუკი ფერდობი იყო, ზურგით ვეზიდებოდით დაკრეფილ ჩაის. ზოგ ადგილას თვითონ აგვარებდნენ ამ პრობლემას, მაგრამ ზოგჯერ ძალაგამოცლილებს გვიხდებოდა ჩაის გადაზიდვა.

- დამსაქმებლები როგორ გეპყრობოდნენ? - არ მახსოვს, რომ შეურაცხყოფა მოეყენებინოთ. უბრალოდ, ზარმაცები არ უყვართ, იქ ყველა შრომობს. დილას მანქანით მოგვაკითხავდნენ და მერე თვითონვე გვაბრუნებდნენ. თუკი ვერ ახერხებდნენ, ტაქსით გვიშვებდნენ და მგზავრობის ხარჯსაც გვინაზღაურებდნენ. ზოგ დამსაქმებელს თვითონ მოჰქონდა საჭმელი ან ოჯახში გვიშლიდნენ სუფრას.

- დაახლოებით რა თანხა გამოგდიოდათ დღიურად? - მე 2017 წლის მაისში ვიყავი.

დღიურად, ჩვენი ვალუტით თუ ვიანგარიშებთ, სადღაც 70-80 ლარი გამომდიოდა. ამით ვიხდიდი ბინის, კვების და კომუნალურების ფულს, 40 ლარამდე კი მრჩებოდა.

მეორეჯერაც წავედი, მაგრამ მხოლოდ ათი დღე მომიწია ყოფნამ, რადგან ჩაი ბევრი აღარ იკრიფებოდა.

თურქები უდიდეს ყურადღებას აქცევენ სოფლის მეურნეობის განვითარებას, მაგრად უდგას გვერდში სახელმწიფო ყველას.

- თურქებისთვის ქართველები იაფი მუშახელია? - იმხელა მოსავალი მოდის, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ერევა და ამიტომ სჭირდებათ სხვების დახმარება, ძირითადად, საქართველოდან მიდიან. ჩვენ გარდა, სირიელებიც იყვნენ. ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა. სკოლის მოსწავლეებიც მუშაობდნენ.

- თავისუფალი დრო ან დასვენების დღე თუ გქონდათ? - დასვენების დღე არ არსებობდა. შეიძლებოდა კლიენტი არ ყოფილიყო იმ კონკრეტულ დღეს და მაგ შემთხვევაში პლანტაციებში არ გავსულიყავით, რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა. სამუშაოდან რომ ვბრუნდებოდით, შემდეგი დღისთვის 2-3 ხელი გამოსაცვლელი ტანსაცმელი უნდა გაგვერეცხა და გაგვემზადებინა. საღამოს ვივახშმებდით და ტელევიზორს ვუყურებდით. სულ ეს იყო ჩვენი თავისუფალი დრო. ტელევიზორთან რამდენჯერ ჩაგვძინებია. ცენტრალურ გზაზე კი ვცხოვრობდით და ქალაქის დათვალიერება შეიძლებოდა, მაგრამ ადრე უნდა დავწოლილიყავით, რომ მეორე დღეს 6-ზე ავმდგარიყავით. ზღვა ძალიან ახლოს იყო, მაგრამ არ გვეცალა გასასვლელად. მხოლოდ წამოსვლის წინადღეს მოვახერხეთ, რომ გასახსენებლად რაღაც მაინც გვქონოდა.

- წასვლას კიდევ აპირებთ? - ბათუმისკენ მომავალ ავტობუსებს რომ ვუყურებდი, ცრემლები მომდიოდა. მაშინ პატარა შვილიშვილი მყავდა, მერე მეორეც დაიბადა. ახალი წევრი შეემატა ოჯახს, მე კი მის სანახავად ვერ ჩამოვდიოდი. თურქეთში წასვლას აღარ ვაპირებ. მაშინ უმუშევარი ვიყავი, ახლა უკვე სახელმწიფო სამსახურში ვარ, რკინიგზაში დავიწყე მუშაობა.

ნათია სიბაშვილი