თბილისი, ქალაქი, რომელსაც უყვარხართ! - კვირის პალიტრა

თბილისი, ქალაქი, რომელსაც უყვარხართ!

"მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ომი გადაიტანეთ და დღესაც საომარ ვითარებაში ხართ, მაინც მიგვაჩნია, რომ საქართველო უსაფრთხო, ამასთან, უნიკალური, ძალიან ძველი და საინტერესო ქვეყანაა"

ტურიზმი დასვენებას, დროის გატარებას ან ბიზნესმიზნებით მოგზაურობას ნიშნავს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს ამგვარად განმარტავს: ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით. მაინტერესებდა, რა მოსწონთ ან რა პრობლემები ექმნებათ ტურისტებს საქართველოში და, ძირითადად, რომელი ქვეყნიდან გვსტუმრობენ. მოვიმარჯვე ფოტოაპარატი, ზურგჩანთა და თბილისის ძველ უბნებს დავუყევი.

პირველად რუსი ცოლ-ქმარი შემხვდა. სულ რაღაც 2 თვის შეუღლებული ყოფილან, საქორწინო მოგზაურობაში სურდათ წასვლა და ვერ აერჩიათ, სად უნდა დაესვენათ. "საქართველო რომ დავგუგლეთ, ძალიან მოგვეწონა, ჩვენმა მშობლებმა გაიგეს, სად მივდიოდით და გადაირივნენ, რამდენიც გინდათ, იმდენ ფულს მოგცემთ, ოღონდ მაგ ქვეყანაში არ წახვიდეთო. სიმართლე გითხრათ, ამ წინააღმდეგობამ უფრო მეტად მოგვანდომა წამოსვლა. მეგობრებმაც შეიცხადეს, არ იცით, რა ქვეყანაში მიდიხართ, შეიძლება ცოცხლები ვეღარ დაბრუნდეთო. მოკლედ, მაინც წამოვედით და არც ვნანობთ. ახლა სურათებს რომ ვგზავნით, მეგობრები სულ იმას გვწერენ, ხომ არ გვატყუებთ, ნამდვილად საქართველოში ხართო? შინ რომ დავბრუნდებით, აუცილებლად ვურჩევთ, რომ ჩავიდნენ საქართველოში და საკუთარი თვალით დარწმუნდებიან, რომ სამოთხეში მოხვდნენ. ეს არაჩვეულებრივი ქვეყანაა, ძალიან კარგი ადამიანებით. ბევრი სუვენირი შევიძინეთ და როცა ჩავალთ, მეგობრებს დავურიგებთ. ერთადერთი, რაც არ მოგვწონს, საპირფარეშოების ნაკლებობაა".

ჯეიმზის ოჯახი 8 წელია მსოფლიოში მოგზაურობს. შუახნის ცოლ-ქმარი ოჰაიოს შტატიდან არის. მათი დაკვირვების ობიექტში ამჯერად საქართველო მოხვდა."

"ზოგადი წარმოდგენა გვქონდა თქვენს ქვეყანაზე, მაგრამ ასეთი სილამაზე თუ დაგვხვდებოდა, არ გვეგონა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ომი გადაიტანეთ და დღესაც საომარ ვითარებაში ხართ, მაინც მიგვაჩნია, რომ საქართველო უსაფრთხო, ამასთან, უნიკალური, ძალიან ძველი და საინტერესო ქვეყანაა. ჩვენმა ქართველმა მასპინძელმა კახეთში წაგვიყვანა, რამდენიმე სოფელი ფეხით მოვიარეთ, ფერმერები გავიცანით. ისე დავინტერესდით, რომ ფიქრი დავიწყეთ, თუ ფინანსური რესურსი გვეყოფა, რამდენიმე წლით აქ დავსახლდებით".

პეტერ მარშალს საქართველოში მოგზაურობა მეგობარმა ურჩია, მერე მან ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია და გადაწყვიტა, 5 მეგობართან ერთად თბილისში ჩამოსულიყო. პრაღაში დაბრუნებას მალევე გეგმავდნენ, მაგრამ საქართველო ისე მოეწონათ, გადაწყვიტეს, კიდევ რამდენიმე დღე დარჩენილიყვნენ.

"ექვსი დღეა, რაც აქ ვართ. ჯერ დავათვალიერეთ ყაზბეგი, შემდეგ თბილისი. თუ შევადარებთ ტრანსპორტის, განსაკუთრებით კი ტაქსის ან პროდუქტის ფასებს, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასთან შედარებით ბევრად იაფი ქვეყანაა. მოგვწონს კულტურული ძეგლები, მდიდარი ისტორია გაქვთ".

იაპონელი ჰოკვან იუნგი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ხარისხთან ერთად, დაცულობაა: "რატომ ავირჩიე საქართველო? ის ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ნაზავია. ძალიან მომეწონა ქართული ეკლესიები და, რა თქმა უნდა, ღვინის კულტურა. არ მომეწონა სასტუმროს ფასები, ვფიქრობ, რეალურს აცდენილია, თუმცა შეგიძლია საოჯახო ტიპის სახლის ქირაობა, რაც ბევრად იაფია"."

თბილისის ძველ უბნებში გასეირნება დავამთავრე, რომ კიდევ ერთ ტურისტს, პოლონელ მარტა მალინოსკაიას გადავაწყდი, რომელიც როგორც თავად მითხრა ბათუმიდან ახალი დაბრუნებული იყო. "ბათუმი ძალიან ლამაზი საპორტო ქალაქია, თბილისი კი ჯერ სრულად არ დამითვალიერებია, მაგრამ რაც ვნახე, მომეწონა. კარგია, რომ თქვენს პატრულს ენის ბარიერი არა აქვს, თავაზიანები არიან და თუ გზა აგებნა, აუცილებლად დაგეხმარებიან. თავს დაცულად ვგრძნობ. ძალიან მომწონს, ქუჩაში ბევრ შეყვარებულ წყვილს რომ ვხედავ. მალე სიღნაღში ვაპირებ წასვლას, როგორც მითხრეს, ის სიყვარულის ქალაქია. რა არ მომწონს? ქუჩაში ბევრი ითხოვს მოწყალებას, ბავშვებთან ერთად დადიან და ფულს ითხოვენ. ვისურვებდი, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს".

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! ეს თბილისია, ქალაქი, რომელსაც უყვარხართ.

ზურა სოლომნიშვილი