ერთხელ ინტერვიუში ჰკითხეს, ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალიო? - უმალ უპასუხა, ჩემი მეუღლეო! - არჩილ სულაკაურის "სიყვარულის სიზმარი" - კვირის პალიტრა

ერთხელ ინტერვიუში ჰკითხეს, ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალიო? - უმალ უპასუხა, ჩემი მეუღლეო! - არჩილ სულაკაურის "სიყვარულის სიზმარი"

ერთადერთხელ შევხვდი, მისივე ოჯახში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ოღონდ მაშინ ინტერვიუ არ ჩამიწერია - მისი ოჯახის წევრებს ვსტუმრობდი და ინტერვიუც შვილიშვილებისგან ავიღე რადიოს საყმაწვილო რედაქციის გადაცემისთვის. მოგვიანებით კი... ოჯახს რამდენჯერმე ვეწვიე, სამწუხაროდ, თვითონ უკვე გარდაცვლილი იყო, გამომცემლობა "პალიტრა L"-ში მისი წიგნი უნდა გამოგვეცა. ძირითადად, მის მეუღლესთან და ვაჟებთან ვურთიერთობდი და მასზეც ბევრი საინტერესო ამბავი მოვისმინე. სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ ჩემი სამეგობროს სამთო ჰიმნად ქცეული სიმღერა - "ჩემი ჟღალი მიმინო" მის ლექსზე იყო დაწერილი.

მერე და მერე კი ძალიან დამწყდა გული, ის ერთადერთი შანსი რომ არ გამოვიყენე და არჩილ სულაკაურს არ გავესაუბრე. ასე დამრჩა სანანებლად "სალამურას თავგადასავლისა" და "ოქროს თევზის", "ბიჭი და ძაღლისა" და "ლუკას", კიდევ ძალიან ბევრი საყვარელი ნაწარმოების ავტორის ახლოს გაცნობის შესაძლებლობა.

ფოტოგალერეა

"ამაყი იყო! დიახ, ამაყი, ზნეკეთილი, უღალატო და უკომპრომისო, ნორმა და ნამუსი კაცობისა, ვაჟკაცობისა, ქედუხრელობისა. მასთან სიახლოვე კათარზისის დარ შედეგს იძლეოდა, ამას ყველა აღიარებდა, დიდი თუ პატარა. მასთან მეგობრობა, მისი ყურადღების დამსახურება უკვე აღიარებას ნიშნავდა, კაცობის ემბაზში განბანვას და გაკეთილშობილებას. ასეთი გახლდათ არჩილ სულაკაური, ღირსეული მწერალი, მოქალაქე, საზოგადო მოღვაწე", - ეს სიტყვები გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" 2002 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ დაიბეჭდა... სამწუხაროდ, საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა მისი ოჯახის ამბავიც - ბატონი არჩილის ორი ვაჟი - მწერალი გიგი სულაკაური და მხატვარი ლაშა სულაკაური მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში დაიღუპნენ, ორივე - საოცრად ნიჭიერი და ორივე - ახალგაზრდა ასაკში; გარდაიცვალა ქალბატონი მერიც - არჩილ სულაკაურის მეუღლე... საბედნიეროდ, გიგისა და ლაშას დანატოვარი განაგრძობს ცხოვრებას - მეუღლეები რუსუდანი და თეა, შვილები - გიორგი, ლუკა, მატასი და მათი შვილები... არჩილ სულაკაური

მახსოვს, წლების წინ, ერთ-ერთი სტუმრობისას, ჩავეკითხე და, არჩილ სულაკაურის მეუღლემ, ქალბატონმა მერიმ მიამბო, სად და როგორ გაიცნო, როგორ შეიყვარა მომავალი თანამეცხედრე... თურმე, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს შემოკრებილი ჰყავდა ახალგაზრდა მწერლები: არჩილ სულაკაური, ნოდარ დუმბაძე, თამაზ და ოთარ ჭილაძეები, მოგვიანებით კი - მუხრან მაჭავარიანი. "ჩემი ბიჭებიო", - ასე ეძახდა მათ და, თუ რაიმე საღამო იმართებოდა, ყველგან ეს ბიჭები გამოდიოდნენ. იმხანად ძალიან მოდური ყოფილა და ბევრს უყვარდა არჩილ სულაკაურის ლექსები - "ნუ გათათრდები" და "ქართლის გზაზე" - "ქართლის ბაღები, მზიანი, ოქროფერილი ყანები, უხვი და ბარაქიანი..." მოკლედ, ბატონი არჩილი ძალიან პოპულარული ყოფილა. არჩილი და მერი

ქალბატონი მერი კი ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და არჩილ სულაკაურიც უნივერსიტეტში გააცნეს. "გაცნობისთანავე არ შემყვარებია", - მითხრა მაშინ მერი სულაკაურმა, - "მეც ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და როდესაც მითხრეს, - არჩილს მოსწონხარო, ისიც იმ თაყვანისმცემელთა სიაში "ჩავწერე". ერთხელაც, შინ გამაცილა. გზად ბევრ თემაზე ვისაუბრეთ - ყოფითზეც და პოეტურზეც. მაგალითად, იმ საღამოს არჩილმა გალაკტიონის პოეზია სულ სხვაგვარად დამანახვა და მაშინ აღმოვაჩინე, რომ თვითონაც ყველასგან განსხვავებული იყო.... მეოთხე კურსზე ვსწავლობდი, როცა შევუღლდით. ის უკვე ასპირანტურაში სწავლობდა. შემდეგ სიმონ ჩიქოვანმა მიიწვია ჟურნალ "მნათობში", მერე შვილებიც შეგვეძინა - გიგი და ლაშა"...

მისგან, თურმე, ხმამაღალ სიტყვას ვერავინ გაიგონებდა. ქალბატონი მერიც საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ყოფილა, მაგრამ მაინც ხშირად აფრთხილებდა: მერი, ბავშვები ისე გაზარდე, სხვა ქალებივით წივილ-კივილი არ დაუწყოო. მარცხნიდან მარჯვნივ: თამაზ ჭილაძე, ნოდარ ჩხეიძე, არჩილ სულაკაური და ნოდარ დუმბაძე

მერი სულაკაურიც შეეჩვია იმ ამბავს, რომ არჩილ სულაკაური ყოველთვის გამორჩეული იყო. ბევრი ჯილდო, მათ შორის - რუსთაველის პრემია მწერალთა შორის ერთ-ერთ პირველს სწორედ მას მიუღია. არჩილ სულაკაურის ნაწარმოებები ხშირად იბეჭდებოდა, ხოლო მისი "სალამურას თავგადასავალი" ისეთი პოპულარული გამხდარა, რომ უამრავ ენაზე უთარგმნიათ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ ყველაზე პოპულარული ქართველი მწერლის მსოფლიო მნიშვნელობის ჯილდოც - "ოქროს საწმისი" ნოდარ დუმბაძისა და არჩილ სულაკაურისთვის გადაუციათ. ესეც მერი სულაკაურისგან შევიტყვე და ისიც, ბატონი არჩილის 50 წლისთავზე მისთვის ოტია იოსელიანს წერილი რომ მიუძღვნია - "პირველთაგან თანატოლთა შორის". ამ უკანასკნელს სწორედ იქ აღუნიშნავს: არჩილი ჩვენი წინამძღოლი იყოო... თურმე, მწერალს შექსპირის "ჰამლეტი" თავიდან ბოლომდე ზეპირად სცოდნია. არჩილ სულაკაური მეუღლის ლიტერატურულ გემოვნებასაც ძალიან აფასებდა და რჩევასაც ყურად იღებდა ხოლმე.

ერთ-ერთ რუს ჟურნალისტს ინტერვიუში - "10 შეკითხვა მწერალს" მისთვის უკითხავს: ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალიო? - უმალვე უპასუხია: ჩემი მეუღლეო! ქალბატონ მერის უსაყვედურია კიდეც, ეგ როგორ უთხარიო? ნოდარ დუმბაძე და არჩილ სულაკაური

მახსოვს, ამ ამბავს რომ იხსენებდა, ქალბატონმა მერიმ დააყოლა, - არჩილი ყოველთვის ცდილობდა, ჩემთვის ესიამოვნებინა... მეგონა, სულ ასე იქნებოდა... საშინლად გარდაიცვალა... გვიანობამდე მუშაობდა, მე უკვე ვიწექი. ცუდად ვარო, - და თვითონაც დაწვა. წამოვდექი. ვიფიქრე, - დავხედავ-მეთქი. სამწუხაროდ, შინ ნიტროგლიცერინიც არ აღმომაჩნდა, ტელეფონიც გათიშული იყო... ყველაფერი ისე მოხდა, თითქოს იმ ღამეს უნდა "წასულიყო". არადა, არაფერი აწუხებდა, არც უავადმყოფია, თუმცა რამდენიმე დღით ადრე თამაზ ჩხენკელისთვის უთქვამს: მივდივარო... იმ პერიოდში უამრავი პატარ-პატარა სიუჟეტით დატვირთულ დიდ მოთხრობას - "სეფე დავლეს" წერდა და შეიძლებოდა, ის რომანადაც ექცია. თითქოს ჩქარობდა. ერთხელ მითხრა კიდეც: იმ მოთხრობის რაღაც ნაწილი დავასრულე და უჯრაში ჩავდეო, - მსგავსი რამ არასდროს უთქვამს. მოგვიანებით მაგიდაზე ვნახე მისი უკანასკნელი ლექსები: "კაფე "თბილისის" ნოსტალგია" და "აჰა, გასრულდა ეს ბოლო ლექსიც, დავხურე კარი და დარაბები. გარეთ მთიბავის სიმღერა მესმის, მოდის, მოცელავს... სხვა არაფერი..." თითქოს ნელ-ნელა ემზადებოდა წასასვლელად, მაგრამ... მე რატომ არაფერი მითხრა?.. 70 წლის იყო. იცით, რა ბედნიერი ვიყავი მასთან?

იხილეთ ფოტოგალერეა

ირმა ხარშილაძე

პ.ს.

"მინდა, ზვრები გაზაფხულის/ ღრუბელს მოვაწვიმინო.

ვაი, როგორ გაფრენილა/ ჩემი ჟღალი მიმინო?!

მივდივარ და სად მივდივარ,/ სადაური საითა?

ლელო ერთხელ გავიტანე,/ განა კიდევ გავიტან?!

გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე/ მოგუგუნე ზარები

და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ/ ჩამოვხსენი კარები.

მხოლოდ ერთხელ აღვაშენე/ სვეტიცხოვლის ტაძარი

და ლაშქარი დიდგორისკენ/ მხოლოდ ერთხელ დავძარი.

მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა/ სიყვარულის სიზმარი

და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ/ კარნი სამოთხისანი.

მინდა, ზვრები გაზაფხულის/ ღრუბელს მოვაწვიმინო,

ვაი, როგორ გაფრენილა/ ჩემი ჟღალი მიმინო?!

სადაური სად გაფრინდა,/ ვის ცერზე ზის ტიალი,

ვის შეუდგა და ვის ასმევს/ შარბათს ოქროს ფიალით?

ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს/ მოგუგუნე ზარები

და დარუბანდს ახლა ერთხელ/ მან ჩამოხსნას კარები!

ახლა სხვამან აღაშენოს/ სვეტიცხოვლის ტაძარი

და ლაშქარი დასძრას დიდგორს,/ როგორც ერთხელ დავძარი!

ახლა სხვასაც დაესიზმროს/ სიყვარულის სიზმარი

და განეხვნეს ერთხელ სხვასაც/ კარნი სამოთხისანი!

მინდა, ზვრები გაზაფხულის/ ღრუბელს მოვაწვიმინო,

ვაი, როგორ გაფრენილა/ ჩემი ჟღალი მიმინო!

(სპეციალურად საიტისთვის)