"ამდენი ქალი მოსწონდა და უყვარდა, მაგრამ..." - თბილისის მოტრფიალე პოეტი და ქალები მის ცხოვრებაში - კვირის პალიტრა

"ამდენი ქალი მოსწონდა და უყვარდა, მაგრამ..." - თბილისის მოტრფიალე პოეტი და ქალები მის ცხოვრებაში

"აკაკი წერეთელს ახალგაზრდები ვეწვიეთ და როგორც ღმერთს, ისე ვუყურებდით. იმან კი უწმაწური ანეკდოტების მოყოლა დაიწყო და ისე შეგვრცხვა, სახეში ვეღარ ვუყურებდითო"

შესაძლოა ბევრმა არც იცის თუ როგორი იყო დიდი ქართველი პოეტის, იოსებ გრიშაშვილის ცხოვრების ისტორია, სიყვარული, ის, თუ როგორ ქმნიდა ნამუშევრებს, რომელიც შემდეგ თაობიდან თაობას გადაეცა. ჟურნალ "გზის" არქივში ინახება ინტერვიუ იოსებ გრიშაშვილის დისშვილის შვილთან, მისი სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორ ბატონ ნოდარ გრიგორაშვილთან:

- მართალია, რომ ამბობენ, წიგნს არასდროს ანათხოვრებდაო?

- ჩანაწერი აქვს, ახლობელს 2 დღით ვათხოვე წიგნი, იმ დროში რომ არ მომიტანა, მივაკითხე და ბოლომდე არ ჰქონდა წაკითხული. ტალანში დაველოდე, ვიდრე დაასრულებდა და მერე შინ წამოვიღეო. გამოდის, რომ ხანდახან ათხოვებდა ხოლმე, მაგრამ დროულად უნდა დაებრუნებინათ. ასე რომ არ მოქცეულიყო, ამ ფონდს ვერ შექმნიდა. მაგალითად, აქ 1629-1920 წლების ჩათვლით გამოცემული ქართული წიგნების ბიბლიოგრაფია შეადგინეს. 240 დასახელების უნიკალური წიგნი მხოლოდ ამ ბიბლიოთეკაშია დაცული, ისევე, როგორც 1920-იანი წლების ქართული და რუსული პრესის ნაწილი. გარდა ამისა, ამ მუზეუმში უამრავი უნიკალური ეთნოგრაფიული ნივთია, თუნდაც ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები, მასალები, ძველებური ვერცხლის ქამარ-ხანჯლები, მონეტებისა და ქაღალდის ფულების, ქართული და აღმოსავლური საკრავების კოლექციები, უძველესი აფიშები, პროგრამები, სამუზეუმო სიძველეები, სულ - 100 ათასამდე ერთეული. სხვათა შორის, ბევრი სარგებლობს აქ დაცული ნივთებით, ოღონდ, გატანის უფლება არავის აქვს. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ არ აღმოაჩნდებათ ხოლმე, მკითხველს ჩვენთან გზავნიან. მახსოვს, კარგა ხნის წინ, ზამთრის თოვლიან ამინდში ხელჯოხიანი მოხუცი კაცი ამოვიდა მუზეუმში. ძველი პარტიული მოღვაწე ვარ და პერსონალურ პენსიას არ მიმტკიცებენ, რადგან დამადასტურებელი საბუთი ვერ წარვუდგინეო. თურმე უმტკიცებდა, 1918 წელს თბილისში ჟურნალი გამოდიოდა, სადაც რევოლუციურ ლექსებს ვწერდიო, მაგრამ არ უჯერებდნენ. არადა, იმ ჟურნალის ერთადერთი ნომერი მხოლოდ ჩვენთან ინახებოდა. მოხუცმა გადაუღო ფოტო ჟურნალს და მოგვიანებით დამირეკა, პენსია დამიმტკიცესო (იცინის).

- თუ შესწრებიხართ, როგორ მუშაობდა იოსებ გრიშაშვილი?

- ბავშვი ვიყავი, აქ რომ მოდიოდა ხოლმე და მის მუშაობასაც არ შევსწრებივარ. მიამბობდნენ, მუზა რომ მოუვიდოდა, ჩაიკეტებოდა ოთახში, ხელი რომ არავის შეეშალაო. მგონი, უფრო დილის საათებში წერდა. დაზუსტებით ვერ გეტყვით, როგორ წერდა თუნდაც "ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემას", მაგრამ ვისაც ძველი თბილისის გაცნობა სურს, სამაგიდო წიგნად უეჭველად გამოადგება. აქ ყველაფერს წაიკითხავს: მხატვრულად აღწერილ ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრებას, მოსახლეობის ადათ-წესებს, ჩვევებს. ყველა პოეტს პირადად იცნობდა, ვისი ცხოვრებაც აქ აღწერა იოსებმა, - გიორგი ი. სკანდარნოვსაც და იეთიმ-გურჯსაც, რადგან ორივენი ხარფუხელები იყვნენ. ბოლო წლებში "ბოჰემა" სამჯერ გამოიცა: ორჯერ აქ და ერთხელ გერმანიაში, გერმანულ ენაზე. 2 წლის წინ კანადიდან გვეწვია პროფესორი, - ტორონტოში ლექციებს ვკითხულობ და სკანდარნოვის შემოქმედებასაც ვასწავლი სტუდენტებს. მასზე თუ არის წიგნები, იქნებ მაპოვნინოთო. გამიკვირდა. საქართველოში ბევრს "ბოჰემა" არ წაუკითხავს და ამ კაცის შესახებაც არაფერი გაუგია, ვიღაც პროფესორი კი კანადაში ასწავლის მის შემოქმედებას (იცინის)! რასაკვირველია, დავეხმარე: ჩვენს ბიბლიოთეკაში ამ მწერლის 30-მდე გამოცემაა და ვუჩვენე. ხომ გაგიგონიათ სიმღერა, "ორთავ თვალის სინათლევ", ეს ლექსიც სკანდარნოვის დაწერილია.

- გესაუბრებოდათ ხოლმე ამ ადამიანებზე ან სხვა თემებზე?

- მათზე არა, სხვა თემებზე - კი. აკაკი წერეთელთან სტუმრობას იხსენებდა. ახალგაზრდები ვეწვიეთ და როგორც ღმერთს, ისე ვუყურებდით. იმან კი უწმაწური ანეკდოტების მოყოლა დაიწყო და ისე შეგვრცხვა, სახეში ვეღარ ვუყურებდითო, არადა, ხანდახან თვითონაც კი მიყვებოდა უწმაწურ ანეკდოტებს (იცინის). მახსოვს, ძალიან ემადლიერებოდა ვალერიან გუნიას, რადგან ობოლი იყო და მან გაუკვლია გზა ცხოვრებაში. იუმორისტულ ჟურნალს - "ნიშადურს" გამოსცემდა, თვითონ იყო რედაქტორი და 16 წლის იოსები დანიშნა თავის მოადგილედ. მიყვებოდა ხოლმე, ძირითადად, სარედაქციო სამუშაოს მე ვაკეთებდიო. ერთ ზაფხულს ბორჯომში ვისვენებდით ერთად. მისი მეუღლე და დეიდა ანი სადღაც წავიდნენ და მარტონი ვისხედით სასტუმროს აივანზე. რაღაც ამბებს იხსენებდა და ასეთი რამ მითხრა: გუნია ავად იყო და სანახავად მივედი. ფერმკრთალი ჩანდა და დაღონებული, უგუნებოდ. გაიხსენა, - ეჰ, რა თამადა ვიყავიო. ყველა რაღაცას იხსენებს და მე რა გავიხსენო: ეჰ, რამდენჯერ ვიყავი შეყვარებული-მეთქი (იცინის)? რომ ამბობენ, პირველი სიყვარული სულ სხვა არისო, მე ვიტყოდი, რამდენჯერაც მიყვარდა, ყველა გამორჩეულად ძლიერი სიყვარული იყო-მეთქი...

იოსებ გრიშაშვილი, პაოლო იაშვილი, მარიჯანი, შალვა დადიანი

- თავის სიყვარულებზე კონკრეტულად არაფერს გიყვებოდათ?

- ბავშვი ვიყავი და რას მომიყვებოდა, მაგრამ მის არქივს რომ კარგად გავეცანი, ყველაფერი გასაგები გახდა. ყველა იმ ქალის წერილი შეუნახავს, ვინც მოსწონდა ან უყვარდა და თითოეულზე მიწერილი აქვს, ვინ როდის გათხოვდა და ვის გაჰყვა. მის ნაწერებში წავიკითხე, რომ ბავშვობაში მარუსა (რეჟისორ პავლე ფრანგიშვილის და) მოსწონდა. რომელ ლექსშიც ხუჭუჭ თმას ვახსენებ, ყველა მაგას ეძღვნება. მიყვარდა და ვუყვარდი, მაგრამ მშობლებმა არ მომცეს ცოლად შერთვის უფლება, 17 წლისა იყოო. მერე, 1911-1913 წლებში მასზე 6 წლით უფროსი მსახიობი ოლღა ლეჟავა მოსწონდა. უფრო პლატონური იყო მისი სიყვარული. ოლღასთვის მიწერილი 200 საფოსტო ბარათი აქვს შენახული. ყველა ლექსი, რომელსაც "ოლოლს" აწერია, ოლღა ლეჟავას ეძღვნება. არადა, გათხოვილი იყო ის ქალი და შვილიც ჰყავდა. 1913-1916 წლებში მოსწონდა სოფიო (სონა) ჩიჯავაძე. მასაც ბევრი ლექსი მიუძღვნა. გავიცანი ამა და ამ წელს და გადავიცანი ამა და ამ წელსო - წელი, თვე და რიცხვიც უწერია. ეს სონა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე სპირიდონ კედიას გაჰყვა პარიზში და 108 წლისა იქ გარდაიცვალა. ჟაკ შირაკმა პარიზის საპატიო მოქალაქის წოდებაც კი უბოძა. სონა მემუარებს წერდა და ვერ დაუსრულებია თურმე. მისი შვილი და ნათესავები იყვნენ მოსულები და მუზეუმის ის კუთხე გადაიღეს, სადაც სონას ფოტოებია... ამდენი ქალი მოსწონდა და უყვარდა, მაგრამ მისი სულიერი მეგობარი პოეტი მარიჯანი იყო. შემოქმედებითი და სულიერი ერთიანობა ჰქონდათ და... როგორც ჩანს, მარიჯანი მაინც ყველაზე მეტად უყვარდა: "...მაგრამ ჩემსავით თვით სიკვდილიც ვერ შეგიყვარებს,/ სიკვდილი, ტრფობის ერთადერთი გამომსახველი./ მაგრამ, ვინ იცის! შენ ჩემზე წინ, შენ ჩემზე ადრე/ თახთახ სუდარით თუ მობურე, თუ მოიჩადრე/ ეგ სათნო სახე, ლმობიერი ეგ შენი სახე:/ გემუდარები - რომ არ ვგრძნობდე იქ თავსა ობლად -/ შენსა საფლავთან, მეგობარო, შენსა მახლობლად/ ერთი ადგილი, ვიდრე მოვალ, მეც შემინახე!"

- რატომღაც მგონია, ბობოქარი, ხმაურიანი ადამიანი იყო.

- არც ძალიან ხმაურიანი. მჭექარე ხმა კი ჰქონდა და კარგი დეკლამატორიც იყო. სუფლიორობდა კიდეც და მსახიობობდა - მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა სპექტაკლებში. საღამოებზე საკმაოდ კარგად კითხულობდა ლექსებს. საერთოდაც, მრავალფეროვანი ადამიანი და შემოქმედი იყო. ლირიკულ, სატრფიალო ლექსებსაც წერდა, იუმორისტულსაც და პოლიტიკურსაც, სამოქალაქო თემებზეც და პატრიოტულსაც, ჟურნალისტიც იყო და ბიბლიოგრაფიც, ყველაფერი აინტერესებდა და აკეთებდა კიდეც.

- ბატონო ნოდარ, მაინცდამაინც თქვენ რატომ განდოთ ბიბლიოთეკისა და ასეთი უნიკალური არქივის მოვლა-პატრონობა?

- მას ჰყავდა დისშვილი, დეიდაჩემი, რომელიც უმამოდ გაიზარდა და იოსები იყო მისი მამაცა და პატრონიც. ამიტომაც, ყველაფერი დეიდაჩემს გადასცა, ჩემ შემდეგ შენ უნდა მოუაროო. სწორედ დეიდას ღვაწლია, ეს მუზეუმი რომ მოეწყო. მოიწვია სამუზეუმო საკითხების ღვაწლმოსილი სპეციალისტები ალექსანდრე ჯავახიშვილი, სიმონ ბოლქვაძე და ავთო ვარაზი და რა სახეც აქვს დღეს, სწორედ ამ ხალხისა და დეიდას დამსახურებითაა. ლექსი რომ აქვს იოსებს, "პატარა ანის ალბომში", მას მიუძღვნა: "მე შენ სახელად ანი დაგარქვი,/ ჩვენი ანბანის პირველი ასო./ ხალხში ხარ - ვამბობ: "კარგი ხარ, კარგი!"/ მარტო ხარ - ვამბობ: "ჩემო ძვირფასო".../ მე კი, შენს ბიძას, კუბოს ლანდები/ როცა მეწვევა და მიმაყუჩებს, -/ მწამს, სხვაზე მეტად შენ დაგნანდები/ და ეგ ცრემლები შემიკრავს ტუჩებს". ანის ბევრი დისშვილი ჰყავდა, მაგრამ იცოდა, წიგნები მიყვარდა და იოსებს უთხრა, ამის მეტი შენს წიგნებს ვერავინ მოუვლისო. მითხრა კიდეც იოსებმა, შენ გიყვარს წიგნების კითხვა და ამ ბიბლიოთეკას შენ უნდა მიხედოო. ამიტომაც პროფესიულად შევისწავლე საბიბლიოთეკო-საბიბლიოგრაფიო დარგი. აქ იმდენი წიგნი წავიკითხე და იმდენი საინტერესო რამ გავიგე, სხვა შემთხვევაში ამის მესამედი არ მეცოდინებოდა.

- რას ატყობთ, თქვენი შთამომავლებიც ასე გაუფრთხილდებიან აქაურობას?

- არ უნდათ, საერთოდ არ ეკარებიან ამ ბიბლიოთეკას, - რა დამცირება და წვალებაც გამოიარე, არ გვინდა, ჩვენც გავიაროთო. ბოლო წლებში მართლა ბევრ უსამართლობას გადავაწყდი და ბევრი ვიწვალე, ეს ყველაფერი რომ დამეცვა და შემენარჩუნებინა. მე რომ იოსებ გრიშაშვილის ოჯახის ერთგული არ ვყოფილიყავი, აქ არ გავჩერდებოდი და მუზეუმი გაპარტახდებოდა და გაიძარცვებოდა კიდეც. პრინციპში, ნადგურდებოდა კიდეც ყველაფერი, წყალი ჩამოდიოდა, კედლები ინგრეოდა, უნიკალური ექსპონატები ფუჭდებოდა. კულტურის სამინისტროს მივწერე, მაგრამ არავის შეუწუხებია თავი, სად არ ვთქვი?! მერე ერთმა ჟურნალისტმა ჩემთან ინტერვიუ დაბეჭდა გაზეთში და რამდენიმე დღეში ვიღაცები მოვიდნენ, - ის სტატია მაჩვენეს და ამიხსნეს, "ქართუ ჯგუფიდან" ვართ, მუზეუმი უნდა აღვადგინოთო. ყველაფერი დავათვალიერებინე, ხარჯთაღრიცხვა შეადგინეს, ნახაზები გააკეთეს და კი ხედავთ, გათბობით, წყალსადენით, ელექტროგაყვანილობითა და სიგნალიზაციით დაწყებული, ყველაფერი რა ხარისხიანად და ლამაზად არის გაკეთებული.