"დასისხლიანებული ფეხებით დავრბოდი, როდესაც ვეღარ ვუძლებდი, გახურებულ ბეტონზე ხოხვას ვიწყებდი" - კვირის პალიტრა

"დასისხლიანებული ფეხებით დავრბოდი, როდესაც ვეღარ ვუძლებდი, გახურებულ ბეტონზე ხოხვას ვიწყებდი"

"რუსულ ჯარში მხოლოდ უფულო და უპატრონო ახალგაზრდები მიჰყავთ, რომელთა დიდ ნაწილს ფსიქიკა ისე ერღვევა, არა მგონია, ეს კოშმარი ოდესმე დაავიწყდეთ"

რუსული ჯარის კოშმარი

რუსული ჯარის ძლევამოსილებაზე მითი კარგა ხანია დაიმსხვრა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ხელისუფლების კონტროლირებადი მედია მის პიარს განაგრძობს. ნახევრად ქართველი, 20 წლის მურთაზი, რომელიც რუსეთის არმიაში მსახურობს, იქაურ ამბებს გვიყვება.

რუსული ჯარის ძლევამოსილებაზე მითი კარგა ხანია დაიმსხვრა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ხელისუფლების კონტროლირებადი მედია მის პიარს განაგრძობს. ნახევრად ქართველი, 20 წლის მურთაზი, რომელიც რუსეთის არმიაში მსახურობს, იქაურ ამბებს გვიყვება.

- დედა ქართველი მყავს, სოფელ ბზიფიდან. მამა აზერბაიჯანელია, ბაქოდან. მშობლებმა ერთმანეთი სოჭში გაიცნეს. იქ დავიბადე და როგორც რუსეთის მოქალაქე, ერთ დღეს სავალდებულო სამსახურში გამომიძახეს. ბრტყელტერფიანი ვარ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მესამე სტადიის მქონეებს ეხება შეზღუდვა, მე კი მეორე მაქვს.

- სად წაგიყვანეს? - კრასნოდარის მხარეში, თან საჭმელი და ცოტა ფული გვქონდა. თუმცა საჭმელი წაგვართვეს, მალფუჭებადიაო, არადა, ინსტრუქციაში ეწერა, რისი წაღება შეიძლებოდა. გვეგონა, დაგვაბინავებდნენ და გვაჭმევდნენ, მაგრამ რამდენიმე დღე ისე გავიდა, კაციშვილს არ ვუკითხავვართ. ეზოში ვეყარეთ, ძეხვს, პურს, წყალსა და სიგარეტს ნაწილის მაღაზიაში ვყიდულობდით. ტერიტორიაზე წყალიც არ მოდიოდა, ხელ-პირი რომ დაგვებანა. ღამით ხის გრძელ სკამებზე გვეძინა. კვირის ბოლოს ვიღაც სამხედრო მოვიდა, სერჟანტი ვარო. სულ დედლები გვეძახა. დაგვემუქრა, ცოტაც და, ჭკუაზე მოგიყვანთ, "მუჟიკებად" გაქცევთო.

- სამხედრო ნაწილებში განაწილებას ელოდებოდით? - ასე გვითხრეს, არკვევენ, წვევამდელები რომელ უწყებაში უნდა გადაანაწილონო. ამას "შესყიდვას" ეძახიან. ბიჭებმა მითხრეს, ვინმე ექიმს ფული მიეცი და არმიისთვის უვარგისობის ცნობა გააკეთებინეო. ეს ძვირი ჯდებოდა. დედა მაღაზიაში მუშაობს, მამა მხატვარია და ამდენ ფულს როგორ შევაგროვებდით. ერთი სიტყვით, ტიმოშევსკის სარკინიგზო-სამხედრო ბაზაში გამანაწილეს.

- რა ვითარება დაგხვდათ? - ლოგინი იყო და საჭმელს გვაჭმევდნენ, თუმცა სხვა მხრივ იმაზე მძიმე ვითარება დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა. რუსულ ჯარში მხოლოდ უფულო და უპატრონო ახალგაზრდები მიჰყავთ, რომელთა დიდ ნაწილს ფსიქიკა ისე ერღვევა, არა მგონია, ეს კოშმარი ოდესმე დაავიწყდეთ. არსებობს მეტ-ნაკლებად კარგი ნაწილები, ჩემმა მშობლებმა ფული გადაიხადეს და ფლოტში გამიშვეს. აქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

ვიცოდი, რომ კირზის ჩექმა ბრტყელტერფიანობის გამო პრობლემას შემიქმნიდა, რუსულმა სამხედრო ჩექმამ სხვებიც საშინელ დღეში ჩააგდო. ვარჯიშისას დასისხლიანებული ფეხებით დავრბოდით, როდესაც ვეღარ ვუძლებდი, გახურებულ ბეტონზე ვეცემოდი და ხოხვას ვიწყებდი.

ბევრი წვალების შემდეგ სამზარეულოში გამიშვეს, რადგან ჩემი ტერფების გამო ჩექმას ვეღარ ვიცვამდი. ახლა მზარეულის დამხმარე ვარ. მთავარია, ყაზარმაში არ მიწევს ყოფნა, სადაც დედოვშჩინა ტრადიციაა. აქ სერჟანტი რიგითს ყველანაირი მიზეზით ჩაგრავს: ეთნიკური ნიშნით, ფიზიკური მონაცემების, საუბრის აქცენტის გამო... დედოვშჩინის გამო, როგორც ამბობენ, ორჯერ მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, ვიდრე ორივე ჩეჩნეთის ომში ერთად. აქ ყველა "ვოლკს", "დედს" ან "სტარს" თავისი "ჩმორი" ჰყავს. ყველაფერს მას აკეთებინებენ: უნდა მოუწესრიგოს ტანსაცმელი, დაულაგოს ლოგინი, დაურეცხოს თეთრეული, იშოვოს მისთვის საპონი, სიგარეტი, მოუდუღოს ყავა, ჩაი და წამოწოლილს მიართვას. მათ "რაბებს", ანუ მონებს ეძახიან... არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჯანღონიანი წვევამდელი "დედებს" არ დაემორჩილა და ცემაში შემოაკვდათ. ზოგს დროთა განმავლობაში, რამდენიმე კვირა ან ერთი თვე სცემდნენ, აწამებდნენ და მოკვდა... ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადეებს ასამართლებენ და ოჯახს დაახლოებით 150 ათასი რუბლის კომპენსაციას აძლევენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც დაჩაგრულები ფოტომასალას ინტერნეტში დებენ, მაგრამ ეს დიდი რისკია, ვიდრე გამოეხმაურებიან, შეიძლება ისინი დახოცონ...

- თქვენს ნაწილშიც ხშირია ძალადობა? - ძალადობა ყველგან არის. ჩემს ნაწილში მოკლეს ბიჭი, გვარად ჩერეპანოვი, რომელმაც "დედს" ტელეფონში ჩასარიცხად 1.000 რუბლი არ მისცა.

აქ ძალით ვერაფერს გახდები. მე კავკასიელმა "დედებმა" შემიფარეს, რადგან მათ სასადილოში კვების საკითხი მოვუგვარე, ცალკე მიაქვთ პროდუქტი, რომელსაც "რაბები" უმზადებენ. ეს პრობლემა რუსეთის ჯარში ყოველთვის იქნება, ისევე, როგორც ლოთობა. აქაური ჰოსპიტლის ღამის მორიგეები საჭმელსა და საწვავში სამედიცინო სპირტსა და სხვა რაღაცებს, თეთრეულსა და პირველადი მოხმარების საგნებსაც კი გვიცვლიდნენ.…ზოგი მედპერსონალს დამაყუჩებელ მედიკამენტებსაც ართმევდა.

- ასეთი ფაქტები მეთაურობის ყურამდე არ მიდის? - ყველამ ყველაფერი იცის და თუ ფაქტი გამოაშკარავდა, ჯოხი რიგითებსა და სერჟანტებზე ტყდება.

ნაწილში დილიდან საღამომდე მოტივაციის ასამაღლებელ კლიპებს, მხატვრულ ფილმებს, ტელეგადაცემებსა და ინტერნეტსიუჟეტებს ვუყურებთ რუსეთის ჯარზე, თუ რა უპირატესობა აქვს ნატოს ჯართან შედარებით, რომ ევროპას შიშის ზარს სცემს... ჯარი ძალიან პოლიტიზებულია, თუმცა აქაც შეიკრა კავკასიური და ანტირუსული "დედების" ჯგუფი. რუსებს ასეთი ერთობა არა აქვთ, ამიტომაც უფრო სუსტები არიან. კავკასიელმა "დედმა" შეიძლება კავკასიელი დაჩაგროს, მაგრამ რუსს ან სხვა ეროვნებისას არ დააჩაგვრინებს.

- რამდენი თვე დაგრჩათ?.. - სექტემბერში ვამთავრებ... ამ ხნის განმავლობაში გამოვიარე შიმშილი, სიცივე, ცემა, დამცირება...

ასობით ბიჭი კბილებისა და ღირსების გარეშე ტოვებს ჯარს. ჩვენს ნაწილში არ ყოფილა, მაგრამ ვიცი, რომ ხშირია სუიციდის და გაუპატიურების ფაქტები. არსებობს ასეთი ხუმრობა: ერთადერთი ხარისხიანი ნივთი, რომელსაც რუსულ ჯარში გაძლევენ, ქამარია, რომელიც დიდ წონას უძლებს და თავის ჩამოსახრჩობად გამოგადგებაო. შვილი რომ მეყოლება, სახლ-კარის გაყიდვაც რომ დამჭირდეს, რუსულ ჯარში არ გავუშვებ.

არ მჯერა, რომ თუნდაც 20 ან 50 წლის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

- ვიცი, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოგიწია ყოფნამ. - წებელდის სამხედრო პოლიგონზე ჩაგვიტარდა ტაქტიკური სწავლება. მოსახლეობას ვეცოდებოდით და მანდარინსა და ფორთოხალს გვაჭმევდნენ. არაყზეც გვეპატიჟებოდნენ, ოღონდ ეს არავის უნდა გაეგო - თუ ვიღაც ჩაგვიშვებდა, ჰაუპტვახტი გვემუქრებოდა, თუმცა პრობლემის მოგვარება ისევ არყით შეგვეძლო. იქ ორ თვეზე მეტხანს ვიყავით. დედაჩემი ბზიფში დაბადებულ-გაზრდილია. ძალიან აინტერესებდა თავისი სახლის ამბები, მაგრამ მთხოვა, არ გაბედო და არ მიხვიდეო. სწავლებაზე ერთი შავგვრემანი რუსი გავიცანი, ტულელი, "გრუზინჩიკს" ეძახდნენ, მაგრამ რუსული გვარი ჰქონდა. თურმე დედამისისთვის უთქვამს, აფხაზეთში გადაგვანაწილესო, მან კი მისამართი უთხრა, თუ შეძლებ, მიდი, იქ მამაშენის სახლიაო. ჰოდა, გაყოლა მთხოვა. კითხვა-კითხვით მივაგენით გალსა და ოჩამჩირეს შორის თითქმის ცარიელ სოფელს. იქაურობა ჩერნობილს ჰგავდა. ვიპოვეთ მამამისი. ბიჭის დედას უკვე სხვა ქმარი ჰყავს, მაგრამ ყოფილ ქმართან კონტაქტი ჰქონია.

- იცნო შვილი? - კი, იცნო, ჰგავს მამას... ორი და ჰყოლია. ძალიან კარგად შეგვხვდნენ. წამოსვლისას უამრავი რამ გამოგვატანეს... მერე ის ბიჭი ხშირად მიდიოდა და ყოველთვის დატვირთულს უშვებდნენ. სალიები იყვნენ. ჩემზე ადრე დაამთავრა ჯარი და ტიმოშევსკში დაბრუნდა.