უშგულში დრომ კიდევ ერთი კოშკი დააჩოქა - კვირის პალიტრა

უშგულში დრომ კიდევ ერთი კოშკი დააჩოქა

"არ უნდა გესწავლებოდეს, რომ კოშკი ზამთარში უნდა გადმოთოვლო"

უშგულში უძველესი კოშკი ჩამოინგრა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაშლა კარგა ხნის წინ დაწყებულა. წლობით უსახურავოდ დარჩენილი კედლები წვიმითა და თოვლის წყლით იჟღინთებოდა, იყინებოდა, ხურდებოდა, იბზარებოდა და იშლებოდა, შარშან კი პირველი და ზედა სართულების ერთი კედელიღა დარჩა. საბოლოოდ ჩამოქცევამდე ორი დღით ადრე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალური სკანერით გადაიღო კოშკის ნარჩენი. ეს ძეგლის ზედმიწევნით სრულად აღდგენის საშუალებას იძლევა.

უშგული კოშკების გარეშე?

კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი შიშობს, რომ მალე უშგულში კოშკები აღარ დარჩება: "უშგულში კიდევ ერთი, VIII საუკუნის კოშკი გამოგვაკლდა. ბავშვობიდან მახსოვს, სოფელ მურყმელში იდგა, სადაც 1987 წელს სტიქიამ მრავალი შენობა დააზიანა. კოშკებისთვის თოვლი კატასტროფაა. ეს კოშკი უკვე აღარ არის, წაიქცა. მის გადასარჩენად ორი წლის წინ გავაკეთეთ პროექტი, არაერთ ბიზნესმენს მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. სახელმწიფომ მხოლოდ კოშკის აღდგენის ნებართვა მოგვცა. რესტავრაცია ძვირი ჯდება, ამის შესაძლებლობა მოსახლეობას არა აქვს. ვინ უნდა გააკეთოს? სახელმწიფომ ან ბიზნესმენებმა! როდის უნდა გააკეთონ? სანამ კოშკები და მაჩუბები ჩამოინგრევა, თორემ მერე ვითომ აღსადგენად, უფრო სწორად, ფულის გასათეთრებლად, გამოცხადებული ტენდერები ვერაფერს გვიშველის! ორი დღით რომ კეთდება უშგულის ერთ-ერთი უბნის"- ჩაჟაშის რეაბილიტაცია, ყველგან წყალი რომ ჩამოდის, ამით ამაყობს სახელმწიფო? ეს ჩემი თვალით მინახავს, სხვის გადმოცემულს არ ვიმეორებ".

მარიამის თქმით, თითქმის ყველა კოშკი უსახურავოდ არის დარჩენილი. შეუძლებელია მათი გადახურვა ისე, თუ დაბზარული კედლები არ შეკეთდება. რამდენიმე წელიწადში ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის სანახავად მოსულ ტურისტს კოშკებისა და ადამიანებისგანაც დაცლილი სოფლები დახვდება.

ყველას თავისი წილი ცოდვა აქვს

რესტავრატორი მურად მარგიანი გულისტკივილს ვერ მალავს, სახელმწიფოს თავისი წილი ცოდვა აქვს, მაგრამ ხალხიც ვერ ვიქცევით რიგიანადო.

"სანთლით საძებნია ოსტატები, რომლებმაც კოშკის შენება და აღდგენა იციან. დიდი თანხა რომც გამოყონ და ერთბაშად გადაწყვიტონ ყველა ძეგლის აღდგენა, ადამიანური რესურსი არ გვეყოფა. ახალგაზრდებს ეს საქმე აღარ აინტერესებთ. მძიმე შრომას, ქვის აწევ-დაწევას ერიდებიან, ურჩევნიათ, ტურისტს გიდად გაჰყვნენ, ყოველდღიური კარგი შემოსავალი აქვთ. რომ მოუარო, შენებაც უნდა იცოდე. ვიღაც იტყვის, კოშკის მოვლას ბევრი ხარჯი უნდაო. ყავარი რომ გამოსაცვლელია, მთავრობას არ უნდა ელოდო. კარგად მოვლილი კოშკი უფრო მიიზიდავს ტურისტს.

ჩაჟაშში წყალი ჩამოდისო? ერთ ადგილას ჩამოდის და იცით, რატომ? გაზაფხულზე ფილა არ გაასწორეს. წინათ რომ დაათოვდა, სახურავზე თოვლი და წყალი იყინებოდა, გაზაფხულზე დაცურებული კი ფილასაც ქვემოთ სწევდა. ამიტომაც კოშკის პატრონი ადიოდა და ფილას ასწორებდა. გაასწორონ ფილა და წყალი აღარ ჩამოვა".

უშგულელი ბაქარ ნიჟარაძის აზრით, მუდმივად სახელმწიფოს მოლოდინში საქმე უფრო ფუჭდება: "მხოლოდ სახელმწიფოს ხელის შემყურეც არ უნდა ვიყოთ. ისიც მესმის, რომ პატრონები კოშკებს საკუთარი ხარჯით ვერ აღადგენენ. კიდეც რომ შეეძლოთ, სახელმწიფო უფლებას არ მისცემს, რადგან თითოეული კოშკი, მაჩუბი და ეკლესია კულტურული მემკვიდრეობაა. ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალია, ყველა გავერთიანდეთ და თითოეულმა ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ. ჩამოვაყალიბოთ ადგილობრივი განვითარების ჯგუფი. რასაც ჩვენითვე გავაკეთებთ, უფრო დავაფასებთ. კოშკი მხოლოდ არქიტექტურული ნაგებობა არ არის, მუზეუმია, სადაც ძველს ახალი უნდა მიამატო".

"არ უნდა გესწავლებოდეს, რომ კოშკი ზამთარში უნდა გადმოთოვლო"

ნიკა ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი: "სვანეთში სახელმწიფომ დაიწყო 10-მილიონლარიანი 5 წელიწადზე გათვლილი პროგრამა, რომელიც ამ მხარეში არსებული ყველა იდენტიფიცირებული ძეგლის რეაბილიტაციას გულისხმობს. საბჭოთა კავშირის დროინდელი ძეგლთა დაცვის მონაცემებით, ამ დროისთვის სვანეთში 160 კულტურული ძეგლი გვაქვს. მათ შორის მრავლად არის დანგრევის პირას მყოფი. ჩაჟაშის გარდა, სადაც 2014 წლიდან ვმუშაობთ, 24 ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო და 30 ძეგლის სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტის მომზადება. იმედია, 5 წელიწადში ეკლესიებს, მაჩუბებსა და კოშკებს სრულფასოვანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. წელს დავიწყეთ უნიკალური პროგრამა - რეინვერტაზაცია. დავადგენთ, რა კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს მთელ ქვეყანაში. პროგრამის დასრულების შემდგომ შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის რაოდენობა გაიზარდოს.

შარშან ჩხვიმიანში ჩარკვიანების კოშკი ჩამოინგრა, ახლა მურყმელში ჩარქსელიანებისა. მიუხედავად იმისა, რომ მათი რეაბილიტაცია პირველ რიგში არ იყო გათვალისწინებული, რადგან სხვა ძეგლები უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ორივე კოშკი სრულად აღდგება. ძალიან მნიშვნელოვანია მესაკუთრეების დამოკიდებულებაც. სამწუხაროდ, ტენდენციაა, რეაბილიტაციისა და რესტავრაციის მერეც კი მესაკუთრეებს არ უნდათ მოვლა. რატომღაც ჰგონიათ, რომ სულ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. მესაკუთრეებმა უნდა გააცნობიერონ, რას ფლობენ, რომ ეს არის მათი მომავალი როგორც ეკონომიკური, ყველა სხვა თვალსაზრისით. მათი სირცხვილი იქნება, თუ 5 წლის შემდეგ ძეგლები ისევ მოუვლელობის გამო სახელმწიფოს შესაკეთებელი გახდება. წინაპრებისგან ამხელა სიმდიდრე დაგრჩა, რომლის გადარჩენაში სახელმწიფომ ინვესტიცია ჩადო, და თქმაც არ უნდა გჭირდებოდეს, რომ ზამთარში გადმოთოვლო, ზაფხულში მცენარეებისგან გაასუფთაო და ა.შ. ვცდილობთ მესაკუთრე მოტივირებული იყოს, რომ ძეგლს მოუაროს, განავითაროს წარმოება, ანუ ძეგლის გადარჩენა უკუგებას, მოგებას იძლეოდეს".

დადეშქელიანის კოშკი - ღირსების და თავისუფლების სიმბოლო

ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა სილვიო კალვიმ 17 წლის წინ გაიცნო სვანეთი და მას შემდეგ საფიქრალად ექცა, როგორ დაეხმაროს ამ მხარეს. წლების წინ ""კვირის პალიტრამ" მკითხველს მისი"სვანური გეგმა გააცნო. მაშინ არქიტექტორმა გაგვიმხილა, რომ ის ოცნებობს ბეჩოში აღდგეს დადეშქელიანის კოშკი, რომელიც რუსეთის ჯარმა სვანეთის ოკუპაციის დროს ააფეთქა.

"ის აუცილებლად უნდა აღდგეს, როგორც ღირსებისა და თავისუფლების სიმბოლოო","- ამბობდა იტალიელი. ნიკა ანთიძის თქმით, კალვის ოცნება ხორცს ისხამს - ბეჩოში უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და დადეშქელიანის არა მხოლოდ კოშკი, მთელი კომპლექსი აღდგება.

სილვიოს კიდევ ერთი ოცნება აქვს: "თქვენი კოშკები ადამიანებზე ძლიერები არიან. ისინი იოლად არ დაიშლებიან, თუ გადახურავთ და წვიმას და ქარს არ მისცემთ მათი განადგურების შესაძლებლობას. გავაკეთოთ ეს, იოლი საქმეა და მერე ვუპოვოთ ამ კოშკებს""მშობლები""- ეს არის ჩემი ოცნება".

სვანეთის ძეგლების გადარჩენას უცხოელები ითხოვენ

2017 წლის დამდეგს ფრანგმა ფოტოგრაფმა ფრანსის პრიმერსკიმ სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფლის, ადიშის მონახულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ საზოგადოებას მიმართა:

"გაოგნებული ვარ, რატომ არ უტარებენ ამ სახლებს რეაბილიტაციას? შეხედეთ, რა სილამაზეა. ეს პეიზაჟი სიზმარივითაა. გამოსაფხიზლებლად ხელზეც კი ვიჩქმიტე. ეს მიტოვებული სახლიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და განადგურების პირასაა. ეს არ უნდა დაუშვას არც ერთმა ქართველმა და განსაკუთრებით, კულტურის სამინისტრომ. ადიში საქართველოს ყველაზე ლამაზი სოფელია, მას მოფრთხილება და შენარჩუნება უნდა. ბევრ ქვეყანას არა აქვს ასეთი სიმდიდრე. ჩემი გულის ამოძახილია - გააკეთეთ რამე, უშველეთ, დაეხმარეთ ადიშს!

ფრანგი ფოტოგრაფის კითხვებზე პასუხის გასაცემად მაშინ""კვირის პალიტრამ"" კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, სადაც ადიშის პრობლემა დანანებით დაგვიდასტურეს, თუმცა ვერც დაგვაიმედეს, რომ მის მოგვარებას უახლოეს პერიოდში შეძლებდნენ.

ადიშში შიშით ეზოში ბავშვებს ვეღარ უშვებენ, ძველი სახლებიდან და კოშკებიდან ქვები ცვივა. 14 კოშკი, 20-მდე ძველი სახლი და ეკლესიები შემორჩა. ყველაზე ძველი ტაძარი VIII საუკუნისაა. მათ ვერაფერი ისე სწრაფად ვერ ანადგურებს, როგორც უპატრონობა - სახურავებსა და კედლებს ქარი და წვიმა აწყდება და სულს აცლის.