"როდესაც ქალი უნდა გავსინჯო, მეუღლისგან იღებს ნებართვას, მოიხსნას ნიღაბი თუ არა" - რატომ უთხრა ქართველმა ოფთალმოლოგმა უარი შეიხს? - კვირის პალიტრა

"როდესაც ქალი უნდა გავსინჯო, მეუღლისგან იღებს ნებართვას, მოიხსნას ნიღაბი თუ არა" - რატომ უთხრა ქართველმა ოფთალმოლოგმა უარი შეიხს?

"დუბაის ერთ-ერთმა დამაარსებელმა შეიხმა მითხრა: ჩვენ ვიცით, რომ ცივილიზაცია ისლამამდე თქვენგან დაიწყო"

ლადო შენგელაია ერთადერთი ქართველი ექიმია, რომელიც დუბაიში ცხოვრობს და მუშაობს. იქ 29 წლის წინ ჩავიდა და არაბი შეიხებისა და სამეფო ოჯახის დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

- თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ოთხი კურსის დახურვის შემდეგ მოსკოვის სემაშკოს სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში გადავედი თვალის ქირურგ ფიოდოროვის კათედრაზე. 1984 წელს, ჩავაბარე ოფთალმოლოგიის ორდინატურაში, 26 წლისა მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში მთავარი ოფთალმოლოგი ვიყავი. შემდეგ სამეცნიერო მუშაობას მოვკიდე ხელი მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა კვლევის ინსტიტუტში და მალე დოქტორის ხარისხით ისევ ფიოდოროვის კლინიკაში მიმიწვიეს ფილიალების კოორდინატორად.

- დუბაიში როგორ მოხვდით? - საამიროების საელჩოს კონსულმა შემომთავაზა და მეც რუსეთში დარჩენას წასვლა ვარჩიე. ასე მოვხვდი 1991 წლიდან დუბაის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.

აკადემიურ გარემოს ჩვეულმა აქაურ თავისუფალ და უაღრესად კომფორტულ პირობებში მოვდუნდი, თითქოს პენსიაზე ვიყავი. ბევრჯერ მიფიქრია უკან, მოსკოვში დაბრუნება, სადაც სერიოზული კარიერული პერსპექტივა მქონდა, მაგრამ მერე გავაანალიზე და აქ დარჩენა ვარჩიე, თანაც, აქ უკვე დიდ პატივს მცემდნენ.

მიუხედავად წარმოუდგენელი ტექნოლოგიური პროგრესისა, ადგილობრივი ხალხი, განსაკუთრებით ბედუინები, ინარჩუნებენ ტრადიციებს - სტუმრის პატივისცემას, თანადგომას ჭირში თუ ლხინში და გასაოცარ მოკრძალებას განსწავლული პირების მიმართ.

- მართალია, რომ შეიხმა თავის მოოქრულ საავადმყოფოში სამსახური შემოგთავაზათ? - დიახ, შარჯის შეიხის ძმამ 2004-2005 წლებში Riyal hospital-ი ააშენა აეროპორტის წინ. ნამდვილი სასახლე-საავადმყოფო, სადაც პრივატული ოთახის ფასი ერთი დღე 5.000 დოლარს აღწევდა. შეიხმა იმაზე ორჯერ მეტი ჯამაგირი შემომთავაზა, რაც იმხანად კერძო საავადმყოფოში მქონდა. მაშინ შეიხს თან ახლდა თავისი საქმეთა მმართველი, ინდოელი სიქჰი ექიმი, რომელმაც ვერ დაიმსახურა ჩემი ნდობა. მოკლედ, ავწონ-დავწონე ყველაფერი, გავიკითხე იმ ინდოელი ექიმის შესახებ და ჩემი ძველი სამსახური ვარჩიე, სადაც ნაკლები კი მქონდა ჯამაგირი, მაგრამ სამაგიეროდ ჯანსაღი გარემო იყო.

- თქვენ უარს ხომ შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყოლოდა? - შეიხს თავისუფლად შეეძლო მოეთხოვა ჩემი საამიროებიდან წასვლა, მაგრამ მისი დიდი ოჯახის უხუცესების რჩევით, არაფერი უღონია, მეტიც, თავის კერძო სკოლაში მისმა მეუღლემ ჩემს მეუღლეს ინგლისურის მასწავლებლად დააწყებინა მუშაობა.

მახსენდება დუბაის ერთ-ერთ დამაარსებელ შეიხთან სტუმრობა, რომელმაც 80-იან წლებში საამიროების ისტორიაში პირველი სამედიცინო კოლეჯი დააარსა. როცა ვუთხარი, ქართველი ვარ-მეთქი, მითხრა: ჩვენ ვიცით, რომ ცივილიზაცია ისლამამდე თქვენგან დაიწყო, ბერძნებმა თქვენგან გაიტაცეს ოქროს საწმისიო. მედეა რომ ქართველი იყო, ისიც სცოდნია ამ ბედუინს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამი კლასის განათლება ჰქონდა. მან პატივისცემის ნიშნად საშუალება მომცა ადგილობრივ სამედიცინო გაზეთებში პერიოდულად გამომექვეყნებინა უახლესი მიღწევები ოფთალმოლოგიაში.

- მადლიერების ნიშნად ხშირად გასაჩუქრებენ? - პირველი საჩუქარი კატარის სამეფო ოჯახისგან მივიღე - ერთდროულად 7 წევრი მესტუმრა. ყველას ღამის სიბრმავე ჰქონდა, პიგმენტური რეტინიტი. რუსეთში კი მაშინ ახალი პრეპარატი იყო, რომლის ინიექციებიც ძალიან ეფექტიანი გახლდათ ამ დაავადების საწყის ეტაპზე. შეიხმა პატივისცემის ნიშნად პირველი მობილური მანქანის ტელეფონი მაჩუქა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მანქანიდან დავრეკეთ ზუგდიდში და ჩემმა შვილებმა ბებოს ხმა გაიგონეს.

- მოქალაქეობის მიღება თუ შემოგთავაზეს? - საამიროებში უცხოელისთვის მოქალაქეობის მიღება შეუძლებელია, მაგრამ მე შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი, რადგანაც საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა მეთქვა უარი.

- როგორები არიან სამეფო ოჯახის წევრები, შეიხები, მკაცრები და კომპლექსიანები თუ პირიქით? - ტრადიციების მიმდევრები, სტუმართმოყვარე, თავმდაბალი და კეთილი ადამიანები არიან. განსხვავებით სხვა აღმოსავლეთის შეიხებისგან (ქუვეითელების, საუდის, კატარის), აქაურები დიდი ჰუმანურობითა და გასაოცარი ფილოსოფიური სიბრძნით გამოირჩევიან.

- რელიგიურად რამდენად ტოლერანტები არიან? - რელიგიური ტოლერანტობით ნამდვილად მისაბაძი და სანიმუშო ქვეყანაა. შარჯაში შეიხის გადაწყვეტილებით, სხვა ქრისტიანული ეკლესიების გვერდით, აშენდა უკრაინულ-რუსული ეკლესია, გუმბათზე ოქროს უზარმაზარი ჯვრით, მაშინ როცა ადრე აშენებულ ეკლესიებს ჯვარი არა აქვთ. ქრისტიანულ დღესასწაულებს აუცილებლად აღნიშნავენ დიდი ფეირვერკებით.

მისაბაძი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან. 1994 წელს აბუ-დაბიში ვმუშაობდი კერძო სამედიცინო ცენტრში. საამიროების პირველ სამეცნიერო ოფთალმოლოგიურ კონფერენციაზე თემა უნდა წარმედგინა. ჩემმა მოსკოველმა კოლეგა როზენბლუმმა, რომელიც რუსი ებრაელი გახლდათ, გადაწყვიტა დუბაიში ჩამოსვლა, თან ჩემს კლინიკაში ოპერაციები უნდა ჩაეტარებინა. მოკლედ, მოვიპატიჟეთ როგორც კონფერენციის დელეგატი და კონსულტანტი პროფესორი. სამედიცინო ცენტრში ყველა ველოდით, მაგრამ პროფესორ როზენბლუმს დუბაის აეროპორტში აუკრძალეს საბაჟოს გადაკვეთა. როგორც მერე გაირკვა, თურმე ერთი წლის წინ თავის ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში ყოფილა, ბუნებრივია, ვიზაც ერტყა პასპორტში. ეს ის პერიოდია, როცა ისრაელი, როგორც სახელმწიფო, არ იყო საამიროების არც ერთ რუკაზე, რამეთუ არ იყო აღიარებული ოპეკის ქვეყნების მიერ. მოკლედ, ჩემს სპონსორს დახმარება ვთხოვე, მან კი როგორც მასპინძელმა უკან არ დაიხია, პრეზიდენტს შეიხ ზაიდს ეწვია და სტუმრის შემოშვების ნებართვა აიღო.

- უდაბნოში თუ ყოფილხართ, ბედუინებთან? - 90-იანი წლების ბოლოს უდაბნოში ჩემი მანქანით წავედით და გზა ამებნა. ვიყავით მე, ჩემი მეუღლე და სტუმრები მოსკოვიდან, ექიმი ცოლ-ქმარი. კოცონი დავანთეთ და გადავწყვიტეთ, გათენებამდე მოგვეცადა. მობილურიც არ იჭერდა სიგნალს და ამ დროს ბნელი ციდან ვერტმფრენი დაეშვა, რომელსაც თურმე თვით შარჯის ერთ-ერთი შეიხი მართავდა. როცა გაიგო, რომ მე ვიყავი და სტუმრებიც მახლდნენ, რადიოთი გადასცა და ორი ვერტმფრენით პირდაპირ თავის უდაბნოს სასახლეში გადაგვიყვანა. იქ კი ნამდვილად დაუვიწყარი მიღება მოგვიწყო. მეორე დილით უკვე ჩვენი მანქანა ეზოში იდგა.

- ქალების მიმართ მართლა მკაცრი წესები აქვთ? - როდესაც ქალი უნდა გავსინჯო, მეუღლისგან იღებს ნებართვას, მოიხსნას ნიღაბი თუ არა. აქ შვილების დედას დიდ პატივს სცემენ. მოხუც ქალს უფრო დიდი გავლენა აქვს ოჯახში, ვიდრე მამას. ოჯახში ერთგვარი დემოკრატია აქვთ, ხოლო გარეთ ქალი მამაკაცის მორჩილია.

ხათუნა კორთხონჯია