"დემნა ჩვენგან მხოლოდ ორ რაღაცას­ ითხოვდა..." - კვირის პალიტრა

"დემნა ჩვენგან მხოლოდ ორ რაღაცას­ ითხოვდა..."

16 წლის ნინი ელიზბარაშვილი იმ ქართველ მოდელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც გაუმართლა და დემნა გვასალიასთან მოუწიათ თანამშრომლობამ. ის ვეტმანის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობდა. თავის პროფესიულ წარმატებაზე, დემნასთან მუშაობის დეტალებსა და გეგმებზე ნინი "კვირის პალიტრასთან" ისაუბრებს.

- ჩემი მონაცემების გამო, სიმაღლეში 1.79 სმ ვარ, წონა - 58 კილოგრამი - არაერთხელ მირჩიეს სამოდელო სფეროში მომესინჯა ძალა. ერთხანს რუსთავის სამოდელო სააგენტო ლსტყლე-ში დავდიოდი. ორი თვის წინ Geomodels Agency-ში მივედი, რადგან გავიგე, რომ ახალ სახეებს ეძებდნენ. 5 ივნისი იყო. მითხრეს, მოგვეწონე, მაგრამ დაიგვიანე, ცოტა ადრე რომ მოსულიყავი, 17 ივნისს დემნა გვასალიას ჩვენებაზე პარიზში გაგიშვებდითო. თურმე ჩემი ფოტოები მაინც გაუგზავნიათ. დემნა ჩემით დაინტერესებულა და მეორე დღეს დამირეკეს, სასწრაფოდ საქასთინგე ვიდეო გადაიღე და გამოგვიგზავნეო. მალე მშობლებთან ერთად დაგვიბარეს სააგენტოში, მათი თანხმობის შედეგად 2-წლიანი კონტრაქტი გამიფორმეს და პარიზში გამამგზავრეს.

- დემნასთან თანამშრომლობის შესახებ რას გვიამბობ? - დემნა ჩვენგან მხოლოდ ორ რაღაცას ითხოვდა პოდიუმზე - სწრაფად გვემოძრავა და სახის მკაცრი გამომეტყველება გვქონოდა. ჩვენება ელისეს მიდვრებზე, "მაკდონალდსის" შენობაში გაიმართა და განსხვავებული, ეპატაჟური იყო. დემნამ ყოველდღიურობისთვის დამახასიათებელი დეტალები მაღალ მოდაშიც შეიტანა.

- ამჟამად თუ გაქვს შემოთავაზებები? - ახლახან მივიღე მონაწილეობა ქასთინგში და ველი პასუხს, თუ ამჯერადაც გამიმართლა, ცნობილ იტალიურ სააგენტოსთან ვითანამშრომლებ.

- მოდის გარდა, კიდევ რა ინტერესები და გატაცებები გაქვს? - ერთხანს ინტენსიურად ვვარჯიშობდი ფრენბურთში, თუმცა შემდეგ ქორეოგრაფიამ გამიტაცა, მერე ხატვამ, ახლა კი მოდის სამყაროში გადავეშვი.

- გსმენია გამოთქმა, "მოდელები ლამაზები, მაგრამ ჩერჩეტები არიანო"? - იქნებ ასეთ რამეებს ისინი ამბობენ, ვინც თავს ლამაზად არ გრძნობენ?.. სამოდელო სფეროში არ არსებობს გუნდური თამაში, იქ მარტო ხარ და შენით უნდა წარმოაჩინო თავი, სხვა ვერაფერს გიშველის. ვფიქრობ, მოდელები ძალიან ძლიერი ფსიქიკისა და მტკიცე ნებისყოფისანი არიან.

- რა არის საჭირო, რომ კარგი მოდელი იყო? - არ არის აუცილებელი მაღალი იყო, არც ზედმიწევნით სრულყოფილი, არც პროპორციებია გადამწყვეტი, მთავარი თავდაჯერებულობაა და უნარი, სწორად მიაწოდო მაყურებელს ემოცია.

- რაზე გიწევს უარის თქმა, რომ საუკეთესო ფორმაში იყო? - მივირთმევ იმას, რაც მინდა. ვვარჯიშობ,] ტრენაჟორებზე დავდივარ, ვცურავ... ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას და არ მოვიხმარ მაკიაჟს.

ახლა მე-11 კლასში ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ მინდა მოდელის პროფესიის ერთგული დავრჩე და მუშაობა საზღვარგარეთ გავაგრძელო. ძალიან მომწონს Victoria's Secret-ის მოდელები. რამდენიმე წლის შემდეგ მეც აუცილებლად გავხდები მისი მოდელი - ასეთია ჩემი გეგმა.