"ექიმს ვთხოვდი, იქნებ მკურნალობის სხვა ეტაპზე გადახვიდეთ, რადგანაც ბავშვი მძიმდება-მეთქი, ის კი მეუბნებოდა, ძალიან ემოციური დედა ხარო..." - კვირის პალიტრა

"ექიმს ვთხოვდი, იქნებ მკურნალობის სხვა ეტაპზე გადახვიდეთ, რადგანაც ბავშვი მძიმდება-მეთქი, ის კი მეუბნებოდა, ძალიან ემოციური დედა ხარო..."

"გერმანიიდან იოგების აღდგენისა და სასუნთქი მილის გაფართოების ოპერაციისთვის 39.000-ევროიანი ანგარიში მოგვივიდა. სანდროს ხრტილს ნეკნიდან ამოუღებენ, სასუნთქ არტერიაში ჩაუდგამენ და გაუფართოებენ, იოგებს კი დაუჭიმავენ და ამის შემდეგ ჩვეულებრივად ილაპარაკებს"

ქვეყნად ყველაფერი ხდება, თუმცა, რაც მინდიაშვილის ოჯახში დატრიალდა, არ უნდა მომხდარიყო, 2 წლის სანდროს სხვა ბავშვებივით უნდა ეხარა. ის და მისი ტყუპისცალი ძამიკო, დაჩი, ხომ როგორც ექიმებმა თქვეს, კაჟივით ჯანმრთელები დაიბადნენ! მაგრამ... სანდროს დედიკო მეტყველებადაკარგულ და ყელში სტომაჩადგმულ შვილს თითქმის ორი წელიწადია, იმის შიშით შეჰყურებს, სტომა არ ამოუვარდეს და არ დაეხრჩოს.

ლიზი მეზურნიშვილი, სანდროს დედა: - დედობის სიხარულს სიტყვები ვერ აღწერს, მაგრამ როდესაც ტყუპის დედობა მითხრეს, მახარებელ ექიმს თავგამოდებული ვუმტკიცებდი, რომელ ტყუპზე ლაპარაკობთ, ერთ ბავშვზე ვარ ფეხმძიმედ-მეთქი. მერე მან ორივე შვილის გულისცემა მომასმენინა და ჩემს მეუღლეს დავურეკე, იცი, ორი შვილი ერთად რომ გვიჩნდება-მეთქი? ის კიდევ ჩემზე მეტად დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო დაბნეულობისა და სიხარულისგან. ექიმებმა ნაადრევი მშობიარობა მირჩიეს - შესაძლოა ორსულობის ბოლომდე მიყვანა გაგიჭირდეს, ცოტა ადრე გამშობიარებთო! ასე რომ, ჩემი ბიჭები ფეხმძიმობის რვა თვის თავზე გაჩნდნენ. როცა ერთი დაიბადა, მეორეს ერთი წუთი დასჭირდა და ის წუთი საუკუნედ მექცა - ერთი წუთის შემდეგ მეორეც რომ ატირდა, მეც ავტირდი, რატომ არიან ასე პატარები-მეთქი? ექიმმა, რა გატირებს, ორივე კილოგრამი და შვიდასი გრამია, ხომ ხედავ, რა ვაჟკაცურად ტირიან, მთავარია, ჯანმრთელები არიან, რაც მუცელში ზრდა დააკლდათ, ორი კვირით ინკუბატორში დავასრულებინებთო. ბავშვები ინკუბატორში ორი კვირა იყვნენ, ერთი საათით მაძლევდნენ ნახვის ნებას, თვალს ვერ ვაშორებდი, თან ჯანმრთელობასაც ვაკვირდებოდი, არც სუნთქვა უჭირდათ და არც ჭამა. შინაც სრულიად ჯანმრთელები გამოვიყვანე.

მერე სანდროს ვირუსი დაემართა და ამით დაიწყო ჩვენი უბედურება. ბავშვს ჯერ შინ პედიატრის დანიშნულებით ვმკურნალობდი, მაგრამ მერე ბრონქებში ბევრი ნახველი დაუგროვდა და მეც ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გადავიყვანე. სამწუხაროდ, იქაც იმავე მეთოდებით გააგრძელეს მკურნალობა - მხოლოდ ინჰალაციით მკურნალობდნენ. ვხედავდი, რომ ინჰალაცია ბავშვს ნახველს ვერ უშლიდა, ამიტომაც ექიმს ვთხოვდი, იქნებ მკურნალობის სხვა ეტაპზე გადახვიდეთ, რადგანაც ბავშვი მძიმდება-მეთქი, ის კი მეუბნებოდა, აუცილებლად დაშლის, ძალიან ემოციური დედა ხარ, ბავშვი ამ ეტაპზე სხვა მკურნალობას არ საჭიროებსო. ამასობაში სანდრო უკან-უკან მიდიოდა, ნელ-ნელა ლურჯდებოდა. ექთანს შევჩივლე, ბავშვის ფერი არ მომწონს-მეთქი, მაგრამ მანაც იგივე მითხრა, ბავშვს არაფერი სჭირს, შენ ხარ ემოციურიო. მეორე ექიმმაც თითქმის იგივე გამიმეორა, ბავშვი ლურჯი სულაც არ არის, უბრალოდ, მოცისფრო ფერი აქვსო! რაღა მექნა, პალატაში მივბრუნდი, სანდროს ვაჭამე, ხელში ავიყვანე და უცებ საშინელება მოხდა - ბავშვს თავი მოწყვეტით ჩამოუვარდა...

- სუნთქვა შეწყვიტა? - დიახ... გაგიჟებული გავიქეცი ექიმთან. მან სანდრო გამომართვა და მითხრა, რა უქენი ბავშვსო? ბავშვისთვის მე რა უნდა მექნა, მაგრამ ამ სიტყვებზე ცა ჩამომემხო, მეგონა, შვილი მოვკალი და ჩემი სიცოცხლეც დამთავრდა. მერე ექიმმა კვლავ გამიმეორა, ბავშვს საჭმელი ფილტვებში ჰქონია გადასული, იმიტომაც დამძიმდაო.

სინამდვილეში კი ასე არ აღმოჩნდა - მოგვიანებით რეანიმაციის ექიმებმა მითხრეს, რა საკვები, ბავშვს ფილტვები ნახველით ჰქონდა სავსეო. ამის შემდეგ

სანდროს ხორხში სასუნთქი მილი ჩაუდგეს და თითქმის ორთვე-ნახევარი ჟანგბადის აპარატზე ჰყავდათ მიერთებული. პერიოდულად სასუნთქ მილს უღებდნენ და ამოწმებდნენ, მის გარეშე ისუნთქებდა თუ არა. მილის ხშირმა ამოღებამ ხორხის სტენოზი, სასუნთქი არტერიის დავიწროება და იოგების დამბლა გამოიწვია, ანუ ბავშვი დამუნჯდა. ორთვე-ნახევრის შემდეგ სანდროსთვის ყელის გაჭრა და სტომის ჩადგმა გახდა საჭირო. ახლა წლის და რვა თვის არის. სტომის გარეშე ვერ ისუნთქებს და ვერც ერთ სიტყვას ვერ იტყვის. თუმცა ჩემი პატარა საოცრად ჭკვიანია, საკუთარი, მიმიკების ენა მოიგონა თავის ძამიკოსა და ჩვენთან საურთიერთობოდ. რაიმე რომ უნდა, მოირბენს და მიმიკებით გვაგებინებს.

- სტომა ძალიან ძნელი მოსავლელია, ყოველწუთიერი გასუფთავება სჭირდება ნახველისგან, გარდა ამისა, თუ ბავშვმა ამოიგლიჯა, წამში გაიგუდება. - სანდრო ცელქია. ერთხელაც წამით ყურადღება მოგვიდუნდა და მანაც სტომა ამოიგლიჯა. ძლივს მივასწარით.

სტომას მოხმარებას მატერიალური პრობლემებიც ახლავს. ყოველთვე უნდა გამოცვალო, ფილტრები კი ყოველდღე ახალი უნდა ჩაუდგა, თორემ ბავშვს ფილტვებში მტვერი ჩაუვა და გაიგუდება. ამას ყველაფერს გავუძლებთ, ოღონდაც სანდროსთვის ოპერაცია გაგვაკეთებინა - გერმანიიდან იოგების აღდგენისა და სასუნთქი მილის გაფართოების ოპერაციისთვის 39.000-ევროიანი ანგარიში მოგვივიდა. სანდროს ხრტილს ნეკნიდან ამოუღებენ, სასუნთქ არტერიაში ჩაუდგამენ და გაუფართოებენ, იოგებს კი დაუჭიმავენ და ამის შემდეგ ჩვეულებრივად ილაპარაკებს.

ჩვენ არაფრის გაყიდვას არ დავიშურებთ, თუმცა, რომ გაყიდო, ფასეულიც უნდა გაგაჩნდეს რაიმე. ისევ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს. ვიცი, რომ სხვისი შვილისთვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა ადვილი არ არის, მაგრამ ვინც იცის, სიკეთე რისთვისაც უნდა აკეთოს, იქნებ ჩემს შვილს ის დაეხმაროს. პირობას ვიძლევი, ამ სიკეთის წილ სანდროს ადამიანების დახმარებას ვასწავლი - დრო რომ მოვა, თავადაც სიკეთით გადაიხდის.

ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, აქვე ვუთითებთ ანგარიშის ნომრებს:

საქართველოს ბანკი:

GE43BG0000000161503484 (GEL, USD, EUR); მიმღები: სანდრო მინდიაშვილის დახმარების ფონდი (Sandro mindiashvilis dakhmarebis pondi).

თიბისი ბანკი: GE81TB7450145061100006 (GEL, USD, EUR); მიმღები: ლიზი მეზურნიშვილი (LIZI MEZURNISHVILI)