"...ამით ჩემი მაყურებელი დავტესტე" - კვირის პალიტრა

"...ამით ჩემი მაყურებელი დავტესტე"

"ისეთებიც გავახარე, ვისაც არ ვუყვარვარ და გაბოროტებულია, მაგრამ დროებით..."

გია ჯაჯანიძის ერთ-ერთი ბოლო გადაცემა ჩვეულზე ამაღელვებელი და სენტიმენტალური იყო. უფრო მეტიც, იტირა კიდეც და შეიძლება ითქვას, მაყურებელსაც გამოემშვიდობა, თანაც ისე, რომ გაურკვევლობაში დატოვა. ყველამ დაიჯერა, რომ ცნობილი ტელესახე აღარ გაიელვებს ეკრანზე, თუმცა მომდევნო ხუთშაბათს, ისევ წარდგა ჩვეულ ამპლუაში. თუ რატომ მოიქცა გია ჯაჯანიძე ასე, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- არ მგონია ჩემი გამოსვლა უჩვეულო, რადგან ყოველთვის იმ შეგრძნებით ვემშვიდობები მაყურებელს, რომ ხვალ შოუ შეიძლება აღარ იყოს. მე არასოდეს აღვნიშნავ არც ერთ დღესასწაულს, იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველი დილა დღესასწაულია.

მაყურებელთან დამშვიდობება პაწაწინა ინტრიგა იყო, ამით ჩემი მაყურებელი დავტესტე. მაყურებელმა იფიქრა, რომ სამუდამოდ ვემშვიდობები და ძალიან ბევრი შეტყობინება მომივიდა. ისეთ წერილებს მწერდნენ, ვიფიქრე, გადაცემა რომ მართლა დაეხურათ, დიდ სიამოვნებას მოვაკლებდი მაყურებელს-მეთქი.

ისეთებიც გავახარე, ვისაც არ ვუყვარვარ და გაბოროტებული არიან, მაგრამ დროებით...

- სანამ ცნობილი სახე გახდებოდით, ბევრი აღმართ-დაღმართის გავლამ მოგიწიათ. - დიდ გაჭირვებაში ვცხოვრობდით, სულ გამონაცვალი ტანისამოსი მეცვა, სკოლა ისე დავამთავრე, ახალი ჩანთა არ მქონია. მიუხედავად ამისა, ბედნიერების გრძნობა არ მტოვებდა. სინამდვილეში არა ვარ ისეთი, როგორიც ეკრანზე ვჩანვარ. ფერადი ვარ, მხიარული, მაგრამ თამამი არა ვარ.

- ეკრანზე გამოჩენამდე ბევრ პროფესიაში მოსინჯეთ ძალა... - სასკოლო არდადეგებზე დურგალს მიმაბარეს. მის საამქროში ლიმონათისთვის აწყობდნენ ყუთებს, აკვნებსა და კუბოებსაც თლიდნენ. ერთი ყუთის გაკეთებაში დურგალი 7 კაპიკს მიხდიდა. მახსოვს, როგორ იყო ჩამწკრივებული აკვნები, კუბოები და სულ სიკვდილ-სიცოცხლეზე ვფიქრობდი. მას შემდეგ ეს ისე გავითავისე, დღესაც არ ვიცი, ჩემი სიტყვებია თუ სხვისი - `გიყვარდეს სიცოცხლე, გახსოვდეს სიკვდილი~. ამ სიტყვებით ბევრი გადაცემა დამისრულებია. შემდეგ პროფტექნიკური სასწავლებელი დავამთავრე, ლესვას და კაფელის გაკვრას გვასწავლიდნენ. მერე სავაჭრო ტექნიკუმში ჩავაბარე, მაგრამ ციფრები და ბუღალტერია არ იყო საჩემო საქმე. პარალელურად ჭიათურის თეატრში მთავარ როლებსაც მანდობდნენ. ერთხანს ეზოტერიკით ვიყავი გატაცებული. იმ პერიოდში ყოველი მეორე ყავის ჭიქაში იხედებოდა. მეც მოდას ავყევი, სანამ არ მივხვდი, რომ ყავაში კი არ ვიყურებოდი, ჩემ წინ მჯდომის ველი, ფიზიკური მონაცემები და ენერგეტიკა მალაპარაკებდა. ეს იყო მისტიკური კონტაქტი. ბევრი ადამიანი გადამირჩენია ხიფათისგან.

- პირველ სიყვარულზეც მიამბეთ. - პირველი სიყვარული მე-7 კლასში მეწვია. ფურცელზე დავწერე: ნ+გ=შ და იმ გოგონას მივაწოდე, რომელიც თვალში მომდიოდა, მან კი მასწავლებელს მიუტანა. ჟუჟუნა მასწავლებელმა თავბედი მაწყევლინა. მერე მართლა შემიყვარდა ერთი გოგო, 2 წელი ვიყავით ერთად, შეგვეძინა ბავშვი და მშვიდობიანად დავიშალეთ. მერე ისევ...

- რამდენჯერ იყავით დაქორწინებული? - 3-ჯერ, 2 შვილი მყავს, 4 შვილიშვილი. დღემდე იდეალური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან ჩემს ყოფილ ცოლებს. ცოტა მძიმე ხასიათი მაქვს, მაგრამ გამიმართლა, შვილებიც მიგებენ და სიძეებიც. ადრე შვილები რომ მეტყოდნენ, მამა, ეს მიყიდეო, ვეუბნებოდი, შვილო, ჯერ პატარა ხარ, მე კი ახალგაზრდა, ახლა თავს მივხედავ, თქვენ კი რომ გაიზრდებით, არაფერს მოგაკლებთ-მეთქი. ახლა ვეუბნები, შვილებო, თქვენ მომავალი წინ გაქვთ, მე დავბერდი, ახლა უნდა მოვასწრო ყველაფერი-მეთქი... მეხუმრებიან, კაცო, აღარ დადგა ჩვენი დროო?

- მართლა დაესწარით შვილის მშობიარობას? - ჩემს შვილს რომ მშობიარობა დაეწყო, ექიმმა გვითხრა, შეგიძლიათ ქმარი ან დედა, ან მამა დაესწროთო. გადაწყდა, რომ ქმარი შესულიყო და მე, ცოტა მეწყინა, თან ვფიქრობდი, ვერ გაძლებს, შეეშინდება და მალე გამოვა-მეთქი. მართლაც ფერდაკარგული გამოაბრძანეს და მეც მაშინვე ჩავანაცვლე. საოცარია, მართლა უნდა მენახა, როგორ ხდება ახალი სიცოცხლის დაბადება, ასეთ დროს უფრო მეტად იწამებ ღმერთს, უფრო მეტად აფასებ სიცოცხლეს.

მალე 60-ის გავხდები და იცით, რას მივხვდი? - ცხოვრებაში მთავარი ჯანმრთელობაა, ოღონდ არა მარტო ფიზიკური, გონით, სულით ჯანმრთელი უნდა იყო.