"სააკაშვილი თვლიდა, რომ მისი მტერი ვიყავი" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი თვლიდა, რომ მისი მტერი ვიყავი"

"ერთხელ აქციაზე ვიმღერე სიმღერა: "დედა ვატირე მე ყველა ომის" და "ნაცებმა" საკუთარ თავზე მიიღეს. მიუხედავად ამისა, მაშინ ბევრად მეტი კონცერტი მქონდა, ვიდრე ახლა მაქვს. აირია ქვეყანა, ავირიე მეც. "სადაც ადრე სიცხე იყო, ახლა უჭერს მზე"...

ბნელი 90-იანები. ჩაბნელებული ქალაქი, შიმშილი, სიცივე, გაუთავებელი რიგები პურზე, ნავთზე... და ამ ყველაფრის ფონზე "პანჩო" თავისი განუმეორებელი ხმითა და შესრულების მანერით. გავიდა წლები, ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ პანჩო და მისი სიმღერები ისევ უყვართ...

მაღიზიანებს... რომ ვღიზიანდები

ვგრძნობ... მომავალს.

მეშინია... მომავლის.

ვიცი... რომ ეს ასე იქნება.

ვეძებ... გამოსავალს ამ მდგომარეობიდან.

ღირსი ვარ... ყველაფრის.

ვკარგავ... იმას, რაც ყველაზე

ძალიან მიყვარს - თავისუფლებას!

ვმალავ... ჩემს უძლურებას.

ვკლავ... ჩემში ამ გრძნობას.

ვდარდობ... წარსულზე.

მესიზმრება... წარსული.

ვიტყუები... არასდროს.

კაიფობ... ყოველთვის.

ვტირი... ხშირად.

ვაპატიებ... ყველაფერს.

მახსოვს... ამ სიბერეში ბევრი არაფერი.

ვინახავ... იმედს.

მწამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- წლების განმავლობაში საკუთარი თავი იპოვეთ თუ დაკარგეთ?

- ვთვლი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი საკუთარ თავს პოულობს, ახალ ეტაპზე გადადის, ახალი იდეები მოსდის და შემდეგ მათკენ ისწრაფვის, რათა მიაღწიოს ყველაზე მთავარს - საკუთარ თავთან კავშირს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი თავი ოდესმე დავკარგე. ძალიან ადრე ვიპოვე და მას მერე მუდმივ განვითარებას ვცდილობ.

- რა ეტაპია ახლა პანჩოს ცხოვრებაში? - 6 თვეა, კონცერტი არ მქონია, ამიტომ პანჩოს ცხოვრებაში ახლა მძიმე ეტაპია. ალბათ, ყველასთვის რთული პერიოდია, განსაკუთრებით ხელოვანი ადამიანისთვის, მაგრამ სანამ სუნთქავ, გქონდეს იმედი.

ვერ ვცხოვრობ იმით, რისი ნიჭიც მაქვს. ვცდილობ ისეთი რამე გავაკეთო, რომ არსებობა შევძლო. ჩემს შემოქმედებით განვითარებას რაც შეეხება, სიმღერებს ვწერ, ხან სტუდიურად, ხან ისე, რისი საშუალებაც არის. მოკლედ, იმედით ვცხოვრობ.

- ბოლოს როდის იარტისტეთ? - არასდროს "მიარტისტია", თუმცა საუბრის დროს არტისტიზმსა და იუმორს დაძაბული სიტუაციიდან გამოვუყვანივარ.

- რამდენჯერადია პანჩოსთვის სიყვარული? - ოოოო... რთული კითხვაა... ამბობენ, რომ სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის. მიმაჩნია, რომ შეიძლება ადამიანს რამდენჯერმე შეუყვარდეს, თუმცა იმ ერთს ყოველთვის სხვანაირად გაიხსენებს და მას არქმევს ნამდვილ სიყვარულს. მე პირადად პირველი ცოლიც მიყვარდა, მეორეც... ვისთანაც კი მიცხოვრია, ყველა მიყვარდა.

ადამიანის ცხოვრება გამოცდილებაა, რა თქმა უნდა, ეს სიყვარულსაც ეხება. ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ბედნიერი კაცი ვარ, რადგან ურთიერთობაში რაც არის საჭირო, ყველაფერი მაქვს.

- როგორ მოახერხეთ, რომ თქვენი სიმღერები მუდამ აქტუალურია და ყველა თაობის წარმომადგენელმა იცის თქვენი ტექსტები? - მე გვიან დავდექი სცენაზე. დღემდე არ ვთვლი, რომ მუსიკალური ბომონდის წევრი ვარ და ამას არც ვცდილობ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სივრცეში ბევრი მეგობარი მყავს. არ ვიცი, აქტუალურობას როგორ ვინარჩუნებ, მე უბრალოდ, ჩემს სათქმელს ვამბობ.

- როგორია თქვენი თვალით დანახული თბილისი? - ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ თბილისი თბილისს აღარ ჰგავს. სიყვარული და ურთიერთობა მოაკლდა.

- უკონცერტობა პანჩოს ცხოვრებაში... - ეს იყო სააკაშვილის პერიოდში. თვლიდა, რომ მისი მტერი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს გვერდში არ ვედექი და ერთხელ აქციაზე სიმღერა "დედა ვატირე მე ყველა ომის" ვიმღერე, "ნაცებმა" საკუთარ თავზე მიიღეს, მიუხედავად ამისა, მაშინ ბევრად მეტი კონცერტი მქონდა, ვიდრე ახლა მაქვს. "აირია ქვეყანა, ავირიე მეც. სადაც ადრე სიცხე იყო, ყინვა უჭერს დღეს" - ეს ჩემი მეგობრის სიტყვებია და ეს სიტუაციაა დღეს. აირია ქვეყანა!

შეიძლება ივანიშვილმაც მტრად ჩამთვალოს, რადგან სულ ვამბობ, რომ იპოდრომი შეიძლება გადაიქცეს შესანიშნავ პარკად, რომელიც თბილისს მუდამ დარჩება მისი რესურსიდან გამომდინარე.

- "დედა ვატირე მე ყველა ომის"... რას გულისხმობთ ამ სიტყვებში? - ომით ჯერ ქვეყანას არ უხეირია. ამით ვიღაცები იღებენ სარგებელს, რადგან ეს მათთვის ფულია. ეს სიმღერა ყველა დროს აქტუალურია, ეს სიტუაცია ყოველთვის იყო და იქნება.

- რას უნდა ველოდოთ მომავალში პანჩოსგან? - კახა კალაძე ჯერ კიდევ არ იყო პოლიტიკური ფიგურა, როცა ერთ-ერთ გადაცემაში მნახა, სადაც ვამბობდი, რომ სიმღერებს ვწერ, თუმცა "თაროზე ვაწყობ". შემეხმიანა და დამაფინანსა. ეს იყო დიდი ადამიანობის გამომჟღავნება, რადგან სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა. სამწუხაროდ, ალბომი ჩაიწერა, თუმცა გამოშვება ვერ შევძელი, რადგან მაშინ ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და მთელი პოლიცია მე დამდევდა. წლების შემდეგ, როცა კახა კალაძე თბილისის მერი გახდა, დავწერე სიმღერა "ჩემი ქალაქი", რომელიც აუცილებლად შევა ჩემს ახალ ალბომში და სახელად "ჩემი ქალაქი ჩემსავით სუნთქავს" დაერქმევა. ვაპირებ ელექტრონულ მუსიკაშიც ვცადო ბედი.

თამუნა მარშანიშვილი