08:08:08 - "5-დღიან ომში სახელმწიფოს ინსტიტუციები დამარცხდნენ, თორემ ღირსეულმა სამხედროებმა იბრძოლეს" - კვირის პალიტრა

08:08:08 - "5-დღიან ომში სახელმწიფოს ინსტიტუციები დამარცხდნენ, თორემ ღირსეულმა სამხედროებმა იბრძოლეს"

"ქვეყნის პირველი პირის მიწაზე ფორთხვის სამარცხვინო კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა... შემდეგ კი დაკარგულ ტერიტორიებზე "ბრძანა", რაღაც 198 "ქვის გროვა" დავკარგეთო"

2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5-დღიან ომთან დაკავშირებული კითხვები კიდევ დიდხანს იქნება პასუხგაუცემელი... დაგეგმარება, მართვა, კონტროლი, კავშირგაბმულობა, ზურგი, დაზვერვა - სამხედრო ოპერაციების წარმატების ძირითადი ელემენტები აგვისტოს ომში პრაქტიკულად არ არსებობდა. თუმცა ეს არ არის იმ შეცდომების სრული ჩამონათვალი, რაც მაშინ სხვადასხვა უწყებრივ დონეზე დაუშვეს. "კვირის პალიტრას" თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე ესაუბრა:

- აგვისტოს ომს უამრავი წინა პირობა ჰქონდა და ეს ყველაფერი 2008 წელს არ დაწყებულა. რუსეთი დამოუკიდებლობის დაწყების დღიდან გვებრძოდა, თუმცა, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით და არაერთხელ წამოვეგეთ პროვოკაციას. კობა კობალაძე ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და ერთ რამეს ვიტყვი: ბოლო დროს ძალიან პოპულარულია კითხვა - არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? ამ კითხვის ავტორების მწირი ფანტაზია მაოცებს - რუსეთს რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მთელმა სამყარომ იცის, მაგრამ ვიღაცები ამით სპეკულირებენ და ტრაგედიაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს ამ კითხვაზე ვინმესგან დასტური სჭირდება, ტრაგედიაა ისიც, რომ ამ კითხვით ვითომ პატრიოტიზმზე აპელირებენ.

- ოპოზიციას გულისხმობთ, რომელიც ამ კითხვას ხშირად სვამს?

- არა მარტო. ყველას, ვინც ამ კითხვას სვამს, სამშობლოს სიყვარულის და მისი სატკივრის განცდა არასდროს ჰქონიათ. ზოგიერთს ეგონა, რომ საქართველოს ისტორიის ათვლა 2004 წლიდან დაიწყო. მეტიც, მაშინ აღმოაჩინეს, რომ რუსეთი აგრესორია. მათი მდაბიო ურაპატრიოტიზმის შედეგი იყო 2004 წლის აგვისტოს მოვლენები ცხინვალის მისადგომებთან, ქვეყანას სტრატეგიული პოზიციები რომ დააკარგვინეს... ეს იყო უმძიმესი ამბავი, რომ არაფერი ვთქვათ მსხვერპლზე, ადამიანურ დანაკარგზე. გადარჩენილი სამხედროები იქ მომხდარის გამო უკიდურესად შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს, რადგან ის ადამიანები, რომლებიც ახლა ვითომ ვიღაცის გასაშიფრავად სვამენ კითხვას, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, მუდმივად ამკვიდრებდნენ აზრს, რომ საქართველო გარკვეული რისკფაქტორების წინაშე უსუსურია და რუსეთი ძლევამოსილი ქვეყანაა. არადა, 90-იანი წლებიდან ოპერატიულ-ტაქტიკურ ბრძოლებში არც ერთი დამარცხება არ გვქონია, მათ შორის არც 2008 წელს - 5-დღიან ომში სახელმწიფოს ინსტიტუციები დამარცხდნენ, თორემ ღირსეულმა სამხედროებმა, ოფიცრებმა იბრძოლეს.

ის ინდივიდუალური გმირობები, რის მორგებასაც სათავისოდ, პიარისთვის ცდილობდნენ, იმ დაღუპული ბიჭებისა თუ სასწაულებრივად გადარჩენილების დამსახურებაა; ამის მაგალითია შინდისის გმირები, გიორგი ანწუხელიძე, რომლის შესახებ ემოციის გარეშე ვერ ვსაუბრობ... ანუ მისი უდიდებულესობა ქართველი ერი 2008 წლის ომში არ დამარცხებულა - სახელმწიფო უწყებები დამარცხდნენ. თუმცა შემდეგ დღეებში ქართველი ერი განზე გასწიეს და ყოვლად უსახური და უსუსური შემადგენლობა დადგა ვითომ წინა ხაზზე. ქვეყნის პირველი პირის მიწაზე ფორთხვის სამარცხვინო კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა... შემდეგ კი დაკარგულ ტერიტორიებზე "ბრძანა", რაღაც 198 "ქვის გროვა" დავკარგეთო. ახლა კი მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნის "ამონახეთქიც" მოვისმინეთ, - იმ ომის დროს სახელმწიფომ ამოისუნთქაო... იქნებ ჰკითხონ იმ ასობით დაღუპული სამხედროს ოჯახებს, მშვიდობიანი მოსახლეობისა და უსახელოდ დაკარგული ბიჭების მშობლებს, შვილების ცხედრებიც კი რომ არ ეღირსათ, მათთვის თუ არის ეს ამოსუნთქვა?! როდესაც ვამბობ, მათ სამშობლოს განცდა არ გააჩნიათ-მეთქი, ამასაც ვგულისხმობ - ასეთ დამოკიდებულებას ქვეყნის, დაღუპული გმირების მიმართ. სინამდვილეში, იმ პოლიტიკური ძალისთვის იყო ამოსუნთქვა, რადგან 2008 წლის არჩევნებში არც ისე კარგი შედეგი ჰქონდათ. ამ პოლიტიკური ძალის სურვილია ქვეყანაში მუდმივი ქაოსი იყოს. მათი მმართველობის დროსაც ასე იყო - ჩვენ გარეშე ქვეყანა დაიქცევაო - ამ იდეოლოგიას ნერგავდნენ. ახლაც იმავეს ცდილობენ, უჩვენოდ ქვა ქვაზე არ დარჩენილაო.

დავუბრუნდეთ აგვისტოს ომის თემას. მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა, რომ ჯარი და საომარი მოქმედებები მხოლოდ გულში მჯიღის ცემა არ არის, ის სამხედრო ინსტიტუციების ერთობლივი და შეთანხმებული მოქმედებებია, რაც არ არსებობდა. საინჟინრო და საარტილერიო უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა, დაგეგმარება, მართვა, კავშირგაბმულობა, სამხედრო დაზვერვისა და სპეცქვედანაყოფების უზრუნველყოფა - ეს ყველაფერი ერთ ოპერატიულ-ტაქტიკური დაგეგმარების სივრცეში უნდა იყოს მოქცეული. ჩვენ კი რა მივიღეთ? გადაწყვეტილებას პარტიული აქტივისტები, გუბერნატორები, თბილისის მერი ან ის პირები იღებდნენ, ვისაც პოლიტიკური ლეგიტიმაცია ჰქონდა. ისე ცვლიდნენ ან არ ცვლიდნენ გეგმებს, რომ შედეგზე არ ფიქრობდნენ, არავინ ფიქრობდა, რომ მათი ბრძანების უკან ადამიანების სიცოცხლე იდგა. ეს შეცდომა კი არა, დანაშაულია.

- კონკრეტულად ვინ გულისხმობთ?

- ახლა გვარ-სახელებზე საუბარი არ მინდა. როდესაც გენერალური შტაბის დაგეგმარებაში ერევა პირი, რომელიც სამხედრო ცხოვრების წესის აზრზეც არ არის, არანორმალურია. ჯარი ან ომისთვის ემზადება, ან ომობს, სხვა დანიშნულება მას არა აქვს. გაგანია ომის დროს ამ ერთიან ორგანიზმში უცხო სხეულებივით იჭრებოდნენ ადამიანები, რომელთაც ჯარის რეალიზაციასა და განვითარებაში ოფლიც კი არ მოუდენიათ. საკუთარი ან თანამებრძოლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაკარგვის შიში არ იცოდნენ და ამიტომაც გასცემდნენ ბრძანებებს დაუფიქრებლად. ამით ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს ქვეყანას. შემდეგ კი დამპყრობლის მასპინძელ მხარედ გადაიქცნენ, მისთვის თავის მოწონებას ცდილობდნენ. არ გახსოვთ, გენერალ ბორისოვსა და ოკუპანტი ქვეყნის სხვა გენერალიტეტს უმაღლესი სახელმწიფო პირები რა "ღირსეულად" მასპინძლობდნენ?

- საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე და არც შემდეგ არავინ იზრუნა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე, მაშინ, როდესაც ოსურმა მხარემ ეს რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.

- ოკუპირებულ ტერიტორიებზე დატოვებული მშვიდობიანი მოსახლეობა არც გახსენებიათ. გეგმაც არ ჰქონიათ. დიდიან-პატარიანად ხალხი ტყვიის პირისპირ დატოვეს. როდესაც უკან დახევის ბრძანება გაიცა, ხალხი ქაოსურად გამოდიოდა, ისევე როგორც მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიებზე მიტოვებული სამხედროები, მათ შორის დაჭრილები ან თავგზააბნეული ბიჭები. როდესაც სამშვიდობოს გამოსულები იგებდნენ, რომ დანარჩენები იქ იყვნენ ჩარჩენილი, მათ გამოსაყვანად უკან რისკის ფასად ბრუნდებოდნენ, ერთმანეთს საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხმარებოდნენ... უამრავი მათგანი ისევ საბრძოლო მოქმედებების ზონაში რჩებოდა, ზოგმა გამოაღწია, ზოგმა ვერა...

კავშირი არ არსებობდა, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ერთმანეთს მოსწყდნენ, კავშირის არარსებობის გამო მეთაურები სრულ ინფორმაციას საკუთარი ქვედანაყოფების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ ვერ ფლობდნენ. აღარ არსებობდა ერთიანი ფრონტის ხაზი. ვიღაცები ინდივიდუალურად იღებდნენ გადაწყვეტილებას. ყველა ჩამოთვლილი მიზეზი მეტი ადამიანური დანაკარგის წინა პირობაა...

არც ფოთი გახსენებია ვინმეს და ეს ქალაქი პორტიანად რუსებს შეატოვეს.

ამ არეულ ვითარებაში მთავარი გეგმა გამოაცხადეს - პრეზიდენტის სასახლე უნდა დავიცვათო, ანუ დაძაბულობის ცენტრი დედაქალაქში გადმოიტანეს... კარგად უნდა მოინდომო ადამიანმა ასეთი სიბრიყვის ჩადენა... ყველაფერთან ერთად არ არსებობდა სამობილიზაციო სარეზერვო ქმედითი ნაწილი.

- ალბათ, დიდხანს იქნება განსჯის საგანი რეზერვისტების თემა.

- ის პირტიტველა ბიჭები კონფლიქტის ზონაში, რეალურ ომში, სამეთაურო რგოლის გარეშე, მხოლოდ სამკვირიანი წვრთნის გამოცდილებით გაუშვეს. არ ჰქონდათ საკვები და წყალი. წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ ცდილობდნენ სამშვიდობოს გამოსვლას. არადა, ვარსებობდით ხალხი, რომელთაც ომში პრაქტიკული გამოცდილება გვქონდა, ვიცოდით მოწინააღმდეგის ტაქტიკური უნარ-ჩვევები, მაგრამ გამოცდილი კადრები რეზერვშიც არ გამოგვიძახეს.

ყველაზე დიდი დაცინვაც მახსოვს - სამხედროების ცხედრები უპატრონოდ იყო კონფლიქტის ზონაში, მათ გამოყვანას საპატრიარქო და სასულიერო პირები ცდილობდნენ, ესენი კი წაგებულ ომს მოგებულად ასაღებდნენ და თავისუფლების მოედანზე კონცერტი გამართეს. არ ვიცი, რას ფიქრობდნენ, იმ ბიჭების სიკვდილს დამალავდნენ?! გვახსოვს ეს ყველაფერი! სულ რაღაც 11 წლის წინ იყო, ახლა კი სამშობლოს სიყვარულზე გველაპ[არაკებიან.

- დღემდე უპასუხოა კოდორის ხეობის დაკარგვის თემა. თქვენ რა ვერსია გაქვთ? - ეს ქვეყანა რამდენიმეწლიანი ერთპიროვნული მმართველობისგან იმდენად მოშლილი და დაძაბუნებული იყო, რეგიონებში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარიც არ ჰქონდათ. არადა, მანამდე სამობილიზაციო ეფექტიანი სარეზერვო სისტემა გააუქმეს, რაზმი "მონადირე" უკანონო დაჯგუფებად გამოაცხადეს, ჩვენ დაგიცავთო. როგორ დაიცვეს, ვნახეთ... იგივე გააკეთეს ახალგორშიც, ის გმირი და მართლაც მეომარი ხალხი განაიარაღეს და ბოლოს ტყვიის პირისპირ დატოვეს. დღემდე არავინ იცის, ვინ გასცა ხეობიდან პირადი შემადგენლობის გამოყვანის ბრძანება, ვინც ეს გასცა, უფლებამოსილებას გადაამეტა, რაც დანაშაულია. სამხედრო ტექნიკა დატოვეს, როგორც გორისა და სენაკის, ისე სხვა ბაზებში... ეს აჩენს ეჭვს, რომ სულ სხვა თამაშთან გვქონდა საქმე და რუსეთს ეს ტერიტორიებიც სამართლებრივად გადაუფორმეს. 2008 წლის საომარი მოქმედებები იმ ხელისუფლებამ იმისთვის გამოიყენა, რომ ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემა შეეფუთა.

- თუმცა ისინი მუდმივად აპელირებენ პროდასავლურობაზე. - ეს მათი თავის დაცვის ნაწილია. დარწმუნებული ვარ იმ 5 დღის განმავლობაში ჩადენილი არაერთი შეცდომა და დანაშაულის მიზეზი მხოლოდ უვიცობა არ იყო... საერთო გეგმიდან გადახვევა ვიღაცების ნებით ხდებოდა...

- შემდეგ გვესმოდა ასეთი შეფასებები, რომ არა რუსული ავიაცია, სხვა შედეგს მივიღებდითო. - ძალიან არასერიოზული იყო ის განცხადებები, ნებისმიერ სახელმწიფოს თავისი ისტორიიდან გამომდინარე ტაქტიკური მოქმედების სისტემა აქვს. რუსეთის შეირაღებული ძალების ტაქტიკა ასეთია - მოწინააღმდეგის სიღრმეში შეყვანა, ლოჯისტიკის ნაწილების გათიშვა, შემდეგ კი უკვე წარმატების ეიფორიაში მყოფი პირადი შემადგენლობის დაზიანება, რის შემდეგაც ის ინიციატივას ხელში იღებს...

შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ვითარება ოდნავ ჩაცხრა, იმის ნაცვლად შეცდომები გაეანალიზებინათ, იმ ოფიცრებისა და პირადი შემადგენლობის დევნა დაიწყეს, რომელთა ზურგზეც იმ 5-დღიანი ომის სიმძიმემ გადაიარა. ამით თავიანთი ხელისუფლების რეაბილიტაციასა და დანაშაულის გადაფარვას ცდილობდნენ. მათი შეცდომების განეიტრალების გაგრძელება იყო ე.წ. მუხროვანის ამბოხიც... ის უსუსური კომისია, რომელიც ამ ომის შემდეგ პარლამენტში შეიქმნა, კიდევ ერთი დანაშაული იყო. იმავდროულად, ამ თემას ტაბუ დაადეს და ნებისმიერი განსხვავებული აზრი პრორუსულად აღიქმებოდა. ამიტომ ისე გავიდა წლები, რომ ეს პროცესები სრულად ვერ შეფასდა, სწორი კითხვები ვერ დაისვა და შესაბამისად, ანალიზიც, ჯერჯერობით ვერ გაკეთდა. თუმცა ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ წინა ხელისუფლებამ ეს ტერიტორიები რუსეთს გადააბარა.