არ არსებობს რეცეპტები!!! - კვირის პალიტრა

არ არსებობს რეცეპტები!!!

პირველი არხის სატელევიზიო პროექტის "მასტერშეფის" ფინალისტს თინა ვაშაკიძეს ყველა კარგად იცნობს. 35 წლის პროფესიონალ მზარეულს ფსიქოლოგიაში ბაკალავრის, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების განხრით მაგისტრის ხარისხი აქვს. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, შემდეგ კი სხვადასხვა პროექტზე ბიზნესსექტორში. ბოლო ერთი წელი მისთვის რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა.

- ყოველთვის შეგიძლია ყველაფერს ხაზი გადაუსვა და თავიდან დაიწყო. ყველაზე საინტერესო და საშიში ერთი წელი გამოვიარე და არ ვიცი, მომავალში რა იქნება, თითქოს საკუთარ შესაძლებლობებს ვეთამაშები. `მასტერშეფის" მერე უცნაური სურვილი ამეკვიატა, პროგრამირების სწავლას ვაპირებ. საკმაოდ აზარტული ვარ და მომწონს ახალი გამოწვევები, "მასტერშეფმა" მომცა საშუალება გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან და საკუთარი შესაძლებლობები ექსტრემალურ პირობებში გამომეცადა.

- შენს ოჯახზე გვიამბე. - ორი შვილი მყავს, ნატალი მეცხრეკლასელია, ლუკა - მეოთხე. ძალიან პრეტენზიულები არიან, მაღალი გასტრონომიული სტანდარტები აქვთ, პატარა შეცდომასაც არ გაპატიებენ. ნატალის სუში უყვარს, ლუკას იხვის სტეიკი, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც პასტას ვამზადებთ.

- რომელია შენი საყვარელი კერძი? - მიყვარს, როცა კერძი მაოცებს და თავის ამბავს მიყვება, მეხსიერებაში უნდა დამრჩეს და თავი გამახსენოს ხოლმე, თუმცა ყველაზე მეტად პური მიყვარს, ახალგამომცხვარის სუნზეც კი მაკანკალებს. რაც უნდა მოვამზადო, სულ უკმარისობის განცდა მაქვს. თითქოს დაუსრულებელი პროცესია. კულინარია ჩემთვის დროსთან ურთიერთობის საშუალებაა, სფერო, რომელიც მოგონებებს გიღვიძებს და იმავდროულად, ახალ შეგრძნებებს გჩუქნის. არც კი მინდა ვიცოდე ის კერძი, რომელსაც ყველაზე კარგად ვამზადებ - ეს დასასრულია.

- საქართველოს კულინარიის აკადემიაზე გვიამბე, როგორ გაიცანი ია ძაგანია? - კულინარიის აკადემიაში მეგობართან ერთად ჩავეწერე. მითხრეს, სამი წლის შემდეგ დაგიკავშირდებითო. არც მიფიქრია, რომ ამ სფეროში პროფესიონალური პრეტენზიები გამიჩნდებოდა. ვიფიქრე, კარგი ხაჭაპურის გამოცხობას ვისწავლი-მეთქი და მთლიანად ჩამითრია. ერთ ლექციაზე ია ძაგანიამ ლექტორს ჰკითხა, საკვებ საფუარზე რას ფიქრობთო. აღმოჩნდა, რომ ორივეს გვაინტერესებდა საკვები საფუარი, ტაპიოკას სახამებელი, იუზუს პონზუ და ათასი უცნაური სიტყვა. ასე დავმეგობრდით. უნივერსიტეტში ყოველთვის კარგად ვაბარებდი გამოცდებს, აკადემიაში კი ქართული სამზარეულოს შუალედურ გამოცდაზე ლობიოზე ჩავიჭერი და გადაბარებამ მომიწია. მას შემდეგ მიზნად დავისახე ლობიოს ზეცამდე აყვანა.

- ჰოლდინგ `პალიტრამედიის" სოციალური კამპანიაა "იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა", რომელიც ქართული წარმოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თქვენს წარმატებულ პროექტ "ამოჭამეზე" მოგვიყევი. - "ამოჭამე" შვილივით მიყვარს. დღესდღეობით გვაქვს სამი სახის მურაბა: წიწაკის, ხახვის და ბოლოს, წიწაკისა და კივის ნაზავი. ყველაფერი ჩემი, ია ძაგანიასა და თამი კიკნაძის თამაშით დაიწყო და 4 ტონა წიწაკის დამუშავებით გაგრძელდა. თავიდან ისიც კი არ ვიცოდით, რომ დამუშავებისას ხელთათმანები უნდა ჩაგვეცვა. იყო დამწვრობები, სასწრაფოები, ალერგიები. "ამოჭამე" პირველი პროექტი იყო, ბიზნესგეგმის გარეშე, მთლიანად გასტრონომიულ ვნებებზე დაფუძნებული, დღევანდელი გადმოსახედიდან კი "ამოჭამე" წარმატებული ბიზნესპროექტია, განვითარების დიდი პოტენციალით. დასაწყისში ქსელები უარს გვეუბნებოდნენ რეალიზაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ანალიზი და ლაბორატორიული დასკვნა გვქონდა. ჩვენი პირველი მხარდამჭერები პატარა მაღაზიები იყვნენ.

- შენი და ია ძაგანიას მომავლის უნიკალურ რესტორან "ისტორიაზე" გვიამბე... - ერთხელ შემთხვევით მოვხვდით ძველ თბილისურ ეზოში, მე-19 საუკუნის მარანში და ვეღარ დავივიწყეთ. გავრისკეთ და ჩვენი ხელით გავაკეთეთ თითქმის ყველაფერი. ეს არის ღვინის მარანი, სადაც 1902 წლიდან საფრანგეთის ელჩი საქართველოში მიღებებს მართავდა. გვინდა ახალი კუთხით დაგანახოთ ქართული გასტრონომია და თქვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დავრჩეთ.

- ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის რაიმე რეცეპტი გაგვიზიარე. - არ არსებობს რეცეპტები!!! აიღეთ ის პროდუქტი, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ, რისიც გეშინიათ ან რაც შინ გაქვთ, გაშალეთ ფრთები და დატკბით საკუთარი თავისუფლებით.

ნათია სიბაშვილი