"ვახო ისე დავკრძალეთ, ბესოს არც კი გავაგებინეთ. არ მინდოდა, მეორე შვილიც დამეკარგა..." - კვირის პალიტრა

"ვახო ისე დავკრძალეთ, ბესოს არც კი გავაგებინეთ. არ მინდოდა, მეორე შვილიც დამეკარგა..."

ნანა მჭედლიშვილი პროფესიით ექიმ-ოფთალმოლოგი გახლავთ. ათეული წლების მანძილზე მუშაობდა ამ პროფესიით და ხატვით ახლაც ვერ ხატავს, თუმცა თუ მის ნამუშევრებს დაათვალიერებთ, ამას ვერც იფიქრებთ და მერწმუნეთ, აღფრთოვანდებით კიდეც, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ყვავილები ძალიან უყვარს. ქალბატონი ნანა კერამიკული ასოციაციისა და მხატვართა კავშირის წევრი გახლავთ. ქართველ მხატვართა 3 კატალოგშია შესული მისი ნამუშევრები. ის თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის ლევან თედიაშვილის მეუღლეა.

- საგარეჯოში დავიბადე და გავიზარდე. ექიმების ოჯახიდან ვარ - მშობლები, ბიძები, ბიცოლები - ყველანი ექიმები იყვნენ და არც მე და არც ჩემს დებს სხვა პროფესიაზე არასდროს გვიფიქრია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვარ, ქირურგი და წლების განმავლობაში ოფთალმოლოგიურ ცენტრში განყოფილების გამგე ვიყავი. სხვათა შორის, ჩემი პროფესია ძალიან დამეხმარა ამ ნამუშევრებზე მუშაობისას.

- ფაიფურზე მუშაობამ როდის ან რატომ გაგიტაცათ? - ადრიდანვე განსაკუთრებულად მიყვარდა ყვავილები და ხედავთ, ჩემს სახლში რამდენი ფაიფურის ნივთია, რომელზედაც სწორედ ყვავილებია გამოსახული. ამ კოლექციას წლების მანძილზე ვაგროვებდი. პირველი ხელფასი რომ ავიღე, პირველი ნივთი მაშინ ვიყიდე საკომისიო მაღაზიაში. მერე სხვებიც მომეხმარნენ კოლექციის გამრავალფეროვნებაში. რაც შეეხება ფაიფურზე მუშაობით გატაცებას, ჩემი შვილის, ვახოს დაღუპვის შემდეგ დავიწყე ყვავილებიანი ნივთების შექმნა და თიხაზე მუშაობა. ლევანი მოსკოვში იყო, ბესომ იმ ზაფხულს ჩააბარა და ამერიკაში სწავლობდა. აქ მხოლოდ მე და ლევანის ბიძაშვილი ქალი ვიყავით, ერთი სიტყვით, რთული პერიოდი მქონდა. ჩემი კოლექციის შემყურემ გადავწყვიტე, თვითონ გამეკეთებინა მსგავსი ნივთები. პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სილიკატების ტექნოლოგიის კათედრაზე იყო მანანა კეკელიძე, რომელმაც ამიხსნა, როგორ უნდა მემუშავა თიხაზე. სხვებიც დამეხმარნენ, გამოსაწვავი ღუმელი მიშოვეს და თვითონვე დამიმონტაჟეს. გავიდა ერთი წელი, თავიდან პატარ-პატარა ნივთებით დავიწყე, მერე უფრო დიდ მასშტაბებზეც გადავედი და ადრე თუ ერთ სიბრტყეში ვაკეთებდი ყველაფერს, მუშაობის პროცესში ესეც დავხვეწე. ერთხელაც მანანას ვუთხარი, არ გაინტერესებს, რას ვაკეთებ, მოდი და დაათვალიერე-მეთქი. ძალიან მოეწონა. ჩემი პირველი ნამუშევრები ახლა უკვე აღარ მომწონს.

- მართლაც ძალიან ცოცხალი და განსხვავებულია თქვენი ნამუშევრები. ალბათ საკმაოდ რთული პროცესია?

- ქარხნებიც კი ძალიან წვალობენ, ბუნებრივი ფერის მიღებაზე. გამოვწვავ და მერე აკრილის საღებავებით ვცდილობ იმ ფერების მიღებას, რომელიც მინდა. წარმოიდგინეთ, რომ ბალახის თითოეული ღერი ჯერ გამოვძერწე, მერე შევღებე და ისე დავამაგრე. აი, სწორედ ამაში დამეხმარა ჩემი პროფესიაც და ინსტრუმენტებიც - მიკროქირურგი ვიყავი და სიზუსტეს მიჩვეული გახლდით. ფაიფური და აკრილის საღებავები - აი, ესაა ჩემი სამუშაო მასალა. ზოგჯერ ყველას რომ მოსწონს ჩემი ნამუშევარი, მაინცდამაინც ის არ მომწონს მე. ხალხი გიჟდება ამ დიდ პანოზე (პანო - კედლის ან ჭერის ნაწილი, რომელსაც შემოვლებული აქვს ორნამენტი და მასში ნახატი ან სკულპტურა თავსდება. - ავტ.), მე - ნაკლებად. ამის გაკეთებას ზუსტად 3 წელი მოვანდომე, დიდი შრომა დასჭირდა, ვერა და ვერ ვავსებდი ყვავილებით. ჯერ გამოძერწვა, გამოწვა, შეღებვა, კომპოზიციების გაკეთება. ყველაზე მეტად მეზარება, ჩარჩოს მუყაო რომ უნდა გადავაკრა და გავამზადო, მაგრამ ამასაც თვითონ ვაკეთებ. 6 თვის მანძილზე დღედაღამ ვაკეთებდი ამ იასამნებს. წარმოიდგინეთ, რამდენი პატარა ყვავილი უნდა გააკეთო. 4 წუთი უნდა თითოეულის გამოძერწვას, ზოგი გიტყდება. როცა უკვე დასრულებულ სახეს იღებს ნახატი, კმაყოფილი ვარ. თავიდან არასდროს ვიცი, როგორი გამოვა.

- თქვენ გარდა თუ აკეთებს ვინმე მსგავს ნამუშევრებს?

- ამბობენ, არავინ აკეთებსო. არიან პროფესიონალები, რომლებიც თითოეულ ნაწილს ასხამენ ფორმაში. აქ კი თითოეული ფოთოლი ჩემი გამოძერწილია. გერმანიაში მეისენის ქარხანაში ვიყავი და დავათვალიერე. დიდი სურვილი მქონდა, იქ მემუშავა.

- გამოფენებში ხშირად მონაწილეობდით, როგორც ვიცი...

- პირველი გამოფენა 1998 წელს მქონდა, როდესაც ჩემი მეუღლე - ლევან თედიაშვილი 50 წლის გახდა. მას წიგნი მივუძღვენი და ამ წიგნის პრეზენტაციაზე პირველად გამოვფინე ჩემი ნამუშევრებიც. გამოფენა მქონდა გერმანიაში, საფრანგეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. 20 ნამუშევარი ბულგარეთში, გამოფენიდან დაიკარგა, აღარ დამიბრუნეს. გერმანიაში, გამოფენაზე ხელოვნებათმცოდნემ რომ განაცხადა, ეს ფაიფურიაო, ყველა განცვიფრდა, თურმე ჰერბარიუმი ეგონათ, მართლაც იმდენად ეფექტური და ცოცხალი ჩანდა ყვავილები. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ცისფერ გალერეაში გამართული პერსონალური გამოფენა იყო. მიხაროდა და მიკვირდა, რომ ეს მე შევძელი.

- მითხარით, რომ არა ეს ტრაგედია, ალბათ არც ეს ნამუშევრები შეიქმნებოდაო.

- ღმერთმა რაღაცა წამართვა, სამაგიეროდ, სხვა რამით დამაჯილდოვა, ასე მგონია. ფაიფური რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, როგორ ვიქნებოდი. თიხას უარყოფითი ენერგია მიაქვს, თან სხვა რამეზე ხარ გადართული და ფიქრისთვის ნაკლები დრო გრჩება.

- შეგიძლიათ, რამე გვითხრათ ვახოზე? - ძალიან მხიარული ბიჭი იყო ვახო, სადაც მივიდოდა, სულ სიცილ-კისკისის ხმა ისმოდა იქ. ადამიანებთან იოლად ურთიერთობდა, საოცრად პასუხისმგებლიანიც იყო. ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მანამდე სამხატვრო აკადემიაში აბარებდა, კარგად ხატავდა, დღესაც მაქვს მისი ნახატები შენახული. როდესაც ვახოზე ვფიქრობ, ვცდილობ ფიქრი შევწყვიტო, თორემ შეიძლება გავგიჟდე. ჩემი მეორე ვაჟი - ბესო ძალიან დაიჩაგრა და გამოიცვალა ვახოს გარდაცვალების შემდეგ, სულ სხვანაირად ლაღი იყო და დაითრგუნა, ძალიან დააკლდა ძმა. შვილთან - ბესოსთან ერთად ახლა მხოლოდ მისთვის ვცდილობ, ფეხზე ვიდგე. მას კარგი ოჯახი ჰყავს და ამით ბედნიერი ვარ. ვახო ისე დავკრძალეთ, ბესოს არც კი გავაგებინეთ. ყველას ვაფრთხილებდი, რომ არაფერი წამოსცდენოდათ. არ მინდოდა, მეორე შვილიც დამეკარგა. რა ხდებაო, რაღაცას ეჭვობდა და კითხულობდა, მაგრამ ვეუბნებოდი, მალე შენთან მოვდივარ, ამერიკაში და ვახოს რომ რამე ცუდი დამართოდა, მანდ ხომ არ წამოვიდოდი-მეთქი? ორივე მშვიდობით დაბრუნდა-მეთქი ომიდან, ვატყუებდი. ბესო მაშინ 17 წლის იყო, პირველ კურსზე სწავლობდა. მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ამ დარდს. დაკრძალვის შემდეგ წავედი, თვითმფრინავიდან როგორც ჩამოვედი, შავი შარფი მოვიხსენი, რომ არ შეშინებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვუთხარი და ცოტა ხანს დავრჩი მასთან...

- თქვენ ვინ გითხრათ, როგორ გაიგეთ?

- ლევანმა მოასვენა სახლში. 1993 წელს მოხდა ეს ამბავი, 23 სექტემბერს... იმ დილას ურეკია ვახოს, მაგრამ კაბელი იყო გაფუჭებული და ვერ ველაპარაკე. იმ თვითმფრინავით უნდა წამოსულიყვნენ, ბაბუშერაში რომ ააფეთქეს. დაბომბვა რომ დაიწყო, ბარძაყის არტერიაში მოხვდა ნამსხვრევი და სისხლდენით გარდაიცვალა. საავადმყოფოში წაიყვანა ლევანმა, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს. ამ დროს მე აეროპორტში დავრბოდი და თვითმფრინავებს ვხვდებოდი და ვაცილებდი თბილისში.

- მისი შეჩერება ეცადეთ? - არა და ვერც შევაჩერებდი, თვითონ გადაწყვიტა, რომ იქ უნდა მდგარიყო და მორჩა. მაშინ ისეთი პატრიოტული განწყობით იყო ყველა, ლამის ქალებსაც კი უნდოდათ წასვლა და როგორ ვეტყოდი, შენ სახლში დარჩი-მეთქი? ლევანი ამის გამო მოსკოვიდან ჩამოვიდა, მეც შენთან ერთად წამოვალ, ერთი დღე დამელოდეო, სთხოვა. უნდოდა, დაეცვა შვილი. სხვათა შორის, კარგი სროლა იცოდა სამივემ. პატარაობიდანვე სწავლობდნენ ცურვას, სროლას, ცხენით ჯირითს. წინადღეს ყველაფერი მოიმარაგეს, მეც გამოვუცხვე რაღაცები და ორივე გავაცილე...

- არ მინდა საუბრის ასე სევდიანად დასრულება. ბატონ ლევანზეც გკითხავთ და გთხოვთ, რამე გაიხსენოთ. - მე ვიყავი ლევან თედიაშვილის მეუღლე და ეს, რა თქმა უნდა, მაძლევდა სიამაყის უფლებას. ყველა მისი მიღწევის მონაწილე ვარ. ლევან თედიაშვილი თვითონ ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევდა და ხშირად მედლებს სხვებს ჩუქნიდა. ასეთი გულკეთილი იყო სულ, რაც თავი მახსოვს.

- გაიხსენეთ, შაჰის ნაჩუქარი ბეჭედი რომ მოგართვათ, მაშინ მისი საცოლე იყავით?

- ამ ამბავს კი გავიხსენებ, მაგრამ ის ბეჭედი ვიღაცას მოეწონა თურმე, მას აჩუქა, ჩემთვის კი სხვა იყიდა და ის ჩამომიტანა. ეს იყო 1971 წელს, თეირანში გაიმართა ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი შაჰინშაჰის სახელობის პრიზის მოსაპოვებლად. მსოფლიოს მრავალ ცნობილ ფალავანს შორის ლევანიც გამოდიოდა, მაშინ 23 წლის იყო. მას შერკინება მოუხდა შაჰის საყვარელ, დაუმარცხებელ ფალავანთან და გაიმარჯვა კიდეც. შაჰინშაჰი ისე მოხიბლულა ლევანის ოსტატობით, რომ ძვირფასი ბეჭდით დაუსაჩუქრებია, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, იმ ბეჭედმა საქართველომდე ვერ მოაღწია.

- დაბოლოს, რას გეგმავთ ახლო მომავალში, ახალ პანოზე მუშაობა ხომ არ დაგიწყიათ?

- როგორც უკვე ვთქვი, ძალიან შრომატევადია, რასაც ვაკეთებ, დიდი დრო სჭირდება. ამიტომ ცოტა ხანს შევისვენე. ჩემი ნამუშევრები ორგანზომილებიანია, მაგრამ ახლა დიდი სურვილი მაქვს, რომ ერთი დიდი პანო შევქმნა, სამგანზომილებიანი, რომელსაც "გაზაფხულს" დავარქმევ და რომელზეც აბსოლუტურად ყველა ყვავილს მოვუყრი თავს.

იხილეთ ასევე: შაჰინშაჰის საჩუქარი უძლეველ ქართველ ფალავანს

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"