"ამ გოგონას სიმღერაში შიშს ვერ იგრძნობთ..."
"ამ გოგონას სიმღერაში შიშს ვერ იგრძნობთ..."
რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში 23-ედ ჩატარდა World Championships of Performing Arts - WCOPA 2019, სადაც პირველად აფრიალდა საქართველოს დროშა და ჩემპიონატში საქართველოს დებიუტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: ზუგდიდელმა გოგონამ თამარ ლილუაშვილმა ვოკალისტებს შორის WCOPA 2019-ის ვარსკვლავის ტიტული და ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა და, ასევე - სურვილის შემთხვევაში ამერიკაში სწავლის დაფინანსებაც! World Championships-ის ვარსკვლავის სტატუსი და მესამე ადგილი, ორი ვერცხლისა და ერთი
ოქროს მედლით, მოიპოვა თბილისის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "სამამ".
WCOPA 2019-ის სკაუტი საქართველოში გახლავთ Art fest Georgia-ს დირექტორი ნინო გელაშვილი. 2018 წლის ნოემბერში შესარჩევ ტურებზე სწორედ მან შეარჩია "მსოფლიოს ჩემპიონატის" საგზურის მფლობელები: ქორეოგრაფიული ანსამბლი "სამა" (ხელმძღვ. ნათია ალფაიძე) და ვოკალისტი თამუნა ლილუაშვილი (ხელმძღვ. ნინო მამფორია).

ნინო გელაშვილი:
- ჩემპიონატი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და მსოფლიოს 66 ქვეყნის წარმომადგენლებთან ძალიან სერიოზული შერკინება მოგვიხდა. ქორეოგრაფიაშიც და ვოკალშიც სამ-სამი განსხვავებული გამოსვლა გვქონდა. ფასდებოდა კონკრეტული ნომრები შესაბამისი ნომინაციით და საბოლოოდ თითოეული ნომერი დამოუკიდებლად დააჯილდოვეს. გახსნის ცერემონიაზე 66-ვე ქვეყანამ საკუთარი სამოსი წარმოადგინა. ჟიურის წევრებმა ანსამბლ "სამას" ეროვნული კოსტიუმი გამოარჩიეს და სპეციალური პრიზი და, ასევე - მესამე ადგილი სწორედ "საუკეთესო კოსტიუმის" ნომინაციით მივიღეთ. ქართველებმა ფესტივალის რჩეულებისთვის გამიზნული საჩუქარიც დავიმსახურეთ - სოლისტმა თამუნა ლილუაშვილმა და ანსამბლმა "სამამ" World Championships -ის ვარსკვლავის სტატუსიც მოვიპოვეთ.
წლების განმავლობაში ეს ჩემპიონატი ამერიკელი კინოვარსკვლავისა და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის - არნოლდ შვარცენეგერის პატრონაჟით ტარდებოდა და დღემდე ერთ მიზანს ემსახურება - მსოფლიოს მასშტაბით აღმოაჩინოს ვარსკვლავი და მას წინსვლაში ხელი შეუწყოს. ვინც ჩემპიონატზე უმაღლეს ჯილდოს - "გრანდს" მოიპოვებს, მას უფინანსებენ სწავლასა და ცხოვრებას ჰოლივუდში და ვარსკვლავად აქცევენ. ალბათ, მიხვდით, რა მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების აქ გამოსვლა, თანაც, მის ისტორიაში პირველად და პირველივე ჯერზე - დიდი წარმატებით.

ნინო მამფორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია "რიბი-რაბოსა" და ანსამბლ "გინცის" დირექტორი, თამარ ლილუაშვილის ხელმძღვანელი:
- კონკურსში 3000 ვოკალისტი მონაწილეობდა. თამუნა სამ ნომინაციაში გამოვიდა და იმღერა სოული, როკი და ქართული სიმღერა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ნახევარფინალში გადავიდა 170 ვოკალისტი, ხოლო ფინალში - მხოლოდ 5, რომელთა შორის აღმოჩნდა თამუნაც. საკონკურსო იყო ფინალური კონცერტიც.
თამუნა პედაგოგთან-  ნინო მამფორიასთან ერთად
მართალია, ჩემპიონატის მთავარი ჯილდო - "გრანდი" ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ თამუნა გახდა "ჩემპიონატის ვარსკვლავი" და სამ ნომინაციაში 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მფლობელი. ხელდამშვენებული დავბრუნდით საქართველოში და ჩვენს ზუგდიდში - ეს მართლაც დიდი გამარჯვება იყო. თამუნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური დახმარებით წავიდა ამერიკაში და ძალიან ბედნიერი იყო, ეს მხარდაჭერა რომ გაამართლა.

თამუნა ლილუაშვილი, WCOPA 2019-ის ვარსკვლავი, 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლის მფლობელი, ვოკალისტი:
- სიმღერა და, ზოგადად, მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა. დავიკავებდი ხოლმე სათამაშო მიკროფონს ხელში და ჩემთვის ვმღეროდი. მახსოვს, ერთ დღეს დედამ მითხრა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეეტის სტუდია "რიბი-რაბოში" უნდა შეგიყვანოო და დღემდე ღრმად მწამს, ეს იყო ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რამაც ჩემს ცხოვრებას სხვა ელფერი შესძინა და მომცა შანსი, ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა. სტუდიაში ყველა თავს მევლებოდა, მეფერებოდა, მე კი მართლაც ძალიან მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. არც ის სიტყვები დამვიწყნია (და არც არასდროს დამავიწყდება), რაც სტუდის ხელმძღვანელმა, დღემდე ჩემმა მასწავლებელმა და უფროსმა მეგობარმა, ქალბატონმა ნინო მამფორიამ 9 წლის ასაკში მითხრა: შენ აუცილებლად დადგები დიდი მომღერალი, რადგან შენი მსგავსი ხმა ყველას არ აქვსო... ნინო მასწავლებელმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ჩემს შემდგომ წარმატებებში. დღემდე ყველგან ჩემ გვერდითაა და იმას მიკეთებს, რასაც, მგონია, არც ერთი პედაგოგი არ გაუკეთებს თავის მოსწავლეს - მუდამ მამხნევებს, როცა ვნერვიულობ; არ მაძლევს საშუალებას, რომ დავნებდე და მეუბნება, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გამოვა, როგორც მე გინდა, მთავარია საკუთარი შესაძლებლობების მჯეროდეს...

ბავშვობაში რას წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში ასეთ დიდ წარმატებებს მივაღწევდი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე საქართველოს სახელით ჰოლივუდში ვიმღერებდი და, მით უფრო - სამი ნომინაციიდან სამივეში გავიმარჯვებდი. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს სახელით მივედით ფინალამდე. "მსოფლიოს ჩემპიონატზე", სადაც მანამდე საქართველო არასდროს გამოსულა; სადაც არასდროს აფრიალებულა საქართველოს დროშა; სადაც პირველივე ვიზიტისას ფინალშიც გავედით და, ამავდროულად, მსოფლიოს დავანახეთ, რა სამშობლო გვაქვს და რა შეუძლია ერთი ციდა ქვეყანას.

უძლიერესი კონკურენტები მყავდა და ჩემს თავს ვეკითხებოდი, ვინ მიმიშვებს ნახევარფინალამდე-მეთქი?! ფინალზე არც ვფიქრობდი. ზუსტად ვიცოდი, თუ სასწაული მოხდებოდა და ნახევარფინალში მოვხვდებოდი, თავს გამარჯვებულად მივიჩნევდი. უკვე აღარ ვფიქრობდი ფინალზე, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ვერ მოვხვდებოდი. რომ გამოცხადდა ჯერ "Georgia", შემდეგ ჩემი სახელი და გვარი, ისე ძალიან გამიხარდა, ცრემლებიც ვერ შევიკავე არენაზე. ეს ყველაზე დიდი სასწაული იყო ჩემს ცხოვრებაში - 5 ფინალისტს შორის მოვხვდი. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ მართლა ასე ძალიან გავცდი ჰორიზონტს და ფინალამდე მივედი, იქ კი სამივე ნომინაციაში ორი ოქროსა და ერთი ვერცხლი ავიღე. უდიდეს მადლობას ვუხდი ქალბატონ ნინო გელაშვილს, რომელმაც ქართველ ვოკალისტებს შორის სწორედ მე ამარჩია და შანსი მომცა, World Championships-ზე საქართველო წარმედგინა.

- თამუნა, საფესტივალო ატმოსფეროზე, კონკურენტებსა და ჟიურის წევრებზე, ასევე, შენი თვალით დანახულ ლოს ანჯელესსა და ჰოლივუდზეც გვიამბე...
- long beach – california სადაც ჩვენ ვიყავით, ძალიან ლამაზია, მაგრამ ყველაზე მეტად თვალშისაცემი იყო ის ხალხი, ვინც ქუჩაში გვხვდებოდა: ყველა ყველას უღიმოდა და ვერაფრით მოიწყენდი, რადგან ირგვლივ მხოლოდ ბედნიერ სახეებს ხედავდი. ფინალისტებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ყველა ერთმანეთს ვამხნევებდით. კონკურსის განმავლობაში გუნდებად დაყოფილ 66-ივე ქვეყნის მონაწილეებს "მსოფლიოს ვარსკვლავები" მასტერკლასებს გვიტარებდნენ. მე მეცვა მაისური წარწერით - team Georgia, მასტერკლასი კი ჩაგვიტარა რომეო ჯონსონმა. მან თავიდანვე გვითხრა, ვისაც ხელს დავადებ, გამოვა და იმღერებს, მე კი მას რჩევებს მივცემო. ჯონსონმა მეც გამიყვანა და მამღერა. არ მავიწყდება, იქ დამსწრე საზოგადოებას რომ უთხრა, - ამ გოგონას სიმღერაში შიშს ვერ იგრძნობთ, მიბაძეთ მას - იგი TV შოუებისთვისაა დაბადებულიო.
თამუნა ჟიურის წევრთან - სკოტი გრენჯერთან ერთად

ერთ ჟიურის წევრს, მუსიკოსსა და პროდიუსერს სკოტი გრენჯერს კი განსაკუთრებულად მოეწონა ჩემი ხმა, ნახევარფინალის შემდეგ შემხვდა და მითხრა, - მე მიყვარს შენი ხმა, შენი ხმა ბრწყინვალეაო, მერე თავისი სავიზიტო ბარათიც მომცა და დააყოლა, თუ ამერიკაში კიდევ ჩამოხვალ, დამირეკე, კოლეჯში სწავლის გაგრძელებაში ხელს შეგიწყობ და დაგაფინანსებ კიდეცო. ჯერჯერობით, სკოლაში სწავლაზე ვფიქრობ. მომავალ წელს ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. მერე კი - ვნახოთ. ალბათ, უცხოეთში გავაგრძელებ სწავლას.

პ.ს.
უკვე სამშობლოში დაბრუნებულ თამუნას ახალი მოწვევა დააწიეს, ის ნიუ-ორკიში 24 ოქტომბერს ერთი კვირით გაემგზავრება, მიიღებს მონაწილეობას ერთ-ერთ პრესტიჟულ ღონისძიებაში და გადაუღებენ კლიპს უსასყიდლოდ! 1-ელ აგვისტოს კი თამარ ლილუაშვილმა კიდევ ერთი წერილი მიიღო ჰოლივუდიდან, WCOPA-ს ვოკალისტების კატეგორიაში ჟიურის ერთ-ერთი წევრისა და K.K. Record-ის პრეზიდენტის - პერსიანა დულოსგან, რომელიც თამუნას სათანამშრომლოდ იწვევს და კარიერული წინსვლისა და პოპულარობისთვის სრულ ხელშეწყობას სთავაზობს.
ლარისა
06 აგვისტო 2019 14:29
ვულოცავ თამუნა ლილუაშვილს და ნინო მამფორია ...ვულოცავ ნინო გელაშვილს... ვულოცავ სრულიად საქართველოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?