"ისევ ლამაზია რუსთაველის გამზირი?" - მოულოდნელი შეხვედრა აფხაზ ქალთან დიდ ბრიტანეთში - კვირის პალიტრა

"ისევ ლამაზია რუსთაველის გამზირი?" - მოულოდნელი შეხვედრა აფხაზ ქალთან დიდ ბრიტანეთში

kvirispalitra.ge -ს ბლოგერი, ჟურნალისტი ნინო ცხვარაშვილი თავის მორიგ ბლოგში დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისას თავსგადახდენილ ამბებს იხსენებს, მათ შორის ერთ საინტერესო შეხვედრას. გთავაზობთ ამონარიდს:

"იშვიათად ვიყენებდი ავტობუსს. უსწრაფესი მეტრო და იმისი ჯანი-მეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ, რას იზამ ყოველთვის ისე არ ხდება შენ რომ გინდა. ერთ დღეს ავტობუსიც დამჭირდა. იქ ყველაფერს თავის წესები აქვს. მაგალითად, არავინ ყვირის "რომ გადახვალ გამიჩერე", მიმაგრებულ ზარს აჭერ ხელს და მძღოლთან ინთება, რომ შემდეგ გაჩერებაზე უნდა გააჩეროს.

მძღოლი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა, ჩემს გაგზავნილ სიგნალს ქართული ხმაც გავაყოლე "Are you stopping there?" და "ვახ" მივაყოლე. ბავშვიანი ქალი, რომელიც ჩემს წინ იდგა ნელა შემობრუნდა და დამაკვირდა. უხერხულობა ვიგრძენი, ამ დალაგებულ ქვეყანაში ნეტავ დისკომფორტი ხომ არ შევიტანე-მეთქი. "ქართველი ხართ?" - მეკითხება. მე თავს ვუქნევ "თქვენ?" ჩემს შეკითხვაზე თბილად იღიმის და მეკითხება: "ისევ ლამაზია რუსთაველის გამზირი?" გავიფიქრე, ალბათ ტურისტი იყო საქართველოში, მაგრამ მაინც ვკითხე უკვე ქართულად - თქვენც ქართველი ხართ-მეთქი? - მიპასუხა: - არა, არ მესმის ქართული, მაგრამ ეს სიტყვები ნაცნობია, ინტონაციაც... მე აფხაზი ვარ. მას შემდეგ რაც ახლობლები დამეხოცა და ყველაფერი გამინადგურდა ომის შემდეგ აქ ვცხოვრობ, ლტოლვილად. ჩემი შვილები აქ დაიბადნენ... ამას არ ამბობდა აგრესიით, ჩემდამი, როგორც ქართველისადმი ცუდი დამოკიდებულებით.

"ისე როგორ მოვკვდები, ჩემს ბავშვებს თბილისი არ ვანახო", - თქვა მან და მე გულში რაღაც ჩამწყდა. რაღაცნაირი გრძნობები ამერ-დამერია სულში. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ისევ თვითონ მითხრა, მოვა დრო და ერთად ვიცხოვრებთო. ძლივს ამოვილუღლუღე ორი სიტყვა და ქალს ბავშვზე შემოხვეულ ხელზე მოვეფერე". იხილეთ სრულად