დიღომში 8 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - მოზარდის მდგომარეობა უმძიმესია - კვირის პალიტრა

დიღომში 8 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - მოზარდის მდგომარეობა უმძიმესია

8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც დიღომში მანქანა დაეჯახა, უმძიმესია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.

მათი განმარტებით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ბავშვს ოპერაციები ვერ უტარდება.

"ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა. იგი რეანიმაციაშია მოთავსებული და ოპერაციები ვერ უტარდება, რადგან მისი მდგომარეობა უმძიმესია", - განაცხადეს იაშვილის კლინიკაში.

რაც შეეხება ქალს, რომელიც ავარიის დროს ასევე დაშავდა, ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ქალბატონს აღენიშნება რამდენიმე სახის მოტეხილობა. მოთავსებულია ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში და უტარდება ოპერაციები. ამ ეტაპზე მას სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი დაზიანებები არ აღენიშნება", - განაცხადეს ღუდუშაურის კლინიკაში.

უბედური შემთხვევა მირიან მეფის ქუჩაზე მოხდა. ბავშვი და ქალი ერთი ოჯახის წევრები არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"