"ჩემთვის ჯილდო ჩემი ბავშვების გამარჯვებაა... როგორი ცუდი ამინდიც არ უნდა იყოს, თბილისიდან გორში დავდივარ გაკვეთილების ჩასატარებლად" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ჯილდო ჩემი ბავშვების გამარჯვებაა... როგორი ცუდი ამინდიც არ უნდა იყოს, თბილისიდან გორში დავდივარ გაკვეთილების ჩასატარებლად"

"ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო", - ამბობდა გალაკტიონი და ამით ღვთისგან ბოძებულ ამ საჩუქარს უპირველესად მიიჩნევდა. ჩვენში რომ ყოველი მეორე მღერის, ეს ახალი ამბავი სულაც არაა, მაგრამ ჩვენდა საამაყოდ, განსაკუთრებულებიც მრავლად გვყავს. ასეთებს ბავშვობიდან ეტყობათ, მაგრამ ამის დანახვას და შემდეგ სწორად განვითარებას ნიჭთან ერთად, დიდი ძალისხმევა და მხარდაჭერა სჭირდება. ალბათ, ხშირად გაგიგიათ ასეთი რამ - პედაგოგმა შეაყვარა თავისი საქმეო ან პედაგოგმა ისე შეაძულა საგანი, რომ საერთოდ გადაიფიქრა იმ პროფესიის დაუფლება, რაზეც ოცნებობდაო. დიახ, მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული თუ როგორ დააფრთიანებს ბავშვის ნიჭს და შესაძლებლობას, მიზნისადმი სწრაფვას გაუძლიერებს თუ საბოლოოდ, ხელს ჩააქნევინებს...

მინდა გაგაცნოთ უკრაინული საბაშვო "ახალი ხმის" გამარჯვებული საოცარი ბიჭის, ალექსანდრე ზაზარაშვილის ვოკალის მასწავლებელი, ქალატონი მაყვალა ხორბალაძე-ლაშქარაშვილი. იგი გორის ვ. მურადელის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლაში მუშაობს, არის კონცერტმაისტერიც. ის  მრავალი მუსიკალური კომპოზიციის, საესტრადო სიმღერის, საგალობლის, თქვენ წარმოიდგინეთ, ჰიმნების ავტორიც გახლავთ. თავად ქალბატონი მაყვალა დღემდე ემადლიერება თავის პედაგოგს, ცნობილ მუსიკოსსა და დირიჟორს, ნიკოლოზ ბახტაძეს, რომელმაც პიანისტების უამრავი თაობა აღზარდა... ამ რამდენიმე ხნის წინ ქალბატონმა მაყვალამ სწორედ დიდ მაესტროს მიუძღვნა ერთ-ერთი კონცერტი.

ქალბატონი მაყვალა საინტერესო ეპიზოდს იხსენებს ალექსანდრე ზაზარაშვილზე, ბიჭზე, რომელმაც აღაფრთოვანა სრულიად უკრაინა და საბავშვო "ვოისის" ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერეს შემსრულებლად აღიარეს.

- ალექსანდრეს სამი წელია კლასიკურ ვოკალში ვამეცადინებ. იგი სოფელ რუისიდანაა. ვიდრე გორში, ჩემთან მოვიდოდა, სოფელში თავის უფროს დას დაჰყვებოდა ხოლმე გუნდის რეპეტიციაზე. დაჯდებოდა იქვე კუთხეში და ინტერესით ადევნებდა თვალყურს რეპეტიციის მსვლელობას. ერთხელაც, რაღაც არ მოეწონა პედაგოგს, რამდენჯერმე შეუსწორა ბავშვებს ნამღერი... პატარა ალექსანდრეს ვერ მოუთმენია და წაიმღერა ზუსტად ისე, როგორც მოითხოვდა პედაგოგი. განცვიფრდა დირიჟორი, ასეთი პატარა ზუსტი ბგერებით ასრულებდა საგუნდო სიმღერას. მალევე გადაწყდა, რომ ალექსანდრეს გორის I სამუსიკო სკოლაში უნდა ჩაებარებინა. ასე მოხვდა ალექსანდრე ჩემთან. ახლა ის მესამე კლასშია. ხმაში ისეთი "მეტალი " აქვს, რაც უიშვიათესია, მაღალ ბგერებს იოლად იღებს. რამდენიმე ხნის წინ ჩემთან მოვიდა რეჟისორი ნიკო ბაგაშვილი, რომელსაც უნდოდა მოკლემეტრაჟიანი ფილმის " მოჟღურტულე ბეღურების" გადაღება და მთხოვა, გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვი მომეძებნა მისთვის... მაშინვე ალექსანდრესკენ გამექცა ფიქრი და მივუყვანე. ფილმის გადაღების დროს ალექსანდრემ ყველა აღაფრთოვანა. სულ მალე პრემიერაც შედგება და ქართველი მაყურებელი იხილავს ფილმს.

უკრაინული "ვოისის" შემდეგ ალექსანდრე ისეთი პოპულარული გახდა, რომ მასზე ყველაფერი დაიწერა, თუმცა მის პედაგოგთან ინტერვიუს ჩაწერა თქვენ პირველმა გადაწყვიტეთ. მე მისი მხოლოდ პედაგოგი კი არა, კონცერტმაისტერიც გახლავართ. ბევრ კონსკურსში მივაღებინე მონაწილეობა, ერთ-ერთი პირველი გამარჯვება კი, თელავის საერთაშორისო კონკურსი იყო, სადაც ალექსანდრემ პირველი ადგილი მოიპოვა. ასევე მონაწილეობდა "მომავლის ვარსკვლავშიც", აქაც გაიმარჯვა და გაემგზავრა ქალაქ პეზაროში, სადაც შესთავაზეს უფასო სწავლა მუსიკალურ აკადემიაში. მეამაყება, რომ ჩემმა მოსწავლემ ისეთ შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა, რომელშიც უამრავი ნიჭიერი ბავშვი მონაწილეობდა.

გაზაფხულზე ამერიკიდან ჩამოსულმა ხელოვანმა ადამიანმა, დავით ღვინიანიძემ, რომელმაც თავისი ფონდი დააარსა ნიჭიერი ბავშვებისათვის, გადაწყვიტა საქართველოს მასშტაბით ჩაეტარებინა კონკურსი, რომელიც გამოავლენდა ტალანტებს. ფინალში გავიდა მხოლოდ სამი: ერთი ვოკალისტი (ჩემი ალექსანდრე ზაზარაშვილი), ერთიც პიანისტი და ერთიც მევიოლინე. ამ სამმა მოიპოვა უფლება 19 სექტემბერს გაემგზავროს ამერიკაში და კარნეგ ი-ჰოლში 10 დღის განმავლობაში გამართოს კონცერტები. მგზავრობაც და ყველანაირი ხარჯი დაუფინანსდებათ ფონდიდან. უსაზღვროდ მიხარია თითოეული ჩემი მოსწავლის წარმატება. როგორი ცუდი ამინდიც არ უნდა იყოს, მე თბილისიდან გორში დავდივარ გაკვეთილების ჩასატარებლად, ხელფასი კი მიზერული მაქვს. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ჩემი ბავშვების გამარჯვებაა. რაც შეეხება ალექსანდრეს, უნდა აღვნიშნო, რომ ის საოცრად ხალასი ბავშვია, უზომოდ თბილი და ემოციური, რაც მთავარია, მიზანსწრაფულია და ბრძოლის ჟინი ყოველთვის აქვს. მისთვის იმედგაცრუება უცხო ხილია. მჯერა, რომ ალექსანდრე კიდევ ბევრჯერ გვასახელებს.

- ვიცი, რომ 300-მდე სიმღერა გაქვთ შექმნილი, როგორც საესტრადო და საგუნდო, ასევე საგალობლები. ხართ გორის საპატიო მოქალაქე, საქართველოს პროფესიონალ ქალთა საზოგადოების წევრი, სულ ახლახან მოგანიჭეს კულტურის ამაგდარის წოდება, მიღებული გაქვთ საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენი, გაქვთ უამრავი ჯილდო, დიპლომი და სიგელი, ხართ საერთაშორისო კონკურსების ლაურიატი. ასეთი სიმდიდრით ბევრი ვერ დაიტრაბახებს და მაინც, რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? - ყველა ჯილდო დასაფასებელია, მაგრამ არაფერი შეედრება შენი შემოქმედებით აღფრთოვანებული მსმენელის ემოციებს და აპლოდისმენტებს. როცა ჩვენს პატრიარქს მოვასმენინე ის საგალობლები, რომელიც მას მივუძღვენი, არასოდეს დამავიწყდება მისი ათრთოლებული ხელით დალოცვა. მან პატივდების სიგელი მაჩუქა ხელმოწერით. ეს ჩემთვის ნამდვილი საგანძურია. ასევე დაუვიწყარია ეთერ კაკულია, რომელიც აზარტული მონარდე იყო. ნარდის ფედერაციამ მთხოვა შემექმნა მათთვის ჰიმნი. ეთერის ძმის ლექსზე დავწერე მუსიკა, რომელიც ჰიმნად იქცა, ასრულებდა ეთერი. დამეგობრებული ადამიანები და კარგი მოსწავლეები ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. ხშირად მსტუმრობს იტალიელი ტენორი, პაოლო ლევანტინო და ჩვენ ორნი საქართველოს კუთხეებში ვატარებთ საქველმოქმედო კონცერტებს. როგორც ხელოვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - უყვარდე მსმენელს და აფასებდეს შენს შემოქმედებას, ხოლო როგორც პედაგოგისთვის - იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, ვიდრე შენი მოსწავლის წარმატება.

მარინა ბაბუნაშვილი (სპეციალურად საიტისათვის)