"ეს ჩემთვის დიდი სტრესი და შოკი იყო... 38 წლის ასაკიდან ახალი ცხოვრება დავიწყე"
07-08-2019
"ეს ჩემთვის დიდი სტრესი და შოკი იყო... 38 წლის ასაკიდან ახალი ცხოვრება დავიწყე"
"ასეთი განსაცდელის დროს შენ გვერდით რჩებიან ადამიანები, ვისაც მართლა ძალიან უყვარხარ, ვისაც სტკივა შენი ტკივილი და ახარებს სიხარული"

ნინო მეუნარგია ყველას კარგად ახსოვს ჯერ კიდევ "მეორე არხის" ტელეეთერიდან, მერე იყო არაერთი პროექტი: ვარსკვლავები გვამცნობენ, საოჯახო ლოტო, ამინდის პროგნოზი, კინორეიტინგი, ალიონი, ღამის ჯაზი... შემდეგ რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა - გაჩნდა დაჩიკო, რომელიც ახლა 10 წლისაა და რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ჟურნალისტის ცხოვრებაში. დაძლეულ სირთულეებზე ნინო თავად გვიამბობს.

- 38 წლის ასაკიდან ახალი
ცხოვრება დავიწყე, მას შემდეგ, რაც მესამე შვილი - დაჩიკო გაჩნდა. ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. იკითხავთ, რატომ ახალიო? იმიტომ, რომ საერთოდ სხვა სამყარო დავინახე... დაჩიკომ მომცა ძალიან დიდი გამოცდილება და შეიძლება ითქვას, მან ცხოვრება მასწავლა. ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ მაღალი ბილირუბინის გამო, ბირთვული სიყვითლე განუვითარდა, გამოწერის შემდეგ
ერთ კვირაში ცუდად გახდა და საბოლოოდ, - ცერებრული დამბლა მივიღეთ. ეს ჩემთვის დიდი სტრესი და შოკი იყო. მთავარი არ არის, ფიზიკურად გარდაიცვალოს, მოკვდეს ადამიანი, მე მორალურად მოვკვდი. თუმცა, სენტიმენტებს დიდი ხნის წინ დავემშვიდობე და ფეხზე დავდექი. მე მყავდა 3 შვილი და გავიაზრე, რომ მათ სჭირდებოდათ ჯანმრთელი, გონივრულად მოაზროვნე დედა, მით უფრო, დაჩიკოს. არ მქონდა დეპრესიის უფლება. ჩემი მეუღლეც, ოჯახის სხვა წევრებიც სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ. ფსიქოლოგების გარეშე მოვახდინე საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაშიც ჩემი ხასიათი დამეხმარა. სიცოცხლე მიყვარს. კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რომ ამქვეყნად ერთხელ მოვედი, მეორედ აღარ დავიბადები და ყველაფერი რეალობად მივიღე.

- ამის შემდეგ რა იყო პირველი ნაბიჯები, რითიც დაჩიკოს დაეხმარე?

- დავიწყე ბრძოლა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მივმართე სპეციალისტებს (ეს ინფორმაცია გამოადგებათ მშობლებს, რომლებიც ახლა გადიან ამ ეტაპებს), ჩავუჯექი ინტერნეტს და ბევრი რამ გავიგე. მაშინ ჩემი გოგონა 14 წლის, ვაჟი კი 12-ს იყო. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის პროგრამაში ადრეულად ჩართვა; ხშირად აგვიანებენ, რადგან მშობლებს სტრესთან გამკლავება უჭირთ. მე ვეღარ ვიქნებოდი მოქმედი ჟურნალისტი, საერთოდ მოვწყდი მედიას, 4 წელი არსად ვმუშაობდი და ბევრ რამეში გავერკვიე. რეაბილიტაციის გარდა, დაჩიკოს სჭირდება მედიკამენტოზური ჩარევა. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, იცოდე შენი და შენი შვილის უფლებებიც. რადგან მეტისმეტი მიჯაჭვულობაც ცუდია, დამოუკიდებლობის კოეფიციენტი მცირდება ამ დროს, გადავწყვიტე, ისევ დავბრუნებოდი აქტიურ ცხოვრებას. მოვძებნე ადამიანი, ვისაც ჩემი შვილი მივანდე - ეკა ჩვენი ოჯახის წევრია.

- როგორი ბიჭია დაჩიკო?
- დედას პრინცია, საოცრად პოზიტიური, ღიმილიანი. არაფრით განსხვავდება სხვა ბავშვებისგან, გარდა იმისა, რომ მას აქვს გარკვეული გამოწვევები, რომლებსაც ერთად ვუმკლავდებით. განსაკუთრებულად უყვარს თავისი და, მიუხედავად იმისა, რომ მზრუნველობას არავინ აკლებს. როდესაც ის შემოდის სახლში, დაჩიკოსთვის დღესასწაულია, მასთან ერთად თამაშობს, ერთობა, ტელევიზორს უყურებს.

- ნინო, ალბათ ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედე და ბევრი რამ გადააფასე, არა?
- ღირებულებების გადაფასება მომიხდა და დავრწმუნდი, რომ ყველაზე ღირებული ჯანმრთელობაა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ყველაფრის გაკეთებას შეძლებ ადამიანი... უფრო მეტად პოზიტიური გავხდი. ამ გამოწვევებმა დიდი ძალა მომცა და გავძლიერდი, კიდევ უფრო დავაფასე სიცოცხლე, ურთიერთობები. ასეთი განსაცდელის დროს შენ გვერდით რჩებიან ადამიანები, ვისაც მართლა ძალიან უყვარხარ, ვისაც სტკივა შენი ტკივილი და ახარებს სიხარული. თურმე, შეიძლება შემთხვევითმა ადამიანმა იმხელა სიკეთე გაგიკეთოს, რასაც ვერ წარმოიდგენდი. ამ სიტუაციამ დამანახვა, რომ ბევრი კარგი ადამიანი დადის ქვეყანაზე. ამბობენ, ასეთი ბავშვი ოჯახში ან მადლია, ან წყევლაო, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს უფლის ნებაა, გამოწვევა, მშობლის გამოცდა, როგორ გაუძლებს განსაცდელს და როგორ მოერევა ამ ყველაფერს.

- და თქვენ გაუმკლავდით ამ გამოცდას და მოერიეთ ყველაფერს...
- როდესაც ტელევიზიაში დაბრუნება გადავწყვიტე, საკუთარ თავს ვკითხე, დიდი დრო გავიდა და რა გავაკეთო-მეთქი? პასუხი ადვილად მოვიძიე და მივხვდი, რომ ერთადერთი, რა მიმართულებითაც უნდა მემუშავა, ეს იყო შეზღუდული შესაძლებლობები. 7 წლის წინ მედია ნაკლებად საუბრობდა ამ თემებზე. "ჩვენ აქ ვართ" - ამ პროექტით რადიო "იმედში" მივედი. ერთი სეზონი გაქაჩავო? - მკითხეს. ერთი სეზონი კი არა, 7 წელი ვარსებობდით. ასეთი ნდობისთვის დღემდე მათი მადლობელი ვარ. ყოველ პარასკევს გადიოდა ეთერში ეს გადაცემა, ჩემი სამიზნეები იყვნენ მშობლები. როდესაც ვიღაც ღიად საუბრობს ამ პრობლემებზე, მერე სხვებიც ფიქრობენ, რომ თურმე, დასამალი არაფერი ყოფილა. სწორი და მართებული აქცენტების გაკეთება მნიშვნელოვანია. ამჟამად რადიო "იმედის" დილისა და დღის არხის წამყვანი ვარ. პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, რევაზ რევაზიშვილმა შემომთავაზა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ჩაგაბარებთო და პარალელურად, იქაც ვმუშაობ. მოკლედ, აქტიური ცხოვრება მაქვს. ხშირად მქონია პერიოდები, როდესაც ვფიქრობდი, ამას ვერ მოვერევი-მეთქი. მეგობრებს სულ უკვირთ, როგორ არ იღლები, ამდენი რამის კეთება როგორ შეგიძლიაო? სამი შვილის დედას დეპრესიის უფლება არ მაქვს. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, კარგი შვილები, სამეგობრო და ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ.

ნინო ჯავახიშვილი
ჟურნალი "გზა"

ლულუ
08 აგვისტო 2019 10:17
უფალმა გაგაძლიეროთ .არაჩვეულებრივი დედა ხართ!
თამარი
08 აგვისტო 2019 08:17
მადლობა თქვენ!
----------
07 აგვისტო 2019 16:43
გაძლირება და მხნეობა არაჩვეულბერივ დედას!! ყველა დედა გმირია, მაგრამ ასეთი დედები გმირზე გმირები!!!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?