დაჭრილი ჯარისკაცების საშველად დაბრუნებული ტყვედ ჩავარდა... 25 წლის ბიჭი დახვრიტეს - კვირის პალიტრა

დაჭრილი ჯარისკაცების საშველად დაბრუნებული ტყვედ ჩავარდა... 25 წლის ბიჭი დახვრიტეს

ბავშვობიდან ოცნებობდა ჯარისკაცობაზე. ქვეყნის სიყვარული მის გულში იმხელა ადგილს იკავებდა, რომ ყოველთვის მზად იყო მდგარიყო იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა. 25 წლის შმაგი სოფრომაძე, 2008 წლის ომში ტანკის ეკიპაჟის მეთაური იყო, მისი ისტორია გარდა სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავგანწირვისა იმით გამოირჩევა, რომ მან ბრძოლის ველზე დაჭრილი ჯარისკაცები არ მიატოვა და ბოლომდე მათი სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძოლა.

შმაგის ტანკი ერგნეთის მისადგომებთან დაზიანდა, მან ცხინვალის ტერიტორიის ტყეებიდან დაჭრილების გამოყვანა დაიწყო, ბოლოს თავისი დაჭრილი ასმეთაური გამოიყვანა, რომელმაც უთხრა, რომ უკან დახევის ბრძანება მიღებული იყო და ტყეში აღარ შებრუნებულიყო - იქნებ ტყეში კიდევ არიან დაჭრილი ბიჭები და შველა სჭირდებათო, - ეს იყო შმაგი სოფრომაძის პასუხი - დაჭრილი ჯარისკაცების საშველად დაბრუნებული კი ტყვედ ჩავარდა და დახვრიტეს...

"შმაგი ბავშვობიდანვე ქვეყნისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა", - გვიყვება დაღუპული სამხედროს და, სოფო სოფრომაძე, რომელიც ასევე ჯარისკაცია. სოფოს თქმით, მისი ბაბუა, ვის სახელსაც ის ატარებდა, ასევე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

"ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებოდა ბაბუის ამბავს და მშობლებს ბევრ კითხვას უსვამდა მასზე. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროფესიის განათლება მიიღო, თავისი კარიერა სამხედრო სამსახურს დაუკავშირა. მისი დამოკიდებულება ამ პროფესიისადმი იმდენად პატივსაცემი იყო, რომ როდესაც ფორმა სახლში მოქონდა, არავის აკარებდა და განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა მას. ჯარში ბევრი მეგობარი ყავდა. მათთვის ნებისმიერ დროს ყველაფრისთვის მზად იყო", - ამბობს სოფო - შმაგი სოფრომაძის უმცროსი და, რომელიც ძმის შემხედვარე, თავადაც ინტერესდებოდა სამხედრო პროფესიით, რომელიც მშობლებისთვის გაუმხელელ ოცნებად გადაექცა. ძმის გარდაცვალების შემდეგ გოგონამ თავისი ოცნება რეალობად აქცია და შმაგის გმირულ მაგალითზე, საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდა.

- სოფო, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ბოლოს როდის ნახეთ თქვენი ძმა და ომის პერიოდში თუ გქონდათ კონტაქტი?

- აგვისტოს დასაწყისში ერთად ვიყავით, შემდეგ მე დასასვენებლად წავედი, მაგრამ როგორც კი მითხრეს შაკო ომში წავიდაო, საშინელი წინათგრძნობა მქონდა. სოფო სოფრომაძე მაშინ მეორე შვილს ველოდებოდი, მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი, თითქოს იმ წამსვე ვიგრძენი, რაც მოხდებიოდა. ვიდრე წავიდოდა, სიჩქარეში ტელეფონი სახლში დარჩა და კონტაქტი მას შემდეგ აღარ მქონია. 8 აგვისტოს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩემი ძმა აღარ ჩანდა.

- რამდენად გრძნობთ სახელმწიფოს თანადგომას თქვენი და ზოგადად დაღუპული სამხედროების ოჯახებისადმი?

- სტრესის ფონზე დედა დროთა განმავლობაში ძალიან ავად გამიხდა, საერთოდ ვერ დადიოდა. არ ვიცი, როგორ გადავუხადო მადლობა თავდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრ ლევან იზორიას იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა. ერთთვიანი მკურნალობა, რომელიც ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, დამიფინანსეს და ორ კვირაში ფეხზე დააყენეს - დედა თავიდან მაჩუქეს, რომლის ჯანმრთელობაც ახლა ჩემთვის ყველაფერია. როდესაც ყოველთვიურად და ასევე დღესასწაულებზე ფინანსურად ეხმარებიან ჩემი ძმის ოჯახს, დედაჩემი სულ ამბობს, რომ ეს ჩემმა შვილმა გამომიგზავნაო"..

სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების კუთხით, თავდაცვის სამინისტრო ეხმარება დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს. ოჯახები ყოველთვიურად იღებენ პენსიას, ყოველ დღესასწაულზე კი ფულად დახმარებას. ისინი, სურვილისამებრ, დასაქმებულნი არიან თავდაცვის უწყებაში. სამინისტრო აფინანსებს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებს. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი გორსა და ქუთაისში, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. ყველა ასეთ ოჯახს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ფართები გადაეცა.

...25 წლის შმაგი სოფრომაძე მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას დარჩა მეუღლე, თეა სოფრომაძე და ორი შვილი - გიგი და ზაზა, რომლებმაც იციან, თუ როგორ იცავდა მამა სამშობლოს, როგორ არ დატოვა მეგობრები ბრძოლის ველზე, როგორ არ დაემორჩილა მტერს და ფეხი არ დადგა ქართულ დროშას. მათ იციან, რომ მათი მამა გმირია!