"სამი თვის ორსული იყო მარიამი ჯანმრთელობის პრობლემები რომ დაეწყო, საქართველოში მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა" - კვირის პალიტრა

"სამი თვის ორსული იყო მარიამი ჯანმრთელობის პრობლემები რომ დაეწყო, საქართველოში მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა"

მარიამ ლაბაძე სულ რაღაც 24 წლისაა, მაგრამ ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სიკვდილთან ბრძოლაში ჩვენი დახმარება სჭირდება. ის თურქეთში მკურნალობს, საქართველოში კი ულამაზესი ოჯახი და სამი წლის ლილე ელოდება, რომელიც დედიკოს მალე დაბრუნებას ნატრობს.

მარიამის მდგომარეობაზე გვესაუბრება მარიამის მეგობარი უშანგი გარადინსკი:

- ამ ეტაპზე მარიამს თირკმელების და ფილტვების პრობლემა აქვს. ამ კვირაში სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს ფილტვების ოპერაცია. თავდაპირველად მარიამი სხვა კლინიკაში მკურნალობდა, სადაც მკურალობა ძლიან ძვირი ჯდებოდა, თუმცა გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაცილებით დაბალ ფასად, გვაპოვნინა ძალიან მაღალი ხარისხის კლინიკა, სადაც გადავიყვანეთ მარიამი. მკურნალობის სრული კურსი 50 000$ ჯდება. ერთი შეხედვით ძალიან მცირე თანხაა, თუმცა, სამწუხაროდ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, რადგან თითქმის მთელი ფინანსური რესურსი საქართველოში მკურნალობას დასჭირდა.

- საქართველოში რაზე მკურნალობდა და საერთოდ, საიდან აღმოაჩინა დაავადება?

- სამი თვის ორსული იყო მარიამი, როცა თირკმელების პრობლემა დაეწყო. მეორე დღესვე წავიყვანეთ თბილისში და მკურნალობდა ღუდუშაურის სახელობის კლინკაში, თუმცა თვენახევრის მკურნალობას არანაირი შედეგი არ ჰქონია, მეტიც, უფრო მძიმედ იყო ვიდრე მკურნალობის დაწყების წინ. ვერ გეტყვით არასწორი დიაგნოზი დასვეს, თუ არასწორად მკურნალობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ თურქეთში ერთი კვირაც არაა რაც მკურნალობა დაიწყო და უკვე ეტყობა უკეთესობა.  იქ  ჰემოლიზურ ურემიული სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს,  თურქმა მედიკოსებმა ფილტვებში ძალიან დიდი ხნის ნაგროვები წყალი უნახეს, რაც უკვე ამოუღეს... სამწუხაროდ, ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე თირკმელმა ფუქნცია მცირედით მაინც აღიდგინა, შარდის გამოყოფაც ხდება, თუმცა მაინც დიალიზია საჭირო.

- ექიმები რას ამბობენ, ექვემდებარება თუ არა მკურნალობას მარიამის მდგომარეობა? - საბედნიეროდ, მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება, უბრალოდ, მთავარია რომ დროულად ჩატარდეს ოპერაცია, ამისთვის კი 50 000$ საჭირო. ეს თანხა სრულად ჰყოფნის როგორც მკურნალობას, ისე მის შემდგომ პერიოდს, მათ შორის საქართველოში გამომგზავრებასაც კი. რა თქმა უნდა, ამის მერეც საჭიროა ფინანსები, რადგან უკვე აქ, მას ისევ დასჭირდება კონტროლი, თუმცა ამ ყველაფერს ოჯახი და ჩვენ, მისი მეგობრები ვუზრუნველყოფთ, მაგრამ ამხელა თანხის მოგროვების საშუალება ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს. 50 000$ ნამდვილად არაა ის თანხა, რომლის გამოც 24 წლის ადამიანის სიცოცხლე შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ყველა ჩვენგანმა დღეში 1 კოლოფ სიგარეტზე, 1 ბოთლ სასმელზე და სხვ. რომ ვთქვათ უარი, მარიამი ცოცხალი და ჯანმრთელი იქნება.

- როგორც ვიცი, მარიამს პატარა ქალიშვილი ჰყავს... - კი, მარიამს 3 წლის ლილე ჰყავს, რომელიც ძალიან ელოდება დედიკოს. ყველგან მას ეძებს და სურათებს ეფერება. თითქოს გრძნობს რომ მისი დედიკო ავადაა. ჩვენი ყველას მისიაა, რომ ლილეს დედიკოს, კარგად ყოფნაში დავეხმაროთ. ბუნებაში არაფერი იკარგება და მცირედი სიკეთეც ასმაგად დაგვიბრუნდება უკან. ლილე, თავის კარგი ქალობით დაგვიბრუნებს, თავის დედიკოს გადარჩენისთვის სამაგიეროს. მარიამიც და მისი მეუღლეც სურამლები არიან და მთელი სურამი ფეხზე დგას, ხალხი ლარ-ლარს რიცხავს, ვისაც რის საშუალება აქვს იმას, ყველა ცდილობს რომ მარიამი კარგად იყოს. იმედია, რომ მკურნალობისთვის საჭირო თანხა მალე შეგროვდება და მარიამი მალე ჩაეხუტება თავის ლილეს და ოჯახს.

დახმარების მსურველთათვის:

საქართველოს ბანკი GE47BG0000000101097147

თიბისი ბანკი GE35TB7598645061100102

FACEBOOK -ით დონაცია - https://www.facebook.com/donate/494382711384130/2341453169267528/

მიმღები: ალიკო შუბითიძე (მეუღლე - ტელ: 593 13 00 13)

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)