"მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა იმისთვის, რომ სამსახური მეშოვა" - კვირის პალიტრა

"მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა იმისთვის, რომ სამსახური მეშოვა"

ვინ როგორ აღწევს წარმატებას, დგას თუ არა წარმატებული მამაკაცის უკან ქალი და რა არის წარმატებისთვის აუცილებელი - ცოდნა, გარეგნობა, იღბალი თუ ვინმეს ხელის წახმარება, ამ კითხვებზე ამჯერად მხოლოდ ქალბატონები გვპასუხობენ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

სოფო ხალვაში, მომღერალი: "ვფიქრობ, რომ ძლიერი მამაკაცის უკან ქალი დგას. განსაკუთრებით დედაზე შეიძლება ამის თქმა. 2 შვილი მყავს - 11 წლის ქეთევანი და 5 წლის მარიამი და ახლა ვხვდები, რამხელა შრომა და ენერგია ჩაუდვია დედას ჩემში. გული მტკივა, რომ უდროობის გამო როგორც მინდა, ისე ვერ ვახერხებ მათთვის დროის გამონახვასა და ყურადღების მიქცევას"

ანა დოლიძე, იურისტი: "ამერიკაში სადოქტოროს რომ ვიცავდი, მაშინ უკვე მყავდა შვილი, ვცხოვრობდი წყნარად - წიგნები, ბიბლიოთეკა და ბავშვი. ძალიან ტურბულენტური, ქაოსური ცხოვრება მქონდა აქ, ამერიკაში კი სრულ სიმშვიდეში ვცხოვრობდი. როდესაც გადავწყვიტე, რომ აქტიური ცხოვრების დრო დადგა, ჩამოვედი კიდეც საქართველოში. საერთოდ, ძალიან მაღიზიანებს ნეპოტიზმი და კლანურობა. მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა იმისთვის, რომ სამსახური მეშოვა. პატრონი მე არ მყავდა, ვხედავდი, რომ ბევრი მხოლოდ კარგი კავშირების წყალობით იკავებდა მაღალ თანამდებობას. ამას ყოველთვის ვაპროტესტებდი"

რუსკა მაყაშვილი, მსახიობი: "დიახ, ქალები განაპირობებენ მამაკაცების წარმატებას, აბა რა! უფრო მობილიზებულები ვართ ყველა სიტუაციაში. ქალი საოცარი ქმნილებაა, მამაკაცებს არ ვაკნინებ, თუმცა ერთი რამ ცხადია - ქალებს შეუძლიათ მამაკაცების გარეშე ყოფნა, კაცებს კი არა (იცინის)"

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" რვა აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი