”ბედი კაცისა” - კვირის პალიტრა

”ბედი კაცისა”

"ყველაფერი დავკარგე და სამშობლო მაინც არსებობს, ჩემს გვერდზეა"

"კვირის პალიტრაში" ცოტა ხნის წინ ომგამოვლილ მერაბ მამუკიშვილზე ვწერდით, რომელმაც აფხაზეთის ომში ხელ-ფეხი დაკარგა. ის ახლა ღვთისნიერი ადამიანების წყალობით სკოლის საყარაულო ჯიხურში ცხოვრობს, 17 წელი კი ღია ცის ქვეშ გაატარა.

წერილის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციაში ზარები არ წყდება, - რით დავეხმაროთ, როგორ ვანუგეშოთო, - გვეკითხებიან. თუ კაცმა, რომელმაც სხეულის ნახევარი შესწირა ქვეყანას და სახელმწიფო  თანადგომას მაინც ვერ სწავლობს, ჩვენ ხომ შეგვიძლია გაჭირვებულს გვერდში დავუდგეთ.

ის უბედურების ფსკერზეა... ომმა ხელ-ფეხის პროთეზი, უსახლკარობა, გამქრალი წარსული და სქელბურუსიანი მომავალი აჰკიდა. შეიძლება ამიტომაც არ უნდა ლაპარაკი ომზე, ყოველ შემთხვევაში, თავიდან ცივი უარი მითხრა, მაგრამ მეორედ შეხვედრისას წარსული მაინც გაიხსენა, მერე შუბლზე ოფლი მოიწმინდა და: - გეფიცებით, არ ვიცი, ამდენი რატომ ვილაპარაკეო. მე ვიცი! ვერავის შეხვდა ისეთს, ვისაც მისი ცხოვრება მართლა აინტერესებდა...

- დიდი ხანი არ გასულა, მაგრამ მგონი, ჩვენი შეხვედრის შემდეგ მაინც შეცვლილი ხართ..

- ამინდები შეიცვალა. როცა ამინდები იცვლება, ღამით ტყვიაჩარჩენილი ადგილები მხრავს...

- დგებით ხოლმე?

- ვდგები არა, ისა! პროთეზებით მძინავს. რომ ავდგე და ამ პროთეზების გაკეთება დავიწყო, ჩემი ღრიალი ქვეყანას შეძრავს. მერე ვინ მიშველის? მთელი ღამე არ მძინავს, წამოვჯდები და სიგარეტს ვეწევი.

- მშვიდდებით?

- ვერა.

- სიტყვაძუნწობთ. თუ არაფერს მეტყვით, თქვენს განცდებს ვინ გაიგებს? ვისაც თქვენისთანა ხალხის პატრონობა ევალება, ნამუსმა ხომ უნდა შეაწუხოს, რომ სკოლის ჯიხურში ხართ მიგდებული...

- მადლობა ღმერთს ამ ჯიხურისთვის. მადლობა იმ ბიჭებს, ვინც აქ მომიყვანა. ტყეში მაინც აღარ ვარ ნადირივით.

- ომზე რატომ არ მიამბობთ?

- რა გიამბოთ, ხალხს რომ ვხოცავდი?!. ომში ბამბის საკრეფად არ მიდიან!

- ვიცი, მაგრამ მიამბეთ, გულს მოგეშვებათ.

- მოშვება არ არსებობს, სისხლი არ ირეცხება. დაიხედავ, არ ჩანს, მაგრამ მაინც ხელზე გაცხია. ყველგან: ყურებში, თვალებში, გულში... სიზმრებში... ბიჭები მესიზმრებიან... ბავშვები...

კელასურის შესასვლელთან სკოლის შენობაა. იქვე რუსი სამხედროების კორპუსიც იყო. სკოლაში ვსადილობდით, კორპუსს ბომბი რომ დაეცა. ერთ პატარა რუსის ბიჭს  ვიცნობდი იმ კორპუსში. მაგარი ბიჭი იყო. შენობაში რომ შევვარდი, იატაკზე ეგდო. ავიყვანე და გარეთ გამოვიყვანე. ქალი მომვარდა, - ჩემი შვილია, წადიო. მერე ბიჭებმა, - წამო, ვუპატრონოთო. რომ მივედით, ის ქალი დაჩოქილი ტიროდა, - მიშველეთო... აბა, რაღას ვუშველიდით... იქვე გავთხარეთ სამარე...

- ამ სურათებს სულ ხედავთ?

- ჰო. ეს ჩემი სასჯელია.

ერთი ჩემი ძმაკაცის თავით ფეხბურთი ითამაშეს  გაგრაში. მას რომ ვიხსენებ,  ფიქრით იმ დროში გადავდივარ, როცა ერთად ბედნიერები ვიყავით.

არადა ომში ფიქრი და შეგრძნებები კვდება. სულერთია, მკვდარს ჰკიდებ ხელს, თუ ცოცხალს, მანქანაზე გასისხლიანებულ ბიჭებს თევზებივით ვაწყობდი. მარტო ის მინდოდა, ყველა დატეულიყო(!).

KvirisPalitra.Ge- როცა ვინმეს კლავდით, მაშინაც არაფერს ფიქრობდით?

- მოდი, გეტყვი: ომში ყველაზე მეტად სანტიმეტრებზე ფიქრობ. კაცი გვერდით გედგა და ხედავ, უკვე მკვდარია. ის კაცი სულ ათი სანტიმეტრით შორს იყო შენგან. ათი სანტიმეტრით იქით რომ ყოფილიყავი, შენც მკვდარი იქნებოდი. მაგრამ ერთი რამეა, - სიკვდილის დანახვას ყველა ვერ უძლებს, ჰგონია, რომ გაუძლებს, მაგრამ - ვერა! პანიკა ეწყება. მინახავს, ამ დროს კაცი სასხლეტიდან ხელაუღებლად მოტრიალებულა და თავისივე ხალხი დაუწვენია(!).

- მერე?

- რა მერე... მერე მოდის მშვიდობა. მერე კი ომის სინდრომი - ნარკომანია, ლოთობა, თავის მოკვლა, თავის დასახიჩრება. კაცი მინახავს, უბრალო რამეზე აუღია და ტყვია შუბლში მიურჭვია. ადვილია, რა!

- ამბობთ, ომში ყველაფერი ადვილიაო. ხელ-ფეხის დაკარგვაც ადვილი იყო?

- მაგას რომ მივხვდი, ომში უკვე აღარ ვიყავი. მანამდე ეს იყო: სროლა რომ ატყდა, დავინახე, კაცი ჩაიკეცა. ბიჭებს დავუძახე, - გავიქცევი, დამიცავით, უნდა გამოვიყვანო-მეთქი. გავიქეცი. წკაპანი შემომესმა - მარტო ეგ მახსოვს. ნაღმზე ავფეთქებულვარ. ნაღმზე აფეთქება ჭიქის ასროლასავით არის, რა, ოღონდ, ეს ჭიქა ცემენტზე უნდა დაათხლიშო. ოთხი დღის შემდეგ მოვედი გონს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

სადა ვარ-მეთქი და - თბილისშიო. რა თბილისში-მეთქი?! გავიხედე, ზურა შემოჰყავთ, თათარაშვილი, ჩემი ძმაკაცი - ნუ გეშინია, ძმაო, შინ ხარო. დარწმუნებული ხარ-მეთქი? მხარზე ხელი ჩამოვისვი. ჩვევად მაქვს მხარზე ხელის ჩამოსმა.  სად არის მკლავი! ჩამოვაყოლე ხელი - არც ფეხია.

- და...

- გამიელვა - აქამდე დედა არ მყავდა, ახლა აღარც ცოლი მეყოლება-მეთქი.

- მერე?

KvirisPalitra.Ge- მერე ცოლი საავადმყოფოში მოვიდა - ხეიბართან ვერ ვიცხოვრებო!

- რა უთხარით?

- სიგარეტი ამომიტანე-მეთქი. წავიდა და აღარც ამოსულა.

- გიყვარდათ?

- ჰო.

- ეს სიყვარული ამოიგდეთ გულიდან?

- მაგაზე დიდხანს ვიწვალე. ახლაც ვწვალობ.

- მერე?

- მერე ისე იყო გაჭედილი დაჭრილებით საავადმყოფო, იმისთანა პალატაში დამაწვინეს, ფანჯარა  არა, სარკმელი ჰქონდა. იქიდან ვერ გადავხტებოდი. თან ბიჭები მდარაჯობდნენ.   დანა მაინც ვიპოვე და შტეფსელში "ბოლტის" მოშვება დავიწყე... შემომისწრეს.

- მერე?

- მერე სასაფლაოზე დავდიოდი. იქ ვსვამდი. მერე მცხეთასთან დავიწყე მტკვარზე სიარული, შოფრებს "პოპუტჩიკად" მივყავდი. იქ სიწყნარე იყო, მომწონდა. მერე ჩემი ცოლი გათხოვდა. ბიჭიც მომიკვდა. მერე სახლი გავყიდე, პროთეზები ვიყიდე და ვაგზალზე დავდიოდი. პოლიცია არ მიშლიდა, მიცნობდა. არაფერს ვაშავებდი, დავლევდი, ჩამეძინებოდა. მერე ტყეში ვათენებდი. ერთი ორმო მქონდა. ჯერ ცეცხლს ვანთებდი, გავათბობდი, მერე ნაძვის ტოტებს ჩავფენდი, ცელოფანს დავიფარებდი და ვიძინებდი.

- არ გეშინოდათ?

- რისი, ვისი?! ხალხს როცა განერიდები, უფალი მაშინ გმფარველობს. კაცია საშიში. ომში კი არა, - მშვიდობაში. ომში პატიოსნად გესვრიან და გკლავენ, მშვიდობაში კაცი ბევრ სისაძაგლეს კისრულობს. ერთი ძმაკაცი მყავდა, რუსთაველზე ბინა ჰქონდა, - შედი და იცხოვრეო. შევედი. ვუყურებ, ეზოში ნარკომანები იყრიან თავს, ნახმარ შპრიცებს ტოვებენ. დავეტაკე, - ნუ დაყრით, ბავშვები ფეხებს დაიხევენ-მეთქი.

მაინც დაყარეს. მეც სკამს ვტაცე ხელი და  ვესროლე. იმ ღამეს ისე ვეგდე, გათიშული, ვერ გავიგე როგორ შემოვიდნენ. წიხლებს მირტყამდნენ, პირი ჩამტვრეული კბილებით მქონდა სავსე. რომ წავიდნენ, აბაზანაში შევხოხდი. გისოსებიანი ფანჯარა ჰქონდა. თოკი გამოვაბი და სკამი გამოვიშალე. ის კი გაწყდა და კაფელზე დავემხე. არ ვიცი, აბრეშუმის თოკი რანაირად უნდა გაწყვეტილიყო...

- სხვა დროსაც გიცდიათ თავის მოკვლა?

- რამდენჯერმე. ერთხელაც ხიდიდან გადავეყუდე. რა ვიცი, რომ მივიხედ-მოვიხედე, ვერავინ დავინახე, როგორ გაჩნდა ის კაცი, ვინც ამომწია, ვერ გეტყვით.

- ეტყობა, უფალი გმფარველობთ.

- მოძღვარმაც ეგ მითხრა...

- რაც მიამბეთ, ამის შემდეგ ომში წასვლა რომ შეგეძლოთ,  წახვიდოდით?

- წავიდოდი. ყველაფერი დავკარგე და სამშობლო მაინც არსებობს, ჩემს გვერდზეა. ის ყველასთვის არსებობს. ოღონდ ყველა ვერ ხვდება ამას. მაგრამ ომს არ ვნატრობ.

- რაზე ოცნებობთ?

- თუ ოდესმე მექნებოდა სახლი, სუფთა ზეწარს დავიფენდი, დავწვებოდი და ვილოცებდი...

სტატიას ინტერნეტფორუმზე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოეხმაურა. მერაბ მამუკიშვილის დასახმარებლად ანგარიშიც გაიხსნა (ს/ს "საქართველოს ბანკი", ცენტრალური ფილიალი, კოდი 220101502, ანგარიშის ნომერი GE66BGBG0000000259578800, მიმღები გიგა თათარაშვილი. ტ: 877-55-04-09).

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

astral

"ლამის ცრემლი მომადგეს ამხელა კაცს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალ თუ ომი ატყდა, დაზარალებული ხელისუფლებამ რომ მიატოვოს, ხალხი მაინც არ გაწირავს"

gounter agent

"საზოგადოება გახლავთ ძაან გამოდეგენერატებული. ყველა ჩვენგანის ბრალია, ასეთ დღეში რომ ჩავცვივდით და ღირსებიც ვართ!"

kriterti 1985

"მას გაუმართლა და ხმა მიაწვდინა ქვეყანას. ასეთი ბევრი იქნება და თუ ისინიც  გაგვაგებინებენ, სინდისის სიმებს შეურხევენ ხელისუფალთ, მივესალმები. ამჯერად კი ამ კაცს სჭირდება დახმარება, სანამ მავანნი დაინტერესდებიან და გამოიღებენ ხელს, ხელი გავუწოდოთ"...

grigali

"თქვენი მონა-მორჩილი, რუსეთ-საქართველოს (აფხაზეთი) ომის მონაწილე მხოლოდ ჩემი პროფესიით მუშაობის დაწყებას ვითხოვდი. არ ვტრაბახობ - ჩემი პროფესია კარგად ვიცი. ცივი უარით და თანაც აგდებულად გამომისტუმრეს. ის კი არა, როდესაც კანონით უარი ვერ დაასაბუთეს, საქართველოს პარლამენტმა ომის ვეტერანებისათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათები გააუქმა და, რა გასაკვირია, რომ ეს ადამიანი ასეთ დღეში ჩააგდეს."

trance in trance

"როგორ წერს ეს კაცი? ზვიადის ჯარი, მხედრიონი, პოლიცია, უბრალო ბიჭები ერთმანეთს უყვიროდნენ, - ბიჭებო, მტერს არ გავექცეთო?! თუ სიკვდილი მიწერია, ასე მინდა მოვკვდე!"