"რუსთავი 2"- ში ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხვდა, მილიონობით ზარალია" - რას ამბობს პაატა სალია გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე? - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"- ში ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხვდა, მილიონობით ზარალია" - რას ამბობს პაატა სალია გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე?

ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხვდა კომპანიაში - მილიონობით ზარალია, არის ბევრი გაურკვეველი საკითხი, რაზეც ჩვენი ძალებით ვცდილობთ პასუხების მოპოვებას, - ამის შესახებ "ინტერპესნიუსს" სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, მისი წინამორბედის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

პაატა სალიას განცხადებით, კომპანიის ყოფილი მენეჯმენტის მოქმედებები არ იყო კომპანიის ინტერესებისკენ მიმართული და არსებული მდგომარეობა აჩენდა ბევრ კითხვას, რის გამოც მან პროკურატურას დამატებით მიმართა. პაატა სალიას განცხადებითვე, ამ ეტაპზე სხვა პირთა ბრალეულობაზე საუბარი გაუჭირდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა მოქმედებაზე, რომელიც კომპანიაში განხორციელდა, პასუხისმგებელი გენერალური დირექტორია.

"ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხვდა კომპანიაში - მილიონების ზარალია, არის ბევრი გაურკვეველი საკითხი, რაზეც ჩვენი ძალებით ვცდილობთ რომ მოვიოპოვოთ პასუხები. არის გაურკვეველი დავალიანებები, რისი მოთხოვნაც კომპანიას აქამდეც შეეძლო და არ მოუთხოვია. საუბარია იმაზე, რომ კომპანიის მენეჯმენტი არ იყო ეფექტური და მისი მოქმედებები არ იყო კომპანიის საუკეთესო ინტერესებისკენ მიმართული. ალბათ, თვითონ გვარამიაც გააკეთებს ახსნა განმარტებას, თუ რატომ მოხდა მის საკუთრებაში კომპანია "ინტერმედიას" მეშვეობით დიდი ოდენობით უძრავი ქონება და შესაბამისად, ამაზეც გვექნება პასუხები.

ამ ეტაპზე გამიჭირდება სხვა პირთა ბრალეულობაზე საუბარი, თუმცა ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებელია გენერალური დირექტორი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამიტომ მივმართე გენერალურ პროკურატურას, ვინაიდან კომპანიისთვის შესაძლოა დიდი ოდენობით ზარალი ყოფილიყო მოყენებული. ამ საკითხზე საქმე ისედაც იყო აღძრული, თუმცა ის პირი, ვის მიერაც იყო აღძრული, არ არის კომპანიის მესაკუთრე და ის ისეთივე მოწინააღმდეგე იყო ჩვენი, როგორც ყარამანიშვილები და ტელეკომპანია "საქართველო", - აღნიშნა პაატა სალიამ.

შეგახსენებ, რომ გენერალურმა პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, "გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".

იხილეთ ასევე: "ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ..." - როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია მისთვის ბრალის წარდგენას

"ინტერპრესნიუსი"