"ისე წავიდნენ ჩემი დედამთილ-მამამთილი ამ ქვეყნიდან, ერთი ცუდი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ოჯახი დღემდე უმნიშვნელოვანესია ჩემთვის" - კვირის პალიტრა

"ისე წავიდნენ ჩემი დედამთილ-მამამთილი ამ ქვეყნიდან, ერთი ცუდი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ოჯახი დღემდე უმნიშვნელოვანესია ჩემთვის"

"მთელი 5 წელი მეხვეწებოდა, გავყოლოდი, მაგრამ სანამ ჯარიდან არ ჩამოვიდა, უარზე ვიყავი. ჯარში რუსის ქალი რომ მოგეწონოს და მიმატოვო, მერე რა ვქნა-მეთქი?"

ნუნუ ბერია ზესტაფონში დაიბადა. სკოლის არდადეგებს ზესტაფონის ერთ პატარა სოფელში, ლახუნდარაში, დედულეთში ატარებდა ხოლმე. ომიანობის დროს მას და მის ტყუპისცალ დას სათამაშოები რომ არ ჰქონდათ და თოჯინები ენატრებოდათ, სწორედ მაშინ მოიფიქრა, თვითონ დაემზადებინა. ახლა თელავში ცხოვრობს და უკვე სხვებს უხარებს გულს თავისი ფერადი თოჯინებით.

- ომის დაწყებამდე ცხაკაიაში ვცხოვრობდით. 1941 წლის მაისში დაიბადა ჩემი ძმა, მე და ჩემი და მაშინ 3 წლისები ვიყავით. მამა სამხედრო პირი იყო და ივნისში, ომი რომ დაიწყო, გვთხოვა, სასწრაფოდ ზესტაფონში წავსულიყავით, შეიძლება სოხუმს დაარტყანო. დედას სასწრაფოდ შეუკრავს ბარგი და მატარებლების სადგურზე სამი პატარა ბავშვით წასულა. თურმე ვაგონში არ უშვებდნენ და ეხვეწებოდა, კარი გაეღოთ მისთვის. ბოლოს უთქვამს, თუ არ ამიშვებთ მატარებელში, ამ ბავშვებს ზურგით ჩაგაყვანინებთო. მახსოვს, ხალხი იატაკზე იჯდა, ერთი კაცი წამოხტა და დედას ადგილი დაუთმო. მამა 1945 წელს დაბრუნდა ომიდან. ჯერ ქობულეთში გაანაწილეს, მერე ბათუმში - სამხედრო დივიზიაში. იქ გავაგრძელეთ სწავლა. ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავდა, განსაკუთრებით ქართულის, ლამაზი კალიგრაფია მქონდა და ყველაფერს მე მაწერინებდნენ, მერეც, სამსახურშიც. ომი ახალი დამთავრებული იყო, უჭირდა ქვეყანას. არც რადიო, არც ტელევიზია, არც სათამაშო, ბავშვები ვერაფრით ვერთობოდით. მახსოვს, წვიმაში ფეხშიშველა დავრბოდით სველ ბალახზე, ხე არ რჩებოდა, ზედ რომ ავსულიყავით. თვეში ერთხელ სოფელში მოძრავ კინოს მოიტანდნენ და ფეხზე მდგომები ვუყურებდით ხოლმე. მე და ჩემს დას თოჯინები გვენატრებოდა.

- რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, სწორედ მაშინ გააკეთეთ პირველად თოჯინა სიმინდის ღეროებისგან, ხომ?

- ერთხელ, თამაშის დროს სიმინდის ყანაში გადავედით. სიმინდის ღერო გადატყდა და თეთრი, ღრუბელივით შიგთავსის დანახვაზე, უცებ მოვიფიქრე, გვერდები ჩამოვაცალე, ჯოხი გავუყარე, სახეზე ნახშირით თვალები, პირი და ცხვირი მივახატე, ბებიას ძველისძველი ნაჭრებიდან ტანსაცმელიც შევუკერე და თოჯინას დავამსგავსე. მერე სიმინდის ღეროთი აკვანი გავაკეთე, თოჯინა ჩავაწვინე და "იავნანას" ვუმღეროდი. ასე ვერთობოდით. დრომ მალე გაირბინა და თოჯინებიც დამავიწყდა.

- ნუნუ ბებო, მეგრელი ქალი კახეთში როგორ აღმოჩნდით? - სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გავაგრძელე სწავლა, მედდის პროფესიას ვეუფლებოდი და მაშინ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ელდარ მარგალიტაშვილი. 57 წელია, რაც თელავში ვცხოვრობ და ახლა, როცა მეკითხებიან, სადაური ხარო, ვპასუხობ, ჯერ კახელი ვარ, მერე იმერელი და ბოლოს, მეგრელი-მეთქი (იცინის). ელდარიც ტექნიკუმში სწავლობდა, ტოპოგრაფიულზე. მისი კლასელი ჩემი ოთახის გვერდით მდგმურად ცხოვრობდა. ერთხელ მაღაზიაში ჩავედით პურის საყიდლად. რიგში ნუ დგახარ, პურს მე ვიყიდიო, შესთავაზა ვიღაც ახალგაზარდა კაცმა. მარტო არ ვარო, ჩემზე მიუთითა იმ გოგომ. ორივესთვის ვიყიდიო. მოკლედ, პურიც გვიყიდა, ფულიც არ გამოგვართვა და ვიდრე წამოვიდოდით, დიდხანს ელაპარაკა ამ გოგოს, თან ჩემკენ იყურებოდნენ. მაშინვე მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე. თურმე ეუბნებოდა, გამაცანიო. ისე მოხდა, რომ ერთხელ ამ გოგოსთან მისულს ელდარიც იქ დამხვდა. ამის შემდეგ მთელი 5 წელი მეხვეწებოდა, გავყოლოდი, მაგრამ სანამ ჯარიდან არ ჩამოვიდა, უარზე ვიყავი. ჯარში რუსის ქალი რომ მოგეწონოს და მიმატოვო, მერე რა ვქნა-მეთქი? თანაც, სწავლის დამთავრება მინდოდა. ჯარიდან რომ დაბრუნდა, ჯერ ზესტაფონში და მერე უკვე კახეთში გვქონდა დიდი ქორწილი.

- როგორ მიიღეს კახელებმა მეგრელი რძალი? - ძალიან კარგად. ჩემი მამამთილი უაღრესად კარგი, კეთილშობილი პიროვნება იყო. როგორც ჩიტი იკეთებს ბუდეს, ახლა ესეც ასეა, ჩვენთან მოვიდა ბუდის გასაკეთებლად და ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ, რომ არ დაენგრესო, გამოუცხადა ოჯახის წევრებს. მეგრული სიმღერები განსაკუთრებულად უყვარდა, მისგან არასასიამოვნო ერთხელ არ გამიგონია, ჩემი მეგრელობის გამო. მეც მივეჩვიე მათ ხასიათსაც და ცხოვრების წესსაც. სადილების გაკეთებაც აქ ვისწავლე. შენიშვნები მოუცია დედამთილს, მაგრამ მამამ ისე გაგვზარდა, უფროსებისთვის სიტყვა არასდროს შეგვიბრუნებია. ისე წავიდნენ ჩემი დედამთილ-მამამთილი ამ ქვეყნიდან, ერთი ცუდი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ოჯახი დღემდე უმნიშვნელოვანესია ჩემთვის. ვცდილობდი, სულ სითბოთი სავსე ვყოფილიყავი და ეს სითბო ქმარ-შვილისთვის გამენაწილებინა.

- რამდენი შვილი და შვილიშვილი გყავთ?

- 2 ბიჭი მყავს, უფროსი, ჯაბა მარგალიტაშვილი "პა-სეანსელია". სუსტი, ულვაშიანი ბიჭი რომაა, გემახსოვრებათ. "პა-სეანსელები" ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენს ოჯახში, უქეიფიათ კიდეც. ჩვენი ჯვრისწერის ფოტოები რომ დაიდო სოციალურ ქსელში, პირველად ცუცა გამოგვეხმაურა და მოგვწერა, ისევ ისეთი ახალგაზრდები ხართო. "პა-სეანსელები" ყველას უყვარდა, მთელი თელავი მეკითხებდა, კიდევ როდის ჩამოვლენო. ჩემი მეორე ბიჭი კი აქ ცხოვრობს და მუშაობს. მისმა შვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და ახლა წარჩინებული სტუდენტია. სხვათა შორის, სწორედ შვილიშვილის დამსახურებაა, თოჯინების კეთება კვლავ რომ დავიწყე. როდესაც ნუკა გაჩნდა, ამდენი წლის შემდეგ პირველად მას შევუკერე თოჯინა. ქსოვა და ქარგვა მეხერხებოდა, კერვაც, ასე თუ ისე. 35 წელი თელავის პოლიკლინიკაში ვმუშაობდი და პენსიაზე გასვლის შემდეგ რომ დავიწყე თოჯინების კერვა, დღემდე არ გავჩერებულვარ. ღამით, როცა ყველა იძინებს და მეც ჩემი საქმე უკვე მოთავებული მაქვს, თან მუხლს ვასვენებ, თან ვკერავ. ამაზე უკეთესი რა უნდა ვაკეთო? მსიამოვნებს კიდეც და ცოტა შემოსავალიც მაქვს. რაიონის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებასაც მივაკითხე, გამოფენაზე გატანა შემომთავაზეს და სტიმული მომეცა. ნამუშევრები თანდათან დავხვეწე, თოჯინები ერთმანეთს არ ჰგვანან. როდესაც ვკერავ, მხოლოდ მათზე ვფიქრობ, სხვაზე ვერაფერზე. ვერ ვჩერდები, რომ არ შევკერო. მინდა, ის ადამიანები გავახარო, ვისაც თოჯინები უყვარს. ბავშვები მთელი დღე ხელით დაატარებენ და მასთან ერთად იძინებენო, რომ მეტყვიან, სიხარულით ვივსები. ჩემი მეუღლეც მეხმარება ამ საქმეში, მისი დამსახურებაც არის, თოჯინებისთვის რომ მრჩება დრო. ღმერთმა მომცა ნიჭი და შემართება, რომ ჩემს ასაკში ვიშრომო, რისთვისაც მადლიერი ვარ.

- მასალად რას იყენებთ? - ქსოვილებს ნაცნობი მკერავები მაძლევენ, მათი მადლიერი ვარ. გასაფორმებლად მაქმანებს, მძივებს ვიყენებ. თითოს 5 ლარად ვყიდი, მაგრამ არის რამდენიმე თოჯინა, რომელსაც გასაყიდად ვერ ვიმეტებ. დაახლოებით 3 დღე მჭირდება, ერთი თოჯინა რომ დავასრულო. ერთ დღეს ვკერავ, მერე ვფიქრობ, როგორ შევუხამო ფერები ერთმანეთს, რა ჩავაცვა, მერე თვალ-წარბს ვუქარგავ.

- ნუნუ ბებო, ძალიან ყოჩაღად გამოიყურებით, ვერავინ იფიქრებს, 82 წლის თუ ხართ. - რომ ვამბობ, 82 წლის ვარ-მეთქი, არავინ მიჯერებს. ჩემი ტყუპისცალი და, ნელი ბერია თბილისში ცხოვრობს, იქ გათხოვდა და ისიც ჩემსავით ყოჩაღად გამოიყურება.

- 80 წლის ასაკში დავიწერეთ ჯვარიო, მითხარით. - ჩვენს დროს ვინ დაგვწერდა ჯვარს? ჩვენმა შვილიშვილმა მოინდომა, დარეკა, ერთ საათში მანდ ვართ, ჯვარი უნდა დაგწეროთო. მზად არ ვართ-მეთქი, რომ ვუთხარი, დამამშვიდა, ყველაფერი მომაქვს, რაც საჭიროაო. მართლაც, ულამაზესი თეთრი კაბა და გვირგვინი ჩამომიტანა. მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიაში მამა დავითმა დაგვწერა ჯვარი. მერე ნადიკვარზე წავედით ფოტოების გადასაღებად, თურმე "ფეისბუკში" დასადებად ნდომებიათ. რომ იცოდეთ, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენთვის უცნობი ადამიანები გვილოცავდნენ, გვწერდნენ, თქვენ გაიხარეთ, ნუთუ კიდევ არსებობს ასეთი სიყვარულიო.

- რა ემოცია გქონდათ? - არ მინდოდა ისე წავსულიყავი იმ ქვეყნად, რომ ჯვარი არ დამეწერა, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ეკლესიაში, ჯვრისწერის ცერემონიის დროს გავიფიქრე, ჯვარი ყველამ უნდა დაიწეროს-მეთქი. ჩემი შვილთაშვილი დაესწრო ჩვენს ჯვრისწერას, ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. იცით, ვინ არის ჩემი შვილთაშვილი? დაჩი ტორონჯაძე, "იდეალურ დედაში" თამაშობს ჭოხონელიძის შვილიშვილთან ერთად, მისი ძმის როლს. ძალიან მომწონს, მოუთმენლად ველოდებოდი ხოლმე ახალ სერიას.

- ნუნუ ბებო, 57 წლის ოჯახი გაქვთ და რას იტყვით, მთავარი რა არის ოჯახის შესანარჩუნებლად? პრობლემები ალბათ გექნებოდათ. - აქ რომ მოვედი, ბევრი არაფერი გვქონდა, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვარ. ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, კაცის გარეშე ოჯახს ვერ გავუძღვებოდი. სიმშვიდემ, სიყვარულმა და მოთმინებამ გადამატანინა ბევრი რამ. მიხარია, რომ კარგი შვილები გავზარდე და მათ კარგი ძმობა აქვთ, დედისთვის კი ეს ყველაზე მთავარია.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"