"როდესაც გოგონების ფოტოები ვნახეთ და წავიკითხეთ მათი ისტორიები, ვიცოდით, რომ..." - როგორ იშვილა ამერიკელმა წყვილმა ორი ქართველი გოგონა - კვირის პალიტრა

"როდესაც გოგონების ფოტოები ვნახეთ და წავიკითხეთ მათი ისტორიები, ვიცოდით, რომ..." - როგორ იშვილა ამერიკელმა წყვილმა ორი ქართველი გოგონა

"ელიზაბეთს მანათობელლანჩიანი ფეხსაცმელი ეცვა და პირველი ინგლისური სიტყვა, რაც ისწავლა, იყო "შუზ", იმდენად ემოციური იყო მისთვის ეს საჩუქარი"

ამერიკელი სიდ უაითი წლების წინ ვერც წარმოიდგენდა, თუ ბედს სამუდამოდ დაუკავშირებდა საქართველოს. ამბავი მაშინ იწყება, როდესაც 14-წლიანი ქორწინების თავზე სიდ და ანა უაითებმა გადაწყვიტეს, ბავშვები ეშვილათ. მათ მაშინ საქართველოს შესახებ არაფერი იცოდნენ და მხოლოდ იმ სააგენტოდან გაიგეს, რომელიც მათ ორი ქართველი გოგონას შვილად აყვანაში დაეხმარა.

სიდ უაითი: - 14 წლის დაქორწინებული ვიყავით, 45 წელი გვისრულდებოდა, ამიტომ 1994 წლის აგვისტოში მე და ჩემმა მეუღლემ 5-6 წლის ბავშვების აყვანა გადავწყვიტეთ. ჩემი მეუღლე ანა მთელ მსოფლიოში ეძებდა სააგენტოებს, რომელთანაც ვითანამშრომლებდით ბავშვების ასაყვანად. ამომწურავი ძებნის შემდეგ სააგენტო ვაშინგტონში შევარჩიეთ.

გვკითხეს, ორ ქართველ ბავშვს ხომ არ ავიყვანდით და, რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ცოტა ხანში მივიღეთ ჩვენი მომავალი შვილების ორი პოლაროიდის ფოტო ქუთაისის ბავშვთა სახლიდან, ხუთ-ნახევარი წლის სალომე და ექვსი წლის ნანა საავადმყოფოში ჩვილობაშივე მიუტოვებიათ, მას შემდეგ ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ.

როდესაც ჩვენი გოგონების ფოტოები ვნახეთ და წავიკითხეთ მათი ხუთწლიანი ისტორიები, იმ მომენტიდან ვიცოდით, რომ ისინი ჩვენი შვილები იქნებოდნენ. ეს იყო მშვენიერი, მაგრამ ასევე შემაშფოთებელი მომენტი, რადგან ვიცოდით, წინ ბევრი შრომა გველოდა შვილად აყვანის საერთაშორისო პროცესის დასრულებისთვის.

ჩვენი მომავალი შვილები ქუთაისში, ჩვენ კი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში ვცხოვრობდით. ჩვენი დოკუმენტი კალიფორნიის სახელმწიფო მდივანმა რუსულ და ქართულ ენებზე თარგმნა, ხოლო ქუთაისისა და თბილისის სასამართლოებმა შვილად აყვანის ყველა პროცედურა დაამტკიცეს და ჩვენს გოგონებს გადასცეს დაბადების ახალი მოწმობები სახელებით - ელიზაბეთ-ნანა უაითი და რებეკა-სალომე უაითი; მე და ჩემი მეუღლე სასამართლომ მათ კანონიერ მშობლებად გვაღიარა და დაიწყო ცალ-ცალკე ყოფნის შფოთვა. ამ დროს ცოტა რთული პერიოდი იყო საქართველოში, იქიდან ბავშვების წაყვანა კი თითქმის შეუძლებელი, ამიტომ შეთანხმებისამებრ მოსკოვში ჩავედით. პირველ დღეს რომ არ ჩამოფრინდნენ, ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ მეორე დღეს დიდი სიხარული გველოდა - გოგონებს ჩვენი გამოგზავნილი ტანსაცმელი ეცვათ, უკვე იცოდნენ, რომ მე მათი მამა ვიყავი და ანა კი დედა.

ელიზაბეთს არ ახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, 5 წლის იყო, თუმცა სიხარულის განცდა კარგად ახსოვს. მან საუნივერსიტეტო ესეში ემოციურად აღწერა ჩვენი პირველი შეხვედრა. მახსოვს, მანათობელლანჩიანი ფეხსაცმელი ეცვა და პირველი ინგლისური სიტყვა, რაც ისწავლა, იყო "შუზ", იმდენად ემოციური იყო მისთვის ეს საჩუქარი. გოგონები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. რებეკა ცოტა ფრთხილი და თავშეკავებული იყო, შორიდან გვათვალიერებდა, ელიზაბეთი კი მაშინვე მოგვეხალისა. ბავშვთა სახლში თმა გადაპარსული ჰქონდათ და როცა ლოს-ანჯელესში ნელ-ნელა თმა წამოეზარდათ, ძალიან უხაროდათ, სირბილისას ქარი თმას რომ უფრიალებდა.

დრო რომ მოვიდა, კერძო სკოლაში შევიყვანეთ, სადაც ინგლისური მეორე ენად ისწავლებოდა და ამით გაუადვილდათ ენის შესწავლა. მე და ანა ქართულ სიტყვებსაც ვსწავლობდით, რათა პირველ თვეებში შვილებთან კომუნიკაცია გაგვმარტივებოდა, თუმცა გოგონებმა ძალიან მალე აითვისეს ინგლისური.

- ახლა თუ საუბრობენ ქართულად?

- სამწუხაროდ, არა, თუმცა სწავლობენ. ელიზაბეთი წერს, რებეკა კი უფრო კარგად საუბრობს, აქცენტი აქვს უკეთესი.

- საქართველოს შესახებ თუ უამბობდით? - როგორც კი ცოტა წამოიზარდნენ, ვუყვებოდით, საიდან იყვნენ, საქართველოს ისტორიის წიგნები და ფოტოები გვქონდა. მათი შვილად აყვანის საბუთებიც ვაჩვენეთ.

- ელიზაბეთ, გაინტერესებდათ თქვენი წარმომავლობა? - რებეკა უფრო იყო დაინტერესებული ჩვენი წარმომავლობით. მე უბრალოდ ვცურავდი იმ დიდებულებაში, რაც უკვე იყო ჩემი ცხოვრება - დედა, რომელიც ყოველთვის მკოცნიდა, და მამა, რომელიც სულ ჩვენთან იყო.

შემდეგ "გუგლში" მოვძებნე "საქართველო. ვიცოდი, რომ ჩემი ისტორია უნიკალური იყო. 2008 წელს, როდესაც სკოლა დავამთავრე, გამოსაშვებ საღამოზე ჩვენი კლასის სპიკერი ვიყავი და უზარმაზარი ხალხით სავსე სტადიონზე მოვყევი ჩემს ისტორიას. სიდი: - 2016 წელს გოგონებმა უნივერსიტეტი დაამთავრეს. ელიზაბეთ-ნანა სოციოლოგი და ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტია, რებეკა-სალომემ კი პოლიტიკის მეცნიერება და სოციოლოგია შეისწავლა.

ერთ დღესაც გოგონების სამშობლოში წაყვანა გადავწყვიტე. რებეკამ არ მოინდომა, რადგან მას თავშესაფარზე ცუდი მოგონებები აქვს, და თბილისში მე და ელიზაბეთი ჩამოვედით. დავათვალიერეთ ქალაქი, ყველგან შესანიშნავად გვხვდებოდნენ. ზესტაფონში, ელიზაბეთის მშობლიურ ქალაქში წასასვლელად მანქანა დავიქირავეთ. პირველად ქუთაისში მივედით. გვაინტერესებდა, ის თავშესაფარი თუ არსებობდა, თუმცა აღარ დაგვხვდა. ქუთაისში რამდენიმე დღეს დავრჩით და შემდეგ ზესტაფონში წავედით. ძალიან ლამაზ საოჯახო სასტუმროში დავბინავდით და ქუჩებში დავსეირნობდით.

ელიზაბეთი: - როდესაც მამაჩემი და მე პირველად ჩამოვედით თბილისის აეროპორტში, მახსოვს, თვალებში ვარსკვლავები ამიციმციმდა და საკუთარ თავზე ვფიქრობდი,"უი, მე აქაურებს ვგავარ-მეთქი, მამამაც იგივე მითხრა ჩურჩულით. ჩემი ნუშისებრი ყავისფერი თვალები, გრძელი სახე და სქელი თმა ქართული იქნებოდა, აბა, რა?..

- თქვენი დაც ძალიან ჰგავს ქართველს? - მას მშვენიერი სქელი ყავისფერი თმა, მზეზე მოწითალო-მუქ შუქს რომ იკრავს, ჭორფლიანი თეთრი კანი და მწვანე თვალები აქვს. ის რთული ადამიანია, მხოლოდ ჩვენი რამდენიმე მოგზაურობის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში.

- გოგონების ბიოლოგიური მშობლების მოძებნა არ გიცდიათ? სიდი: - ელიზაბეთმა არ მოისურვა. რომ მოესურვებინა, აუცილებლად დავეხმარებოდი.

- ელიზაბეთ, რატომ არ გინდა ბიოლოგიური მშობლების მოძებნა? - ჩემი მშობლები სიდი და ანა არიან, რომლებმაც მომცეს სითბო, სიყვარული, მაჩვენეს, რა არის ოჯახი.

- სიდ, ვიცი, რომ თქვენ საქართველოში დარჩით. - ეკონომიკური განვითარების სპეციალისტი ვარ და გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის კონფერენციაში მონაწილეობა შემომთავაზეს, რომელიც თბილისში ტარდებოდა. სიამოვნებით დავთანხმდი. მეორედ ჩამოსვლა საქართველოში სწორედ ამ კონფერენციას უკავშირდებოდა, ამერიკელებთან ერთად 12 დღით ჩამოვედი და მთელი საქართველო მოვიარე. მას შემდეგ წლის ერთ ნახევარს აქ ვატარებ, მეორე ნახევარს - კალიფორნიაში."ამერიკის სავაჭრო პალატისა და "როტარი კლუბის" წევრი ვარ და ვცდილობ სასარგებლო საქმე გავაკეთო. მომწონს, რომ სტუდენტებს ვხვდები და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, გამოცდილებას ვუზიარებ.

- რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო? - საქართველო ჩემი შვილების სამშობლოა, ამიტომაც მჭიდრო კავშირს ვგრძნობ ამ ქვეყანასთან. როცა ვუყურებ აქაურებს, ჩემი შვილები მახსენდება. როცა ქუჩაში ვსეირნობთ, ელიზაბეთი ქართველი ჰგონიათ და ასეც არის, რებეკა კი თავისი ჭორფლითა და წითელი თმით სუპერმეგრელია. ჩვენი ოჯახისთვის საქართველო მსოფლიოში ყველაზე განსაკუთრებული ადგილია. ჩვენ ხომ სამუდამოდ ვართ საქართველოსთან დაკავშირებული.

ხათუნა კორთხონჯია