"მგლებთან 1500 საათი გავატარე... ჩვენი მეგობრობის მეორე წელიწადი რომ დაიწყო, მგლებმა სიკვდილს გადამარჩინეს" - კვირის პალიტრა

"მგლებთან 1500 საათი გავატარე... ჩვენი მეგობრობის მეორე წელიწადი რომ დაიწყო, მგლებმა სიკვდილს გადამარჩინეს"

"ვაჟა-ფშაველაზე ჩემს ოროთახიან ბინაში ჩემი შვილები და 4 მგელი ყირაზე გადადიოდნენ. ერთხელ ბიძაჩემი გვესტუმრა და მათი თამაში რომ დაინახა, ძლივს მოვაბრუნეთ კაცი. მგლები ისეთი ალერსიანები არიან, თუ ლეკვობიდან გაზრდი, ძაღლს აჯობებს"

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა იასონ ბადრიძემ 1500 საათი ტყეში მგლებთან გაატარა, რათა მათი ქცევისა და ნადირობის თავისებურებანი შეესწავლა. ბატონ იასონთან საუბარი მისი ფოტოარქივის დათვალიერებით დავიწყეთ.

- მგლებს სახელებს ვარქმევდი: ეს ნესტორია, ეს მანანა, გურამი, ეს კიდევ, რუხი, ძალიან მენატრებიან... პირველად მამამ რომ ტყეში წამიყვანა ირმის მყვირალობის მოსასმენად, 4 წლის ვიყავი. ღამე იქ გავათიეთ. ირმები, ცხადია, ვერ ვნახეთ, სამაგიეროდ, პირველად იმ ღამეს გავიგონე მგლის ყმუილი. წლების შემდეგ ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ვსწავლობდი ცხოველების ქცევის ფიზიოლოგიურ მექანიზმებს.

- მაინცდამაინც მგელი რატომ აარჩიეთ? - იმიტომ, რომ მგელს ადამიანი არ შეხებია, როგორიც ბუნებამ შექმნა, ისეთივე დარჩა. მართალია, ძაღლიც მგელია, მაგრამ ადამიანთან ურთიერთობის გამო ბევრი რამაა მის ქცევაში დაკარგული, ან რუდიმენტულად დარჩენილი.

ტყვეობაში გაზრდილ ცხოველზე დაკვირვებას აზრი არა აქვს, ამიტომ ველური ცხოველი უნდა მიმეჩვია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებდი დაკვირვებას.

ბორჯომის ნაკრძალში 2 კვირა მოვანდომე მგლების კვალზე სიარულს და მივაგენი მათ საცხოვრებელ უბანს. ჯერ ჩემს სუნს უნდა მიჩვეულიყვნენ. საერთოდ, ცხოველთა უმეტესი სახეობისთვის სივრცეში ორიენტირებისას, სმენისა და მხედველობის გარდა, ყნოსვას აქვს წამყვანი მნიშვნელობა. სახლიდან წავიღე ქსოვილის ნაჭრები, რომელთაც საათობით ვიხვევდი ტანზე და მათ სავალ ბილიკზე ვალაგებდი. თავიდან გვერდს უვლიდნენ, მერე ზედ გადადიოდნენ. შემდეგში იმავე ბილიკზე ხორცის ნაჭრები დავაწყვე. რადგან შეჭამეს, ცხადი გახდა, რომ უშუალო კონტაქტი მალე გვექნებოდა. გაზაფხული იდგა და დომინანტებს გამრავლების პერიოდი დაუდგათ. ძუ მგელი მაკე იყო და სამშობიაროდ ბუნაგს ეძებდნენ. გზად დავხვდი. ძუ გაჩერდა, ხვადი დაახლოებით 5 მეტრზე მომიახლოვდა. მიყურა, კბილები დააწკაპუნა და წავიდა. თავს რომ არ დამესხა, ჩავთვალე, რომ მომეჩვივნენ. ერთი სიტყვით, 2 წლის განმავლობაში მგლებთან 1500 საათი გავატარე.

- სად ცხოვრობდით? - ტყეში. ნაბადი მქონდა, რომელსაც წყალი და თოვლი ვერაფერს აკლებდა. კარავი ყოველდღე უნდა აყარო, ნაბადი კი სულ თან გაქვს.

ერთხელ მეძინა, ჩხრიალმა გამაღვიძა, თვალი რომ გავახილე, ვხედავ ჩემ გვერდით მგელი დგას და შარდით მნიშნავს.

ჩვენი მეგობრობის მეორე წელიწადი რომ დაიწყო, მგლებმა სიკვდილს გადამარჩინეს. ისინი რომ ნადირობდნენ, მე სირბილით დავყვებოდი, ვეხმარებოდი - დომინანტები რომ მირეკავენ ირემს, ახალგაზრდები გზას უკეტავენ, მეც იმავეს ვაკეთებდი ხოლმე. ამ დროს ირემი ანელებს სირბილს და მგელი ეწევა. იმ დღეს 11 საათი უშედეგოდ ვირბინეთ, 4 ირემი გაგვექცა. უკან ვბრუნდებოდით, ოჯახის შეკრების ადგილზე. იმდენად დაღლილი ვიყავი, ძლივს დავდიოდი. უცებ ბილიკზე უზარმაზარი ლოდი დავინახე, დაახლოებით 2-3 მეტრი სიმაღლის, და მივეყუდე. თურმე მის უკან დათვი წევს. დაფრთხა და ყალყზე შედგა. ჩვენ შორის მანძილი 1 მეტრი ძლივს იყო. თათი რომ მოექნია, ჩემგან აღარაფერი დარჩებოდა. შევყვირე და ძუ და ხვადი, ორივე ეცა დათვს, კანჭები დაუკბინეს. დათვი ფერდობზე დაეშვა და გაიქცა. მაშინ მივხვდი, რომ ალტრუიზმი ადამიანის მოგონილი არ არის. საერთოდ, მგელი, თუ კვებითი კონკურენცია არ არის, დათვს არ ეკარება, ლეკვებსაც ამას ასწავლის და როდესაც მას თავს ჩემი გულისთვის დაესხა, ეს კლასიკური ალტრუიზმია.

მგლებს შორის ბგერითი კომუნიკაციის 2 ფორმა არსებობს - თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი ყმუილისას ყველა მგელს იდეალურად ესმის ერთმანეთის, ევროპელი იქნება, ამერიკელი თუ აზიელი. შეძენილი ყმუილი დიალექტის ანალოგია, დავუშვათ, გურული და კახელი მგელი ერთმანეთს შეძენილი ყმუილით ვერ გაუგებენ.

- ამას როგორ მიხვდით? - პირველად ეს კანადაში დავაფიქსირე. კანადელებს ჩემს ყმუილზე ყურადღება არ მოუქცევიათ, მაგრამ იქვე იყო პროფესორი ტემერზი, რომელმაც როგორც კი დაიყმუვლა, მაშინვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა მხრიდან. მერე ყველგან ასევე ვიქცეოდი და დასკვნაც ამის შედეგად გამოვიტანე.

იერარქიის მიუხედავად, მგლების ოჯახში ყველა აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც დანარჩენებზე უკეთ შეუძლიათ. შეიძლება ხროვაში იყოს 5 ძუ და 5 ხვადი, მაგრამ მრავლდება მხოლოდ 1 - დომინანტების წყვილი, დანარჩენებს ეცვლებათ გამრავლების ფიზიოლოგია. მათთვის მძუნაობის პერიოდი არ არსებობს. 1 ოჯახი დაახლოებით 8 მგლისგან შედგება. ქორწინება მგლებში ერთხელ და სამუდამოდ ხდება. ერთი ნაყარის ლეკვები რომ აიყვანო და სხვადასხვა ოჯახში ჩასვა, სუნით იგრძნობენ, ნათესავები რომ არიან და არავითარ შემთხვევაში არ შეჯვარდებიან.

ტუნდრის მგელი უფრო დიდია, 80 კილოგრამამდეც შეიძლება იყოს, მაშინ როცა ჩვენებური 45-50 კილოგრამამდეა. კანადაში თეთრი და შავი მგლები ცხოვრობენ, დანარჩენი ყველგან რუხია, გარდა სტეპებისა, სადაც ჟღალი ფერი ემატებათ.

ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენის მეთოდი შევიმუშავე - ეს ნიშნავს, რომ ტყვეობაშიც შეგიძლია გაზრდო მტაცებელი ისე, რომ ველურ ბუნებაში შეძლოს ცხოვრება. თავიდან ბაზა არ მქონდა და დროდადრო მგლის ლეკვებს სახლში ვაცხოვრებდი. მათ მონადირეებისგან ვყიდულობდი. ამისთვის ფული მჭირდებოდა და მალულად ავტომექანიკოსობით ვშოულობდი.

ვაჟა-ფშაველაზე ჩემს ოროთახიან ბინაში ჩემი შვილები და 4 მგელი ყირაზე გადადიოდნენ. ერთხელ ბიძაჩემი გვესტუმრა და მათი თამაში რომ დაინახა, ძლივს მოვაბრუნეთ კაცი. მგლები ისეთი ალერსიანები არიან, თუ ლეკვობიდან გაზრდი, ძაღლს აჯობებს. მგლების 2 ტიპი არსებობს: ერთი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და ადამიანთან არ ურთიერთობს, და მეორე, რომელიც შინაური ცხოველების ხარჯზე არსებობს. კანადის ახლოს კუნძულზე 25 წლის განმავლობაში დაკვირვებას აწარმოებდნენ და ირმის, ლოსის და მგლის რაოდენობის შეფარდება არ შეცვლილა. ამით იმის თქმა მინდა, რომ

აბსურდია, თითქოს მტაცებელი სპობს თავის პოტენციურ მსხვერპლს. ეს საბჭოთა მეცნიერების მოგონილია. დროს ტარების შემდეგ რაიკომის მდივნებს ცხვრის ტყავი ყურებიანად უნდა ჩაებარებინათ, რომ ცხვრის გაუჩინარება მგლისთვის დაებრალებინათ. ფაქტობრივად, ირემიც გაწყვიტეს მთელ საქართველოში, 400-მდე თუ იქნება და დამნაშავედ მგლები გამოჰყავთ.

ლამის ეროვნულ თვისებად გვექცა გაუმაძღრობა - 20 მწყრის მაგივრად, 40 უნდა მოკლან. მწყრის რაოდენობას მელა-ტურა ამცირებს. იყო ლაპარაკიც, მოდი, მელა-ტურა მოვსპოთო, იმაზე კი არავინ ფიქრობს, რომ მათი ძირითადი საკვები, თუ ფრინველი ვერ მოინადირა, მღრღნელები არიან. მელა და ტურა რომ მოსპო, წარმოიდგინეთ, როგორ გამრავლდებიან მღრღნელები. ასეთ შემთხვევაში მოიმატებს გიურზას რაოდენობაც, რადგან მისი საკვების 90% მღრღნელია. გიურზას რაოდენობის გაზრდა ნიშნავს ადამიანების დაკბენის რაოდენობის გაზრდას. არ შეუძლიათ ამის გათვლა!

დედოფლისწყაროს რაიონში 10 გარეული ღორი მოკლეს. მანქანაში 4 ძლივს შეტენეს და დანარჩენი დაყარეს. ქართველი კაცი საკუთარ ბუნებას თემურ-ლენგივით ექცევა.

მგლის რაოდენობაც შემცირებულია. მისი ადგილი ტყეში გაველურებულმა ძაღლმა დაიკავა. გაჩნდა ჰიბრიდები. ისინი მგლისგან აბსოლუტურად განსხვავებული პრინციპებით ცხოვრობენ. საშიშია ისიც, რომ გაველურებულ ძაღლს გენეტიკურად არა აქვს ადამიანის შიში. თავს რომ დაესხმება ადამიანს, ვინ გაარკვევს, ძაღლია თუ მგელი, ყველაფერს მგელს დააბრალებენ.

- ამჟამად რას საქმიანობთ? - სამეცნიერო საქმიანობას ვეწევი და ლექციებს ვკითხულობ. ახლაც ამ მიზნით ვარ ამერიკაში.