"ბანერზე უწერიათ, რომ ობიექტს იცავს დაცვის პოლიცია, მაგრამ სად არიან, ან კამერები სად დგას?!" - კვირის პალიტრა

"ბანერზე უწერიათ, რომ ობიექტს იცავს დაცვის პოლიცია, მაგრამ სად არიან, ან კამერები სად დგას?!"

თბილისის წყალსაცავი, რომელსაც ხალხი ზღვას ეძახის, გარდა იმისა, რომ სასმელი წყლით გვამარაგებს და თვითმფრინავებისთვის ავარიული დაშვების ადგილია, მნიშვნელოვანი რეკრეაციული ობიექტია. მისი მაქსიმალური სიღრმე 45 მეტრია, ფართობი 11,6 კვმ. ვინც თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებს, ალტერნატიული დასასვენებელი ადგილია.

თბილისის ზღვას უმეტესად ქართველები სტუმრობენ, თუმცა უცხოელებიც მრავლად შევნიშნეთ. კახა ჭუმბურიძე ერთ-ერთია, რომელიც კატერებს აქირავებს. როცა გაიგო, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტები ვიყავით, მე და ზურას კატერი უსასყიდლოდ დაგვითმო. ისე, წყალზე გასეირნება ერთი საათით 30 ლარი ღირს.

"ზღვას ამ კატერებით ვერ გადაცურავ, საამისოდ არც ძალა გეყოფა და არც იმის უფლებას მოგცემენ, აკრძალულ ზონაში გახვიდე. თუკი ძალიან შორს გაცურავ ნაპირიდან, მაშინვე მაშველი მოვა სკუტერით და გაგაფრთხილებს, მობრუნდე შენივე უსაფრთხოებისთვის. გამქირავებლებიც ზღვაში გასულ მომხმარებელს გაჰყურებენ და როგორც კი რამე საეჭვოს შენიშნავენ, მაშინვე მაშველს იძახებენ". სადაც ხალხი ირევა, ნაგვის ყუთები ახლო-ახლო დგას, თუმცა სულ რაღაც ათი წუთის სიარულის შემდეგ, სურათი შეიცვალა - მანქანის საბურავები, პოლიეთილენის პარკები, ერთჯერადი ჭიქები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ლუდის ცარიელი ბოთლები, სიგარეტის კოლოფები და უამრავი ნამწვი. თავდაუხურავი საკანალიზაციო ჭები კი სავსეა ნაგვით.

სახიფათო ადგილებზე ჯვრები დგას, მათ შორის ერთ-ერთი წარწერით: "ნათელში იყოს". გატეხილმა საფლავის ქვამ მიგვანიშნა, რომ აქ ადამიანები დაიღუპნენ. მუყაოს ყუთებით შეკრულ კარავსაც წავაწყდით, ხეზე კი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეკიდა. როგორც ჩანს, აქ ვიღაც ცხოვრობს, საბანიც და პლედებიც ჰქონია! პატრონს ველოდეთ, მაგრამ ამაოდ.

როგორც იქნა, სანიტარიულ ზონასთანაც მივედით. წარწერებმა მკაცრად გაგვაფრთხილეს: "შესვლა აკრძალულია! ბანაობა აკრძალულია! წყალსადენის სანიტარიული ზონა!" სახიფათო ზონასთან ბანერი და რკინის ბადე კი დაგვხვდა, რომელიც ტერიტორიას მთელ სიგრძეზე მიუყვებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთ ზოლზე, მეორე მხრიდან შემოსაზღვრული არ იყო - ნაპირამდე ჩახვიდოდი და აკრძალულ ტერიტორიაზე თავისუფლად ამოყოფდით თავს. უფრო იოლი გზაც იყო - გამორღვეულ ბადეში გაძრომა. ტერიტორიაზე, რომელიც GWP-ის საკუთრებაა, შესვლა აკრძალულია, თუმცა ბოქლომში ჩატოვებული გასაღები შევნიშნეთ და მას შემდეგ, რაც 15 წუთის განმავლობაში ზარი ვრეკეთ და არავინ გამოვიდა, შესვლა გადავწყვიტეთ. როგორც იქ ბიჭებმა გვითხრეს, 24 საათი მორიგეობენ და მაქსიმალურად აკონტროლებენ ტერიტორიას, მაგრამ შეუძლებელია მუდმივად "სასიკვდილო ჩანჩქერთან" ყოფნა.

მკვლელ ჩანჩქერამდე გზას ფეხით გავუყევით. აქაც საშინელი ანტისანიტარიაა, ისევ მანქანის საბურავები, პოლიეთილენის პარკები, ლუდის ცარიელი ბოთლები და სიგარეტის კოლოფები... გზადაგზა წყვილები გვხვდებოდნენ, რომლებმაც ხმაურიან პლაჟს თავი აარიდეს და ისეთ ზონებში გადაწყვიტეს განმარტოება, სადაც არც გამაფრთხილებელი ნიშნები დგას და არც მაშველები არიან. ცოტაც გავიარეთ და გზა გადაკეტილი დაგვხვდა წარწერით: "ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია". ზონა "მკვლელ ჩანჩქერს" ესაზღვრება. 2016-დან 2019 წლამდე თბილისის ზღვაში 10 კაცი დაიღუპა, უმეტესობა""მკვლელმა ჩანჩქერმა" შეიწირა.

სამიარუსიანი ცემენტის კონსტრუქციით ფერდობიდან ჩამომავალი მდინარე ზღვაში ჩაედინება. ამ 15-მეტრიან კონსტრუქციას არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეუწირავს, ერთ-ერთი ალეკო ცქიტიშვილის ვაჟი, ცოტნე ცქიტიშვილი იყო.

ალეკო ცქიტიშვილი: "ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება და თბილისის მერიას დაავალა ჯებირზე ორმეტრნახევრიანი კედლის მშენებლობა. ასევე ვითხოვდით ზღვის მთელი პერიმეტრის პატრულირებას, რადგან იქ უამრავი სახიფათო ადგილია, მაგრამ თურმე კანონით არა აქვთ უფლება. არადა, ამაზე ხომ ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული. ეს რა ამაზრზენი კანონია, ყოველწლიურად რამდენ ახალგაზრდას ვკარგავთ მხოლოდ იმისთვის, რომ სათანადო კონტროლი არ არის. დიდი ხანია მივმართავ GWP-ის, რომ მოაწესრიგოს თავისი ტერიტორია. ბანერზე უწერიათ, რომ ობიექტს იცავს დაცვის პოლიცია, მაგრამ სად არიან ან კამერები სად დგას?! არ უნდა იცოდნენ, რა ხდება მათ ტერიტორიაზე?! როგორც ჩემი ოჯახი დაინგრა, ისე არ უნდა გამწარდნენ სხვებიც, ამიტომ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, ყველანაირად შევეცდებით თბილისის ზღვაზე დასვენება უსაფრთხო გავხადოთ".

მიუხედავად ჩანჩქერთან განთავსებული არაერთი გამაფრთხილებელი ნიშნისა, ჩვენს ობიექტივში მაინც მოხვდა კანონდამრღვევი მოქალაქე და გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით, გვეკითხა, რატომ იგდებს თავს საფრთხეში: "სულაც არ ვიგდებ თავს საფრთხეში, სუფთა წყალია, შიგნით რომ ვწვები, თითქმის ყველა პრობლემა მეხსნება, თან წყნარი ადგილია, რაღაცნაირი აზარტიც არის".

გახსოვდეთ, სიცოცხლე ღვთის საჩუქარია და ნუ ჩაიგდებთ თავს უმიზეზოდ საფრთხეში. ბედნიერ და მშვიდ ზაფხულს გისურვებთ!

ნათია სიბაშვილი

ზურა სოლომნიშვილი