"...მე მაინც ვმღერი" - კვირის პალიტრა

"...მე მაინც ვმღერი"

"მუსიკა ჰაერივითაა და თუ ოდნავ მაინც მოაკლდა ჩემს ცხოვრებას, უკვე ცუდად ვარ"

მომღერალმა ლევან კბილაშვილმა რთული და საინტერესო შემოქმედებითი გზა განვლო. "ჯეოსტარის" და რუსული "ვოისის" გამარჯვებულმა 9 აგვისტოს ბათუმის კორტებზე კიდევ ერთხელ გაახარა თაყვანისმცემლები და რაც მთავარია, მასთან ერთად სცენაზე იდგა მსოფლიო ვარსკვლავი ბორის ბრეგოვიჩი, მისი მეგობრები, ზვიად ბოლქვაძე და ჯგუფი "ნიუტონი".

- სცენაზე ჩემი დებიუტი 6 წლის ასაკში შედგა, თუმცა არა როგორც მომღერლის, არამედ როგორც მოცეკვავის - "მთიულურის" სოლო ვიცეკვე, რაც დიდ მღელვარებასთან იყო დაკავშირებული, რადგან ეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოხდა. შემდეგ რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში დავდიოდი. რობერტს მიდგომა ჰქონდა, ბავშვები მაქსიმალურად დაეტვირთა კონცერტებით. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები და ძალიან კარგი გამოცდილება.

- "ჯეოსტარში" ორჯერ მონაწილეობდით, რადგან პროექტის მსვლელობისას მძიმე ავარიაში მოყევით. როგორი იყო მეორე შანსი? - ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპის დასასრული და მეორის დასაწყისი. ყველას ეგონა, დავიღუპე, თუმცა გადავრჩი. ძალიან ბევრი ცუდი რამ მაქვს გადატანილი, თუმცა ამის მიუხედავად, ყოველთვის მეძლევა მეორე შანსი. ამის გამო მჯერა სასწაულების!

- რუსული "ვოისი" თქვენს ცხოვრებაში... - "ჯეოსტარის" პერიოდში ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, რას ვაკეთებდი, რუსულ "ვოისში" კი ყველა რისკი გათვალისწინებული მქონდა. ამ პროექტს მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს. მთელი მსოფლიოდან ძალიან კარგი მუსიკოსები ცდილობენ მასში მოხვედრას. ბევრია ისეთიც, რომელმაც 6-7-ჯერაც სცადა, მაგრამ ვერ ახერხებს მოხვედრას.

რუსული "ვოისიც" მეორე შანსი იყო - როდესაც პირველი მოწვევა მომივიდა, კასტინგები კი გავიარე, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ადგილები აღარ იყო. მითხრეს, მომავალ წელს უკასტინგოდ აგიყვანთო. ერთი წელი დაუღალავად ვიშრომე. საბოლოოდ პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და ჩემს ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი დაიწყო.

- როდის არ ემღერება ლევანს? - ალბათ, იშვიათად და საბედნიეროდ ეს პერიოდები ძალიან ხანმოკლეა. მუსიკა ჰაერივითაა და თუ ოდნავ მაინც მოაკლდა ჩემს ცხოვრებას, უკვე ცუდად ვარ. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ხელი შემიშალონ, არ უხარიათ ჩემი წარმატება. ახლახან ჩამოვედი და გულდასაწყვეტი ამბავი გავიგე - თურმე სერიოზულ პროექტებში უნდოდათ ჩემი მიწვევა და კონკრეტულ ადამიანებს სთხოვეს ჩემთან დაკავშირებაც, მათ კი ეს არ გააკეთეს... თუმცა მე მაინც ვმღერი...

სადაც უნდა ვიყო, ყველაფერს საქართველოსთვის ვაკეთებ. სხვა საქართველოს ვერსად იპოვი. მართალია, ადამიანები შევიცვალეთ, ჩვენი ქვეყანა კი ისევ ისეთია.

ლევან კბილაშვილი და ბორის ბრეგოვიჩი - საკმაოდ დიდი ხანი გაატარეთ მოსკოვში. როგორია თქვენთვის ეს ქალაქი? - დღეს უკვე მგონია, რომ ყველგან სტუმარი ვარ, საკუთარ სახლშიც კი. მოსკოვი ყველა მეგაპოლისისგან განსხვავდება და ძალიან რთული ქალაქია, თუმცა აქვს რაღაც, რაც უკან გაბრუნებს. მეც ვბრუნდები, თუმცა მალევე ვხვდები, რა ჯოჯოხეთიც არის.

- "სახლში მინდა" - ამ ფრაზაზე რა გახსენდებათ? - იყო პერიოდი, როცა მოსკოვში არავინ მყავდა ისეთი, ვისაც ვკითხავდი "რა ვქნა?" სახლში მინდოდა, მაგრამ ვერ დავბრუნდი, ძალიან ბევრი დამარცხებულს არ მიმიღებდა.

- დიდი წარმატება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ახლახან გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი... - ერთი თვის წინ საერთაშორისო ეთნოფესტივალზე შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ლეგენდარული ბორის ბრეგოვიჩის წინა გამომსვლელი ვიყავი. სიმღერა დავასრულე თუ არა, მოვიდა და მითხრა, 9 აგვისტოს ბათუმში მაქვს კონცერტი და მე და შენ იქიდან ვიწყებთ თანამშრომლობასო. იმედია, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ბრეგოვიჩთან ერთად 9 აგვისტოს 2 სიმღერა შევასრულე ჩემს უნიჭიერეს მეგობრებთან ერთად.

დიდი გეგმები მაქვს. ნოემბერში კონცერტი მექნება მსოფლიო დონის მუსიკოსებთან, მათ შორის ისეთებთან, ვისაც უმუშავია სტინგსა და სხვა ცნობილ მომღერლებთან. ეს არის 11-კაციანი ჯგუფი, მათ ცოტა ხნის წინ მომისმინეს და როგორც სოლისტი მეთორმეტე წევრად ამიყვანეს.

ჩემს ცხოვრებაში სასწაულები ხდება და ეს სასწაულები კონკრეტული ადამიანები არიან. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის.

თამუნა მარშანიშვილი