როდის "ამოისუნთქებს" ეკონომიკურად საქართველოს მოსახლეობა - კვირის პალიტრა

როდის "ამოისუნთქებს" ეკონომიკურად საქართველოს მოსახლეობა

წლები გადის, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა კვლავინდებურად არასახარბიელოა. შესაძლოა არის უკეთესობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს მნიშვნელოვან და არსებით წინსვლას. რისი გაკეთება შეიძლება დღეს? გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

- 2012 წლის შემდეგ, 2019 წლისთვის, ეკონომიკა 1,3-ჯერ არის გაზრდილი. რა თქმა უნდა, ეს ცოტაა, მით უმეტეს, რომ გადანაწილება თანაბარზომიერად არ ხდება. შექმნილი დოვლათის დიდი ნაწილი მიემართება იმ სფეროებში, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა მცირეა, ხოლო არცთუ მცირედი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის. ამასთან, ოჯახების შემოსავლების მზარდი წილი მიემართება საკრედიტო ვალდებულებების დასაფარავად და აზარტული თამაშებით გატაცებასაც ღრმად აქვს ხელი ჩაყოფილი ჩვენი ოჯახების ჯიბეებში. წინასწარი შეფასებით, 2019 წელს ერთი შინამეურნეობის საშუალო შემოსავალი 2012 წელთან შედარებით თითქმის 47%-ით გაიზრდება, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით რეალური ზრდა 21% იქნება. მაგრამ, თუ შემოსავლებს დავაკლებთ სესხების პროცენტებსა და აზარტულ თამაშობებზე დახარჯულ თანხას, ზრდის ნაცვლად რამდენიმეპროცენტიან კლებას მივიღებთ.

- როგორ ფიქრობთ, კიდევ მოსალოდნელია პროდუქტების გაძვირება? - 2012 წელთან შედარებით ფასები დღეს საშუალოდ 21,2%-ით არის გაზრდილი, ზოგი საქონელი მეტად არის გაძვირებული და ზოგი ნაკლებად. მაგალითად, პურის ფასი 27,4%-ით გაიზარდა, საქონლის ხორცის - 38,7%-ით, რძის პროდუქტებზე ფასების ორჯერადი და მეტი გაზრდა გვაქვს.

როცა ეცემა ეროვნული ვალუტის კურსი, მაღალი ალბათობით, უნდა ველოდოთ ფასების მატებასაც. ამის საწინააღმდეგოდ რა რეცეპტი შეიძლება არსებობდეს? - უპირველესად, მეტი პროდუქციის წარმოება შიდა ბაზრის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, საქართველოში ხორცის მოხმარების 55% იმპორტზე მოდის, თანაც ვერ ვიტყვით, რომ ხორცზე მოსახლეობის მოთხოვნილებები მთლიანად კმაყოფილდება. ამიტომ ვდგავართ არჩევნის წინაშე - გავზარდოთ იმპორტი 2-ჯერ ან ადგილობრივი წარმოება გავზარდოთ 3-ჯერ. გავზრდით იმპორტს? - მოგვიწევს მეტი ვალუტის გადახდა.

2012 წლის შემდეგ საქართველომ 750 მლნ აშშ დოლარზე მეტი ხორცი და ხორცპროდუქტები შემოიტანა იმპორტით. ენერგომატარებლები კი მხოლოდ შარშან შემოვიტანეთ 1,15 მლრდ დოლარის.

- დღევანდელ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი რა არის? - გამართლებულია გარე და შიდა ვალების აღების პოლიტიკა?

- საქართველოს ხელისუფლებასა და ბიზნესს ერთად 17 მილიარდ დოლარზე მეტი აქვთ ვალი, მაგრამ მთავარი მისი სიდიდე კი არა, მისი გამოყენების ეფექტიანობაა. სახსრების რაციონალურად გამოყენება უნდა ვისწავლოთ, მაგალითად, ფაქტობრივად, დღემდე უპასუხოა კითხვა, რას მოხმარდა 2008 წლის გაზაფხულზე რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისგან აღებული 500 მილიონი დოლარი? მაშინ საუბარი იყო მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე, მერე აგვისტოს ომის გამო მოხდა ამ ვალის რესტრუქტურიზაცია (გადავადება), შედეგად 2021 წლისთვის ჯამში 900 მილიონი დოლარის გადახდა მოგვიწევს.

"ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანული კანონის თანახმად, ჩვენი შიდა და გარე ვალის ჯამური სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 60%-ს. ამ კანონიდან გამომდინარე, ხელისუფლებას კი არ მოვუწოდებ, მაგრამ მას უფლება აქვს, კიდევ აიღოს 2,2 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი.

ახლა ლაპარაკია აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტობანის მშენებლობაზე, რომელიც 1,1 მილიარდი ჯდება. საქართველოს სამხედრო გზაზე 9-კილომეტრიანი გვირაბი 600 მილიონზე მეტი ეღირება და აქედან 500 მილიონი სესხი იქნება. ჯერ არ ვიცით, ანაკლიის საერთაშორისო კონსორციუმი მოიძიებს თუ არა 400 მილიონ დოლარს. თუ ვერ მოახერხებს, მაშინ ხელისუფლებას მოუწევს იმ ფულის მოძიებაცა და მომსახურებაც... ზემოთ ნახსენები 2,2-მილიარდდოლარიანი ლიმიტი სწორედ ამგვარი მანევრირების შესაძლებლობას იძლევა.

საშინაო და საგარეო ვალის მხოლოდ პროცენტებში 2018 წელს ბიუჯეტმა 520 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა (275,8 მლნ საგარეო და 244,3 მლნ ლარი - საშინაო ვალის პროცენტის სახით).

- რა არის საჭირო, რომ რიგითმა მოქალაქემ შვებით ამოისუნთქოს?

- უნდა ვიმუშაოთ ორი ძირითადი მიმართულებით: ერთია რეალური სექტორის განვითარება. მომსახურების სექტორის, მათ შორის ტურიზმის წარმატება და ეფექტიანობა დიდწილად სწორედ რეალური სექტორის განვითარებაზეა დამოკიდებული (აქ შედის სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, გადამმუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა და სხვ.). მეორე კი ცოდნაზე, მეცნიერებაზე, ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკური საქმიანობაა. ამის გარდა, გაცილებით მეტი საგადასახადო შეღავათი და სუბსიდირება უნდა დაუწესდეთ იმ ოჯახებს, რომლებიც საქმიანობას საქართველოს მთიანეთს დაუკავშირებენ - ეკონომიკურად და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს რეგიონს, სადაც დღეს მოსახლეობის სიმჭიდროვე საშუალოდ 1 კვკმ-ზე 4 კაცზე ნაკლებია.