"ქამრების შემოჭერიდან" ჯიბეების გაფართოებამდე?! - კვირის პალიტრა

"ქამრების შემოჭერიდან" ჯიბეების გაფართოებამდე?!

"მინისტრები აღარ, მაგრამ ახლა მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები იღებენ დანამატს"

დეკლარირებული "ქამრების შემოჭერის პოლიტიკის" მიუხედავად, ბიუროკრატიული ხარჯები (ხელფასები, პრემია-დანამატები, სამივლინებო) წლიდან წლამდე იზრდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა მონაცემები, რომელთა მიხედვით, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735,3 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს თანხა 47,5 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ იმავე პერიოდის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის ორ კვარტალში თანამდებობის პირთა ხელფასებში 507 მილიონი ლარი დაიხარჯა, დანამატის ხარჯმა 106,4 მილიონი ლარი, პრემიის ხარჯმა კი 2,9 მილიონი ლარი შეადგინა. შტატგარეშე შრომის ანაზღაურება 111,2 მილიონი ლარი დაგვიჯდა. ამას გარდა, წლეულს 6 თვეში საჯარო მოხელეებმა მივლინებებში 40,7 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც შარშანდელზე 3 მილიონით მეტია.

"მინისტრები აღარ, მაგრამ ახლა მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები იღებენ დანამატს"

მარიამ მაისურაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი: - შემცირების ნაცვლად, ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აუდიტის სამსახურს არც ერთმა უწყებამ არ მიაწოდა ინფორმაცია საწვავისა და ტრანსპორტის შენახვა-ექსპლუატაციის ხარჯების შესახებ. რიგითი საჯარო მოხელეების მივლინებებისთვის ლიმიტები მოქმედებს, ხოლო მაღალი რანგის მოხელეებს შესაბამისად, ერიცხებათ დანამატები, რის შედეგადაც ეს თანხები საბოლოო ჯამში ძალიან იზრდება. საკითხავია, რა საჭიროა ამდენი ადამიანის წასვლა შეხვედრაზე, როცა მინისტრს მთელი ადმინისტრაცია, კამერამენი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, დეპარტამენტის უფროსი და სხვანი მიჰყვებიან. ამასთან, არც ერთი უწყება არ აკეთებს ანგარიშგებას, რა სარგებელი მოუტანა ქვეყანას ან უწყებას, ადგენენ მხოლოდ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელ მივლინებაში რა დაიხარჯა.

ჩვენ გამოვიკვლიეთ და ივნისის თვეში წარმოვადგინეთ რამდენიმე გუბერნატორის ავტოპარკისა და საწვავის ხარჯები. როგორც აღმოჩნდა, იმ თანხებით, რაც 2017-2018 წლებში საწვავში დაიხარჯა, შესაძლებელი იყო დედამიწისთვის რამდენჯერმე შემოვლა. გუბერნატორებმა თავი გაიმართლეს, მაგრამ ეს ციფრები არანაირ რაციონალურ გათვლებში არ ჯდება.

- ხელფასები და პრემია-დანამატები, წინა წელთან შედარებით, 47 მილიონი ლარით არის გაზრდილი...

- "ქამრების შემოჭერის პოლიტიკა" ყოველ ჯერზე ფორმალურია. რეალურად ფინანსების ხარჯვა იგივე რჩება ან იმატებს. მაგალითად, საჯარო დაწესებულებებში პრემია გაუქმდა, სამაგიეროდ, ახლა დანამატი ჰქვია. რა მნიშვნელობა აქვს, რა დაერქმევა?

2018 წელს გამოვითხოვეთ დანახარჯები და აღმოჩნდა, რომ პარლამენტარებზე, ხელფასის გარდა, ყოველთვიურად გაიცემოდა დანამატები 5 და 3 ათასი ლარის ფარგლებში. სამინისტროებში, მინისტრები აღარ, მაგრამ ახლა მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები იღებენ დანამატს. ჯამში, გასულ წელს საჯარო სამსახურებში მხოლოდ პრემია-დანამატებში 235 მილიონი დაიხარჯა.

2018 წელს პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციაში ყველა, თავად პრეზიდენტის გარდა - ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სხვა თანამდებობის პირები - ყოველთვიურად იღებდნენ პრემია-დანამატებს. ანაზღაურება თუ იყო მაგალითად, 6.000 ლარი, ისინი დანამატისა და პრემიის სახით 3.000 ლარამდე იღებდნენ. ქვეყანაში, სადაც ათიათასობით ადამიანი გვყავს სიღარიბის ზღვარს მიღმა, არ შეიძლება სრულიად გაუგებარი მიზნებით წელიწადში ამხელა ფული იხარჯებოდეს მარტო პრემია-დანამატებზე.

"ჩვენი ფულით ამუშავებენ "დასაქმების ბიუროს"

ლევან ალაფიშვილი, ექსპერტი: - ერთია ხელფას-პრემიების მთლიანი ფონდი, მაგრამ თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ საჯარო მოხელეთა რიცხოვნობას, რომელიც ასევე ზრდადია, დავინახავთ უმთავრეს მოტივაციას, რატომ ვერ ელევა ხელისუფლება ამ ყველაფერს. ჩემი გათვლებით, სამინისტროებს თუ დავუმატებთ სახელმწიფო საწარმოებს, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტებსაც, საჯარო სექტორში მთლიანად 320 ათასი საჯარო მოხელეა დასაქმებული. ამ 320 ათას საჯარო მოხელეს ოჯახში თითო წევრი მაინც ხომ ჰყავს? ეს კი ძალიან სერიოზული საარჩევნო რესურსია.

ის, რაც აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა, მხოლოდ სამინისტროებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მონაცემებია. ამას თუ დავუმატებთ მთლიან სექტორს, მონაცემები უფრო მასშტაბური იქნება. ჯერ კიდევ 2016 წლისთვის მთლიან საჯარო სექტორში ბიუჯეტიდან 320 ათასი მოხელის შესანახი თანხები 2 მილიარდ ლარამდე ადიოდა. 2 მილიარდი მარტო ხელფასებსა და შენახვაში რომ იხარჯება, იმ ბიუჯეტით განვითარდება ქვეყანა? 2016 წელს, როდესაც საჯარო სამსახურის ახალი კანონი მუშავდებოდა, დიდი ზარ-ზეიმით თქვეს, რომ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე მსუყე ხელფას-პრემიები და უსაქმურების შენახვა შემცირდებაო. შეიცვალა რამე? ეს ხალხია მათი რესურსი და რატომ შეცვლიან რამეს? მთავრობა სამუშაო ადგილებს გარეთ ვერ ქმნის, პირიქით, ამცირებს ბაზარზე, სამაგიეროდ, საჯარო სექტორში ჩვენი ფულით ამუშავებს "დასაქმების ბიუროს".

კეთილი ინებონ და საზოგადოებას ჩააბარონ ანგარიში, ისეთ რა წარმატებებს აღწევენ, რომ ჩვენი ჯიბიდან ჩინოვნიკების არმიის შესანახად მილიარდებს ვხარჯავთ.

- ადრე აქვეყნებდით ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნის მონაცემებს. იქაც ასე ხელგაშლილი არიან ბიუჯეტის ხარჯზე?

- მე ავიღე ევროკავშირის ჩვენთან მეტ-ნაკლებად ახლოს მდგომი ქვეყნები - პოლონეთი, ესტონეთი, შვედეთი და ჩვენს ბიუროკრატიას შევადარე (იხ. დიაგრამა). მასშტაბების გათვალისწინებით აღმოჩნდა, რომ საქართველოში როგორც სამინისტროები, ისე საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც სამივე ქვეყანაზე მეტია.