მოვაწესრიგოთ: ჯერ ნერვული სისტემა, მერე - მოძრაობა - კვირის პალიტრა

მოვაწესრიგოთ: ჯერ ნერვული სისტემა, მერე - მოძრაობა

თბილისის (საქართველოს) ქუჩებში ავტომანქანით მოძრაობას რომ ძლიერი ნერვული სისტემა და ხელი სჭირდება, ახალი არავისთვის არის. ქუჩის ვიდეოკამერებისა და რადარების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდის მიუხედავად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით მძღოლებს, რომელთა მანევრებისა და ჩანაფიქრის ამოცნობა ძალიან გაგიჭირდებათ! არ მიეცით მოხვევის მანიშნებლის გარეშე თქვენს ზოლში "ჩაკვეხების" უფლება? 87-ჯერ აუციმციმეთ მაშუქები? მორიგი "შუმახერი" აიკელით სიგნალებითა და უცენზურო სიტყვებით? თუ ასე გააგრძელებთ, თავადაც მალე დაემსგავსებით მათ, ვისაც ახლახან უსიგნალებდით, აგინებდით და თვალებს უპაჭუნებდით...

გასაგებია, რომ ძალიან რთულია, სიახლოვეს მოძრავი არაადეკვატური მძღოლების ყველა გამოხდომას გაუძლოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, თუ ყველა მათგანს აჰყვებით, ნერვებს (და როცა საქმე ჩხუბში გადაიზრდება), ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებთ. ამიტომაც, ჩვენი რჩევაა: დამშვიდდით და ეცადეთ, აუღელვებლად იმოძრაოთ, "გიჟებს" კი ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ნებაზე მიუშვით, "სნებას" თავად შეეყრებიან. ახლა კი, წაიკითხეთ ჩვენი რჩევები და სცადეთ, იქნებ გამოგადგეთ?!

რჩევა N1: გმნ

წესი "გიჟი მიუშვი ნებასა"- გამოცდილი და ეფექტიანია. შესაძლოა, სხვა მძღოლმა შემთხვევით ან შეგნებულად დაარღვია მოძრაობის წესები, მაგრამ რაც უნდა ძალიან გინდოდეთ თქვენი სიმართლის დამტკიცება და მისთვის ჭკუის სწავლება, სჯობს, ნერვებს გაუფრთხილდეთ. მით უმეტეს, რომ თავადაც კარგად იცით, ის არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვინც თქვენს განერვიულებას მოახერხებს. ყველას ხომ არ გამოეკიდებით? ამიტომაც - გაუშვით, იფრინონ...

რჩევა N2: ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა

იშვიათი გამონაკლისების გარდა, მუსიკა პოზიტიურად მოქმედებს ადამიანების უმეტესობაზე, პირადი ავტომანქანა კი ის ადგილია, სადაც ვერავინ შეგიშლით ხელს, იმას მოუსმინოთ, რაც მოგწონთ. მთავარია, სწორად შეარჩიოთ ჟანრი: მძიმე როკი ან ტექნო-მუსიკა აგაფორიაქებთ (რაც ქუჩებში მოძრაობისას ისედაც არ გაკლიათ!), ამიტომ უკეთესია, არჩევანი მსუბუქ, სასიამოვნო მუსიკაზე შეაჩეროთ. ნურც ძალიან ხმამაღლა აუწევთ - მუსიკა ფონს უნდა ქმნიდეს და მთელ თქვენს ყურადღებას არ ითხოვდეს.

რჩევა N3: მოუსმინეთ აუდიოწიგნებს

კარგი საშუალებაა აუდიოწიგნებიც: ტვინს დამატებითი სამუშაო გაუჩნდება და გარე ფაქტორები უფრო ნაკლებად გაგაღიზიანებთ. თუმცა, მართვისთვის აუცილებელი კონცენტრაცია რომ შეინარჩუნოთ, აჯობებს, არჩევანი ამ შემთხვევაშიც რაიმე "მსუბუქზე, იუმორით გაჯერებულზე შეაჩეროთ.

რჩევა N4: მიმართეთ თვითჩაგონებას

"მშვიდად ვარ, მომწონს აუჩქარებლად ყოფნა და "მოჩქარეების" გატარება"- დასაწყნარებლად საკმარისია, მსგავსი სიტყვები რამდენჯერმე, ხმამაღლა (თუ ავტომანქანაში მარტო ხართ) გაიმეოროთ. სცადეთ და დარწმუნდებით, რომ ეს მექანიზმი მუშაობს. სპეციალისტების თქმით, თვითჩაგონებისთვის ნათქვამი ფრაზა სამჯერ უნდა გაიმეოროთ. ყოველ შემთხვევაში, შემოწმებას არაფერი უდგას წინ.

რჩევა N5: შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა

ნუ გადაიტვირთავთ თავს პრობლემებზე ფიქრით. პირიქით - კარგზე იფიქრეთ: თქვენს მიღწევებზე, ოჯახზე, შვილებზე, საყვარელ მუსიკაზე (თუ ჯერ კიდევ არ დაგიჯერებიათ რჩევა N2-ისთვის და იმწუთას მუსიკას არ უსმენთ), ფილმზე, რომელიც გიყვართ, გაიხსენეთ გასული შვებულება, ან წარმოიდგინეთ მომავალი დასვენება... და რაც მთავარია, პოზიტიურ ფიქრებს რაც შეიძლება ხშირად დაუბრუნდით.

რჩევა N6: გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები

სუნთქვითი ვარჯიში საფუძველია იოგისთვის, აღმოსავლური ორთაბრძოლებისთვის, სპორტის მრავალი სახეობისთვის. საერთოდაც, პირველივე რჩევა, რასაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს აძლევენ, სწორედ სუნთქვას უკავშირდება. -ღრმად ჩაისუნთქე, დამშვიდდი!" როგორ? ძალიან იოლად: გაასწორეთ ზურგი და ღრმად, თანაბარი შუალედებით ისუნთქეთ, თან სცადეთ იგრძნოთ, როგორ მოძრაობს დიაფრაგმა.

რჩევა N7: დააკვირდით და წინასწარ დაინახავთ

აშშ-ში არსებობს სისტემა შმიტჰ შაფეტყ Dრივინგ, რომელსაც პროფესიონალი მძღოლების მომზადებისას იყენებენ. სისტემის ერთ-ერთი პრინციპია აკონტროლებდე გზას და წინასწარ განსაზღვრო, რა შეიძლება მოხდეს უახლოესი წამების განმავლობაში. მართლაც, არცთუ იშვიათად შეიძლება იმ სიტუაციების წინასწარ განჭვრეტა, რომლებიც მძღოლებში სტრესს იწვევს. როგორ? მაშინვე დაიწყეთ გვერდით რიგში გადანაცვლება, როგორც კი სარკეში სასწრაფო დახმარების ავტომანქანის ნათებას დაინახავთ, ფეხი მუხრუჭისკენ გადაანაცვლეთ, როცა გადასასვლელს მიახლოებულ ველოსიპედისტს ან ქვეითად მოსიარულეს შენიშნავთ, თუნდაც "ზებრამდე" ჯერ კიდევ დიდი მანძილი იყოს: მასზე გადამსვლელებს მაინცდამაინც მაშინ გაახსენდებათ ხოლმე, რომ არსად ეჩქარებათ და შესაძლოა, მკვეთრი მუხრუჭის გამოყენება დაგჭირდეთ. მაშინაც კი, როცა თქვენი გზა თავისუფალია, სატვირთო ავტომანქანების კოლონა კი მხოლოდ შემხვედრ ზოლში მოძრაობს, მზად იყავით,- დიდია ალბათობა, ერთ-ერთი სატვირთოს უკნიდან "გამოხტეს" ავტომობილი, რომელსაც "ყველაზე მეტად ეჩქარება.

რჩევა N8: დაიცავით უსაფრთხო დისტანცია და გვერდითი ინტერვალი

გვერდით მანქანასთან ინტერვალი შეძლებისდაგვარად დიდი უნდა იყოს, წინ მიმავალთან დისტანცია კი იმდენი, რაც საჭიროა მშრალ გზაზე 2 წამის განმავლობაში მოძრაობისთვის! თუ გზის საფარი სველია, დისტანცია მინიმუმ 4-წამიანი უნდა იყოს, თოვლიან ან მოყინულ გზაზე კი 8 წამიც არ კმარა! რას ნიშნავს დისტანცია წამებში? შეხედეთ, სად იმყოფება თქვენ წინ მოძრავი ავტომობილი და დაინიშნეთ 2 წამი. თუ ამ დროის განმავლობაში, წინ მიმავალი ავტომანქანის ადგილას აღმოჩნდებით, დისტანცია ნორმალურია. თუ ვერ მიხვედით, შეგიძლიათ, დისტანცია შეამციროთ. გაიქროლეთ? დისტანციის გაზრდა აუცილებელია.

რჩევა N9: უფრთხილდით "მკვდარ" ზონებს

ავტომანქანის გვერდით და უკანა ხედვის სარკეებში კარგად უნდა ჩანდეს, რა ხდება ჩვენ გარშემო. თუმცა საცობებისა და თავზე ხელაღებული მძღოლების მანევრების გათვალისწინებით, ზოგ შემთხვევაში, სარკე ვერ გეხმარებათ. ამიტომაც, ხშირად მიმართეთ "მამაპაპურ" ხერხს და მხოლოდ სარკეს ნუ ენდობით - გვერდით გახედვით თავსაც დაიზღვევთ და კისრის კუნთებსაც გაავარჯიშებთ.

რჩევა N10: "დაიკიდეთ"

ამ მთავარი რჩევის ფონზე, ყველა დანარჩენი აზრს კარგავს. რადგან საგზაო საცობიცა და გვერდით ან წინ მოძრავი მეზობლის არაადეკვატური ქმედებებით გამოწვეული გაბმული სიგნალიც წვრილმანებია, რომლებიც არ იმსახურებს ნერვების "მოშლას. ამიტომაც, დამშვიდდით და ყურადღებას ნურაფერს მიაქცევთ!