ტურისტების სასეიროდ, ქვეყნის სახეიროდ... - კვირის პალიტრა

ტურისტების სასეიროდ, ქვეყნის სახეიროდ...

რა სჯობია დამარცხებული დამპყრობლით ფულის შოვნას!

მერე რა, რომ ერთი ეპოქა დასრულდა და მეორე დაიწყო, არის სიმბოლოები, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაზე მაინც ახდენს გავლენას - თუ ბოლო წლებში სოფელ ნატახტართან გაგივლიათ, ტრასის ახლოს აუცილებლად დაინახავდით ბელადის, ვლადიმირ ილიჩის ბრინჯაოს უშველებელ ჩამტვრეულ თავს. არადა, იყო დრო, როცა ამ თავის პატრონის ბრძანებით ზღვა სისხლი იღვრებოდა და თაობები ნადგურდებოდნენ. მორიგი იმპერიის მბრძანებელი ისევე დაიმსხვრა, როგორც იმპერიები იმსხვრეოდნენ. ის ახლა მხოლოდ სასეირო ფიგურაა, რომლის დანახვაზე ტრასაზე ხალხი მანქანებს აჩერებს და ბრინჯაოს თავს აქეთ-იქიდან უვლის.

ისე, თუ მოიკითხავთ, ეს აქ ვინ ან რატომ მოიტანაო, გეტყვიან, რა ვიცით, როგორც ჩანს, სადღაც თბილისში იყო, მერე ვიღაცას დამტვრევა დაეზარა, სატვირთო მანქანაზე შეაგდო და აქ მოიტანაო. თანაც დაამატებენ, იყოს, რას გვიშლის, რაც ეგ თავი ნატახტარში აგდია, მაგ ადგილს იმდენი ხალხი ათვალიერებს, რომ შეგვეძლოს სკვერს გავხსნიდით ტურისტებისთვის და ლენინის თავით ფულს ვიშოვიდითო! ურიგო აზრი არ არის, მეც ვეთანხმები - მივბაძოთ ბალტიისპირელებს, რომლებმაც საბჭოთა ძეგლები ქალაქგარე სკვერებში გაზიდეს და ერთ დროს მრისხანე დამპყრობლები სტუმრების სასეიროდ აქციეს.

ვლადიმირ ილიჩის თავი კიდევ ერთ ადგილას არის წამოსკუპებული - ჭიათურის საბაგიროს ძველი შენობის თაღზე, ოღონდ სტალინთან ერთად არის მოზაიკაში "დავანებული". თქვენ წარმოიდგინეთ, მოზაიკაზე არც ლენინსა და არც სტალინს, რომ იტყვიან, კენჭიც არა აქვთ ჩამოვარდნილი. როგორც ჭიათურაში ამბობენ, ეს "შედევრი" მისი ულამაზესი კენჭების გამო გადარჩა. ჭიათურის საბაგიროს ძველი შენობის თაღზე, ლენინ-სტალინი ერთად არის მოზაიკაში 'დავანებული' ჭიათურელი პავლე გოგოძეს კარგად ახსოვს, როდესაც ეროვნული მოძრაობის წევრები შენობას კიბით მიადგნენ და ცოტა ხანში უკან ჩამოსულებმა განუცხადეს, ამის დანგრევა შეუძლებელია, ძალიან მაგრად არის ჩაჭედებული, ისედაც ძალიან ლამაზია და გადავიფიქრეთო!

პავლე გოგოძე: - ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე არსად მეგულება ადგილი, სადაც ეს ორი ბელადი ასე ერთად იყოს გამოჭიმული. სიცოცხლეში სძულდათ ერთმანეთი და აბა, სიკვდილის შემდეგ ერთად ყოფნა რატომ ენდომებოდათ, მაგრამ ბედისწერამ ასე მიუსაჯა, იმიტომაც არის ეგ მოზაიკა ანტიკვარი! არ დამიჯერებთ, მაგრამ მაგის მონგრევა ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებას უნდოდა და დაეზარა, ეროვნულ მოძრაობას ხომ დაეზარა და დაეზარა. ჰოდა, ეგ ყოფილა მაგათი ბედისწერა, დაშავებით აღარაფერს აშავებენ, პირიქით, უცხოელები დიდი ინტერესით შესცქერიან და გვეკითხებიან, ეს ორი ვინ არის და აქ რატომ არისო.

- მერე, თქვენ რას პასუხობთ?

- ჯანდაბას, დოზანას და გადაშენებას! ვინც იყვნენ, ვეუბნები და თავებს აქეთ-იქით აქნევენ!

ჰოდა, მეც თავს აქეთ-იქით ვაქნევ - რა ხალხი ვართ ეს ქართველები, რას ვერჩოდით ამ ისტორიულ ექსპონატებს, ყოფილიყვნენ, გვესეირა და გვეკეთებინა ფული - რა სჯობია დამარცხებული დამპყრობლით ფულის შოვნას!