ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი დიზაინერები - კვირის პალიტრა

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი დიზაინერები

მსოფლიოს მოდის ინდუსტრია არაერთ ქართველ დიზაინერს იცნობს. კრიტიკოსები, ბლოგერები და საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები მოდის კვირეულის ფარგლებში წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობენ თბილისს, ქართული ბრენდების დასათვალიერებლად ბოლო დროს შოპინგ-ტურებიც ეწყობა, თუმცა, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული დღეს ქართული მოდის ინდუსტრია, მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე გვესაუბრება.

მსოფლიოს მოდის ინდუსტრია არაერთ ქართველ დიზაინერს იცნობს. კრიტიკოსები, ბლოგერები და საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები მოდის კვირეულის ფარგლებში წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობენ თბილისს, ქართული ბრენდების დასათვალიერებლად ბოლო დროს შოპინგ-ტურებიც ეწყობა, თუმცა, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული დღეს ქართული მოდის ინდუსტრია, მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე გვესაუბრება.

- ქართველი დიზაინერები ითვალისწინებენ ქვეყნის ეკონომიკურ ფონს და ისეთი ფასები აქვთ, რომ საშუალო ფენის მომხმარებელმაც შეძლოს შეძენა. მათ აქვთ სპეციალური ხაზი საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის. ჰენდ მეიდი კი მთელ მსოფლიოში ფუფუნებაა - როცა დიზაინერი სპეციალურად შენთვის ქმნის სამოსს ან აქსესუარს, მას ფასიც განსაკუთრებული აქვს. ვერ ვიტყვი, რომ ქართველი დიზაინერების ჰენდ მეიდი ძალიან იაფია, მაგრამ მაინც გათვალისწინებულია საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება. ჩვენი დიზაინერები მუშაობენ ექსკლუზიურად, მათ ფართო მოხმარებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი რომ შეკერონ, ამისთვის საწარმო არ გააჩნიათ. არის რამდენიმე პატარა საწარმო, მაგრამ ვერ აუდიან შეკვეთებს. არადა, საქართველო ნამდვილად არის მოდის ინდუსტრიის ქვეყანა. 4-მილიონიანი ქვეყნისთვის დაახლოებით 50 დიზაინერი ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ქართველ დიზაინერებს ხელით უწევთ მუშაობა და ეს ევროპაში ძალიან ძვირია. როცა გვექნება დიდი საწარმო და შეიკერება ასი და ორასი მოდელი, ფასიც დაიკლებს. ამიტომაც არის საჭირო, რომ ამ საქმეს ჭკვიანმა ხალხმა მიხედოს და ფული დააბანდოს მოდის ინდუსტრიაში.

ჩვენი დიზაინერების ნაწარმი იმდენად იაფია, რომ ამ მიმართულებით სპეციალური ტურები ეწყობა - უცხოელები ჩამოდიან, ყიდულობენ და ბედნიერები მიდიან. ერთმა ქალბატონმა ცალკე ბილეთი აიღო, რომ ბარგი წაეღო და ალბათ, ყუთების შეფუთვაში უფრო მეტი გადაიხადა, ვიდრე ტანსაცმელში. მოდის რუკაზე საქართველო დღეს ერთი დიდი წერტილია, რომელსაც დიდი ინტერესით უყურებს მსოფლიო, რა თქმა უნდა, დემნა გვასალიას დამსახურებითაც.

მოდელი კრისტი ყიფშიძე დათუნა სულიკაშვილის კაბაში

დათუნა სულიკაშვილის პროდუქცია საქართველოს ბაზრისთვის შეიძლება ძვირი მოგეჩვენოთ, თუმცა მსგავსი ჰენდ მეიდი გაცილებით ძვირი ღირს ევროპასა და ამერიკაში. დათუნას კაბების ფასი 800-დან 1.500 ლარამდე მერყეობს, რაც ძალიან იაფია იმ შრომასთან შედარებით, რასაც მათ შექმნაში დებს.

თამუნა ინგოროყვას კოსტიუმები რომ ნახოხთ, ისეთი საოცრად დახვეწილი ნამუშევარია, რომ ფასი გაგაოცებთ +- 1.500-დან 2.500 ლარამდეა. თამუნას პროდუქცია საზღვარგარეთ სამჯერ უფრო ძვირად გაიყიდებოდა.

დალოოდი - მაკა კვიციანია მისი ხელმძღვანელი. მისი შესრულებული ცნობილი ჯინსები და ხელით ნაქარგი ქურთუკები ხელოვნების ნიმუშია. ფასი 1.500-1.600 ლარია. ეს ევროპაში 5.000 დოლარი ღირს. დალოოდი ანუკი არეშიძეს აქვს ორი ხაზი - "ანოუკი" და "მის ანოუკი". "მის ანოუკი" ყველასთვის ხელმისაწვდომია, რადგან საწარმოსთან აქვს წვდომა და ნაწილი იქ იკერება, ანუკის ჰენდ მეიდი კაბა კი 1.200-1500 ლარი ღირს.

ქეთი ჩხიკვაძეს გამოვარჩევდი საოცრად დახვეწილი და ქალური კაბებით. ფასები 1.500-დან 2.500 ლარამდეა. ფასი ნამუშევრის სირთულესთან ერთად იზრდება.

გვანცა ჯანაშია საოცარ აქსესუარებს ქმნის. ფასი 400 ლარიდან იწყება. მარგალიტი მოოქრული მეტალით ნამდვილი საოცრებაა და არც ფერი გადასდის.

Situationist - ირაკლი რუსაძის ხელმძღვანელობით. მის საოცარ პიჯაკებსა და ქვედაბოლოებს ჩვენი ბაზრისთვის სოლიდური ფასი აქვს და ამიტომ გადართულია ევროპის ბაზარზე. ფასები საშუალოდ 2.000-2.500 ლარიდან იწყება. დღეს ყველა ქსოვილი იტალიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან შემოაქვთ და ეს პროდუქციის ფასს ზრდის. ჩვენი დიზაინერები ყოვლისშემძლეები არიან და ამ პირობებშიც ახერხებენ საოცარი პროდუქციის შექმნას და ქართული ბაზრისთვის შესაბამისი ფასის დადებას.