"მინდა გისურვოთ, რომ პირსინგსა და ტატუს თქვენთვის პრობლემები არ მოეტანოს" - კვირის პალიტრა

"მინდა გისურვოთ, რომ პირსინგსა და ტატუს თქვენთვის პრობლემები არ მოეტანოს"

ზაფხული წელიწადის ის დროა, რომელიც ახალგაზრდებს პირსინგებითა და ტატუებით თავმოწონების საშუალებას აძლევს. ჩვენი რესპონდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თამარ ებანიძე გვირჩევს, ეს "სამშვენისები" კვალიფიციურ დაწესებულებაში გავიკეთოთ...

- ისტორიული წარსულისგან განსხვავებით, დღეს პირსინგი არ წარმოადგენს კასტურ-ასაკობრივ და სქესობრივ განმასხვავებელ ნიშანს. ახლა ის მოდური ტენდენცია, თვითგამოხატვის საშუალება, თუ საზოგადოების ერთგვარი გამოწვევაა.

სამედიცინო თვალსაზრისით, ეს მცირე ოპერაციაა, რომელიც აუცილებლად კვალიფიციურ დაწესებულებაში უნდა ტარდებოდეს, რადგან გასათვალისწინებელია მთელი რიგი უკუჩვენებები, რომელიც არასწორად გაკეთებული პირსინგის შედეგად ვითარდება. ესენია: ეპილეფსია, ჰემოფილია, ბრონქული ასთმა, სისტემური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ფსიქიკური დარღვევები...

- დღეს ძალიან მოდურია წარბის, ცხვირისა და ენის პირსინგი. ამ შემთხვევაში, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს არასწორად ჩატარებულმა პროცედურამ?

- წარბის გახვრეტამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების დაზიანება, რასაც მოსდევს ჰემატომა, ინფექციები. თუ სამწვერა ნერვიც დაზიანდა, მივიღებთ სახის ასიმეტრიას. პირის ღრუში პირსინგი შეიძლება ლიმფური კვანძების ანთების მიზეზი გახდეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ენის ქვეშ 2 არტერია გადის, რომლის დაზიანებაც ძლიერ სისხლდენას იწვევს და შეიძლება ლეტალურადაც დასრულდეს... ენის შეშუპებაც არ არის გამორიცხული, რასაც სასუნთქი გზების ბლოკირების გამო, ასევე ლეტალური დასასრული აქვს. პირის ღრუს პირსინგმა შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების დაზიანება ან გემოს დაქვეითება.

- და მაინც, თუ ძალიან გვინდა პირსპინგი, რომელი ადგილია ყველაზე უსაფრთხო? - ნაკლებად სარისკოა ყურის ბიბილო, ხრტილის გახვრეტა კი შესაძლოა ყურის დეფორმაციის მიზეზი გახდეს. თუ მაინც რისკავთ და მიგაჩნიათ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მინდა გისურვოთ, რომ პირსინგს თქვენთვის იმედგაცრუება და პრობლემები არ მოეტანოს.

რაც შეეხება ტატუს, ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვისთან იკეთებთ, რამდენად სტერილური ხელსაწყოებით და რა შემადგენლობის საღებავით. ამასთან, დრო ყველა საღებავს ახუნებს... გახსოვდეთ, რომ ამ "სილამაზეს" წონისა და ასაკის მატებასთან ერთად იერი უარესობისკენ ეცვლება. თუ ფიქრობთ, რომ ადვილად შეძლებთ მოშორებას, იმედს გაგიცრუებთ - ეს ხანგრძლივი და მტკივნეული პროცედურაა, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება და ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ამის შედეგად ტატუ უკვალოდ გაქრება...

პირსინგი - სიმბოლო სიმამაცისა და ერთგულებისა...

1991 წელს ავსტრიის მყინვარში აღმოაჩინეს 5000 წლის მუმია, რომელსაც ყურზე პირსინგი ჰქონდა... ინდოელ ქალებში ცხვირის ნესტოზე დამაგრებული პირსინგი ქმრისადმი მორჩილების სიმბოლოდ ითვლებოდა; ძველ რომში, იულიუს კეისრის მცველები ძუძუს თავებზე იმაგრებდნენ რგოლებს, რაც სიმამაცისა და გამბედაობის სიმბოლოს წარმოადგენდა; ძველ ეგვიპტეში ჭიპის პირსინგი კასტური კუთვნილების ნიშნად მიიჩნეოდა; ძველად, მეზღვაური, რომელიც ოკეანის გადაცურვას განიზრახავდა, ყურზე ოქროს საყურეს იკეთებდა, რათა მისი დაღუპვის შემთხვევაში, ნაპირზე გამორიყულის დასაფლავების ხარჯის დაფარვა ამ სამკაულით მომხდარიყო; პირველყოფილ ტომებში სჯეროდათ, რომ ყურზე პირსინგი მათ დაიცავდა დემონებისგან, რომლებიც სწორედ ყურიდან იჭრებოდნენ ადამიანის სხეულში...

ყველაზე ძველი ტატუები

ტატუ პირველად მოხსენიებულია ბრიტანელი კაპიტნის, ჯეიმს კუკის დღიურში...

გიზას პირამიდის შესწავლისას, ყველაზე ძველი ტატუები - ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლით დათარიღებული ქალი მუმიების მოხატული სხეულები აღმოაჩინეს.

1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ჯეიმს კუკმა მთლიანად მოხატული გვამი ჩამოასვენა, რომლის ტატუირებული სხეულის თვალიერებამ ევროპელები განაცვიფრა.

დღეს ტატუ მსოფლიოში ხელოვნების ერთ-ერთ დარგს წარმოადგენს.