"არის ძალა, რომელიც ცდილობს, ქვეყანა ვულკანურ კრატერში შეიტყუოს" - კვირის პალიტრა

"არის ძალა, რომელიც ცდილობს, ქვეყანა ვულკანურ კრატერში შეიტყუოს"

"რაც უნდა ფული გაიღონ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ", უმრავლესობით ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ"

წელს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბევრად ცხელია, ვიდრე ზაფხულის ამინდები. პოეტ ერეკლე საღლიანთან სწორედ ამ პროცესებზე ვისაუბრეთ.

- პანკისში გამწვავებული ვითარება, გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში, 20-21 ივნისის აქციის დაშლა, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გაგრძელება, ლარის გაუფასურება... ეს პროცესები შემთხვევითია, მართვადი, მთავრობის უსუსურობის შედეგია თუ რასთან გვაქვს საქმე?

- ყველაფერი ერთადაა აღებული. მივექანებით მიზნისკენ, რომელიც უდაბნოს მირაჟზე უფრო მოჩვენებითია. რა თქმა უნდა, პროცესები მართვადია. არის ძალა, რომელიც ცდილობს ქართველი ერი და ეს ქვეყანა ვულკანურ კრატერში შეიტყუოს. ახერხებენ კიდეც ამას ჩვენი დახმარებით, იმიტომ, რომ გარედან იოლად ვიმართებით. პანკისის მოვლენები ხელისუფლების სრული უგუნურება იყო. არ შეიძლება შენს ხალხს ძალის პოზიციით ელაპარაკო. ვამბობდი და ვიმეორებ დღესაც - მთავრობა და ხალხი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და ამას მივყავართ ასეთ შედეგთან.

რამდენად უსუსური უნდა იყო, რუსეთის რეზიდენტი პარლამენტში მიგყავს და სვამ სპიკერის სკამზე. თუ ეს შეთანხმებული იყო, მაშინ წარმოვიდგინოთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ამან ის შედეგი მოგვიტანა, რაც ვიხილეთ 20-21 ივნისის ღამეს. იმ მომენტში ხელისუფლებას უკან რომ დაეხია, გამოსულიყო ხალხის წინაშე, ბოდიში მოეხადა გავრილოვის გამო და რაც მოხდა ყურადღების მოდუნებაზე მიეწერა, შესაძლებელია გაცილებით უკეთესი შედეგი მიგვეღო. სასტიკი წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალის გამოყენების, მაგრამ ძალადობა იყო ორივე მხრიდან. ახალგაზრდების გულწრფელი ტკივილი გამოიყენეს პოლიტიკურმა პარტიებმა და ცდილობდნენ შტურმით აეღოთ ხელისუფლება და ხელისუფლებაც იძულებული გახდა გამოეყენებინა ძალა.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ამბავს... თუ რამეში ვედავები წინა და დღევანდელ ხელისუფლებებს, ერთ-ერთი ის არის, რომ უცერემონიოდ შეუძლიათ ყველაფერზე საუბარი, არიან თუ არ არიან აზრზე. არ ვიცი, რა ხდება ამ საქმეში. ამიტომ ჩემი საუბარი არაკომპეტენტური იქნება.

ლარის გაუფასურებაც ხელისუფლების უსუსურობაა. ხალხის გაჭირვებულ მდგომარეობას არ ითვალისწინებენ, არადა, უმეტესობას სესხი აქვს გამოტანილი დოლარში. რა ქნან იმათ, რა გააკეთონ, როდესაც ლარის კურსი ყოველდღე ეცემა?!

- მთავრობამ კურსის ცვლილება ოპოზიციის აქციებს დაუკავშირა. - არა მგონია, ლარის ვარდნა ამას გამოეწვია. ესეც თავის გამართლების უსუსური გზაა.

- ხაზარაძის პოლიტიკურ გააქტიურებაზე გკითხავთ - ხომ არ გგონიათ, რომ მესამე ძალა მის გარშემო ჩამოყალიბდება? - მესამე ძალად ასე უცებ ჩამოყალიბება, ცოტა არ იყოს, მეეჭვება.

- რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობა? - ანაკლია შავ ზღვაზე ერთ-ერთი უძლიერესი პორტი იქნება. ყირიმის მითვისებით, ფაქტობრივად, რუსეთს უკვე ხელში ჩაუვარდა შავი ზღვის მართვის გასაღები. შავ ზღვას აკონტროლებს ის, ვინც ფლობს ბოსფორ-დარდანელის სრუტეებს და, რა თქმა უნდა, ყირიმს. ანაკლიის სახით მესამე წერტილი შეიქმნება. ანაკლიის პორტში უცხოეთის დიდ გემებს მიეცემათ შემოსვლის საშუალება, დღეს ჩვენ მივისწრაფვით ნატოსკენ, თუმცა ზარ-ზეიმით რომ არ გვიღებენ, ამასაც ვხედავ, მაგრამ ანაკლიის პორტის დასრულებით უკვე მათი ინტერესის სფეროში ვექცევით.

- რატომ ჭიანურდება პორტის მშენებლობა - მთავრობას არ სურს, თუ გარე ქვეყნები მუშაობენ მშენებლობის ჩაშლისთვის? - გარე ქვეყნები, რა თქმა უნდა, იმუშავებენ. როგორი შეუვალიც უნდა იყოს შენი მოწინააღმდეგე, უნდა გაგაჩნდეს ისეთი პოლიტიკა, რითაც იმოქმედებ მასზე.

ბუნებრივია, რუსეთი წინააღმდეგია ამ პორტის მშენებლობის და ის ქვეყნები, რომლებიც პორტის მომხრენი არიან და ამაში საკუთარ ინტერესებსაც ხედავენ, უფრო ღირსეულად უნდა მოიქცნენ, უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს მათი პოლიტიკა რუსეთისადმი. თან გვაგულიანებენ, თან არაფრის გარანტიასაც არ იძლევიან და, ბუნებრივია, შეშინებულია ჩვენი ხელისუფლებაც. აი, ამაში ვხედავ მშენებლობის გაჭიანურების მიზეზს.

- "რუსთავი 2"-სა და ნიკა გვარამიას გარშემო განვითარებულ მოვლენებზე შეგეკითხებით. ზოგიერთმა პოლიტიკური დევნილიც კი უწოდა მას, ზოგიერთი კი ამბობს, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და გვარამიას არ უნდა მოჰქონდეს თავი თავისუფალი მედიის წარმომადგენლადო. - მთავარი ის არის, "რუსთავი 2" წერტილოვან დარტყმებს აყენებს იმ წერტილებს, რომლებიც ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველი წერტილოვანი დარტყმის მიყენებას ჩვენს ეკლესიაზე ცდილობენ. როცა შენ ეკლესიას აყენებ დარტყმას, ამით დარტყმას ქართულ სულს აყენებ.

რაც შეეხება გვარამიას, დაცემულ კაცზე წიხლის მიყოლება არ მჩვევია. ის, პირიქით, მთელი ცხოვრება დაცემულებს ურტყამდა. მე ვეტყოდი, დაფიქრდეს ბევრ რამეზე. არ არის უნიჭო კაცი, მაგრამ როგორ გამოიყენებ ამ ნიჭიერებას, ამაშია საქმე. გვარამიას მამას ვიცნობდი, ნამდვილად კარგი კაცი იყო და სულ სხვა იდეები ამოძრავებდა.

- წინ 2020 წლის არჩევნებია, როგორ განვითარდება მოვლენები? - ჩემი აზრით, 2020 წლის არჩევნებით დასრულდება ერთპარტიული დიქტატი საქართველოში. რაც უნდა ფული გაიღონ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ", უმრავლესობით ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ.