"მოხვეწილი" ყინწვისი - კვირის პალიტრა

"მოხვეწილი" ყინწვისი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ქვის იატაკის მარმარილოს ფილებით მოპირკეთებას იქაური სასულიერო პირების თვითნებობად აფასებს.

"შესრულებული სამუშაოები უკანონოა და ეწინააღმდეგება ძეგლთა დაცვით პრინციპებს, ხელყოფს ეროვნულ ფასეულობებსა და მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას... უშედეგო აღმოჩნდა უნებართვო სამუშაოების აღკვეთის არაერთი მცდელობა. ადგილობრივმა მღვდელმსახურებმა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არ შეუშვეს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა... ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელიც თანხვედრაშია სააგენტოს პოზიციასთან... ...კანონდარღვევით მიმდინარე პროცესს არ ჰყოლია არქეოლოგიური ზედამხედველი. უნებართვო სამუშაოების შედეგად იატაკზე, თარაზულად მოსწორებულ ცემენტის ზედაპირზე, არატრადიციული წყობით არის დაგებული ძვირად ღირებული მარმარილოს მართკუთხა ფილები, რაც იატაკის დონეს არსებულთან შედარებით რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა სწევს და საფლავის ქვას სცდება. იატაკის ახალი საფარი სრულ შეუსაბამობაშია ტაძრის ინტერიერის მხატვრულ-არქიტექტურულ სტილთან და სარკისებრი ზედაპირით უხეშად აკნინებს კედლებზე შემორჩენილ XIII საუკუნის დასაწყისის უნიკალურ მხატვრობას. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის დაღვევითაა მოწყობილი ამბიონის საფეხურიც, რომელიც მასიური ქვის ნაცვლად მომცრო ფილებით არის მოპირკეთებული..."

საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, საჭიროა ახლად დაგებული იატაკის დემონტაჟი და ნეიტრალური ფერის ქვის კვადრებით მოპირკეთება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოები საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

"მალე "სტენკასაც" დადგამენ!"

სოციალურ ქსელებში ყინწვისის ეკლესიის იატაკის თანამედროვე, ფერადი და პრიალა ფილებით მოპირკეთებასა და ტაძრის მესვეურთა თვითნებობას გმობს საზოგადოება:

"ასეთი რამ კომუნისტებსაც არ გაუკეთებიათ".

"ამაზე დიდი მტრობა რაღა უნდა გაუკეთო შენს ქვეყანასა და სიწმინდეებს".

"ამ ვანდალიზმის გამო, უნდა დაისაჯოს ყველა, რომ ეს უგუნურება არავინ გაბედოს!"

"განუკითხაობაა. იმის ნაცვლად, რომ პირვანდელი სახე შეენარჩუნებინათ, რა გააკეთეს?!"

"მეთლახის დამგებს კი არ უნდა მოაჭრა მკლავი, დამკვეთებს უნდა შეაჭრა წვერი!"

"მანდ რომ ციციშვილების საფლავები იყო, სად წავიდა?

"მალე "სტენკასაც" დადგამენ!"

"ბარემ სვეტიცხოველიც მოვაპირკეთოთ!!!"

იხილეთ ასევე: "არაფერი ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა" - რას ამბობს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი ტაძრის იატაკის მარმარილოს ფილებით მოწყობაზე