გზა აღიარებისკენ, ანუ არსებობს თუ არა ეროვნული არქიტექტურა! - კვირის პალიტრა

გზა აღიარებისკენ, ანუ არსებობს თუ არა ეროვნული არქიტექტურა!

"არქიტექტორის ამოცანა ის არის, სივრცე მაქსიმალურად აითვისოს ისე, რომ გარემოსთან ჰარმონია არ დაარღვიოს"

ჩვენ თვალწინ იმდენი უშნო შენობა ამოიზარდა სოკოებივით, ვეღარც კი დაიჯერებ, რომ ქართველი არქიტექტორები სადმე ლამაზ შენობებს აშენებენ. თურმე როგორ არა! ევროპის არქიტექტორთა კომისიის ჯგუფმა რვა ქართველი არქიტექტორის შენობა შეარჩია, რომლებიც ბარსელონის არქიტექტურულ კონკურსზე 375 ევროპულ შენობასთან ერთად აღმოჩნდნენ. შენობები სამშენებლო კულტურის, სოციალური დანიშნულებისა და ესთეტიკის თვალსაზრისით შეირჩა. ბარსელონის კონკურსზე წარდგენილი იყო ისეთი შენობები, როგორიც არის "საცეკვაო დარბაზი და აუდიტორია თეა დარჩიას ქორეოგრაფიული სტუდიისთვის"; "ყავის ქარხანა"; "პავილიონი ჭაჭის ცერემონიებისთვის"; "განახლებული დეზერტირების ბაზარი"; "ფაბრიკა"; "პარკ-ოტელი "ბლექ სი არენა". ასე რომ, კონკურსი გრანდიოზული იყო, მასში მონაწილეობა კი საპატიო, მით უფრო, თუ იმას გავითვალისწინებთ, ურბანული ქაოსის პარალელურად, თურმე გემოვნებიანი ქართული არქიტექტურაც არსებობს, რაც შეუმჩნეველი არ რჩება.

კონკურსის ჟიურის სიმპათია ახალგაზრდა არქიტექტორის დავით გიორგაძის ნაგებობამ "თეა დარჩიას საცეკვაო სტუდიამ" დაიმსახურა. ჩვენ დავით გიორგაძეს დავუკავშირდით.

- სასიხარულოა, რომ ჩვენს ურბანული პრობლემებით სავსე ქალაქში ევროპელებმა კომფორტული და სივრცეზე მორგებული შენობები იპოვეს. ესე იგი, ქართული არქიტექტურა არათუ გაიყინა, ვითარდება.

- ეს კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, რაც საკმარისი დროა ახალი არქიტექტურული ქმნილებების გასაკეთებლად და არა მხოლოდ - კონკურსში მონაწილეობენ ძველი შენობებიც, რომლებიც არქიტექტორებმა ისე გადააკეთეს, რომ სხვა ფუნქცია შეიძინეს. სხვათა შორის, კონკურსზე წარდგენილ ჩვენს შენობათა შორის არის ერთი ასეთი - "ფაბრიკა".

- კარგია, რომ ამ კონკურსმა ეროვნულ არქიტექტურას მიაქცია ყურადღება, არადა, უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც ხელისუფლებამ არქიტექტორები უცხოეთიდან ჩამოიყვანა ობიექტების ასაშენებლად. - ჩვენი არქიტექტურა არავისზე ნაკლები არ არის. ჩემი შენობა 300 კვმ-ია და დამკვეთის სურვილს ბოლომდე პასუხობს, ჩემთვის ესეც მთავარია. ისე კი, არქიტექტორის ამოცანა ის არის, სივრცე მაქსიმალურად ისე აითვისოს, რომ გარემოსთან ჰარმონია არ დაარღვიოს.

- ამის მიუხედავად, ბანალურ საცხოვრებელ კორპუსებზე უფრო მეტი მოთხოვნაა, ვიდრე იმ შენობებზე, რომლებიც მსგავს ჰარმონიას ქმნიან. აქედან გამომდინარე, ალბათ, ქართველ არქიტექტორთა უმეტესობა დასაქმებული არც არის. - ნიჭი ზოგჯერ გზას მაინც ნახულობს, ისე კი, მართლაც რთული მდგომარეობაა. თუმცა მე, იმედს არ ვკარგავ - იზრდებიან ახალგაზრდა და ნიჭიერი არქიტექტორები, რომლებიც თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან.