თქვენ მოიგეთ... ციხე! - კვირის პალიტრა

თქვენ მოიგეთ... ციხე!

ამჯერად სათამაშო ბიზნესის ქართულ ვარიანტზე მოგითხრობთ. ჩვენმა ხელისუფლებამ ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახა, რაც ქვეყანაში გართობა-დასვენების ყველა პირობის შექმნას ითვალისწინებს.

ბუნებრივია, დიდი როლი ენიჭება სათამაშო ბიზნესსაც: სამორინეებს, სათამაშო სალონებსა თუ სლოტ-კლუბებს. მაგრამ სათამაშო ბიზნესის მოყვარული ტურისტები თუ შეიტყობენ, რომ საქართველოში კაზინოები ან სლოტ-კლუბები  მოგებულ თანხას ხშირად არ იხდიან და მეტიც, შეიძლება, ციხეშიც კი მიაბრძანონ მოგებული, საეჭვოა, რომელიმე მათგანს თამაშის სურვილი დაებადოს.

ორი თვის წინ თბილისელმა ირაკლი ზედგენიძემ სლოტ-კლუბ "ვეგასში" 2 მილიონ 717 ათასი ლარი მოიგო, მაგრამ დღემდე თეორიულად ითვლის მილიონებს. "ვეგასის" ხელმძღვანელობის განმარტებით, ზედგენიძეს ეს თანხა არ ეკუთვნის, რადგან სლოტ-კლუბში გამოკრული იყო წარწერა, რომ კონკრეტული აპარატი (რომელზეც ზედგენიძე თამაშობდა) 3.000-ლარიანი მოგების მეტს არ გასცემს(?!).

უფულო მილიონერს პირველად ფილარმონიასთან შევხვდი. იქვე, ფილარმონიის უკან მდგარ სკამზე ჩამოჯდომა შემომთავაზა. თეორიულად მილიონერი კი ვარ, მაგრამ პრაქტიკულად ყავაზეც ვერ დაგპატიჟებთ, ინტერვიუს ჩაწერა სუფთა ჰაერზე მოგვიწევს, თუმცა ესეც ბედნიერებაა - მადლობა ღმერთს, გივი ხვედელიძესავით ციხის საკანს არ ვხეხავო!

გივი ხვედელიძე, რომელმაც სლოტ-კლუბში 2 მლნ 127 ათასი ლარი მოიგო, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით არის დაკავებული და მას ათწლიანი პატიმრობა ემუქრება.  გივი ხვედელიძემ თანხა 2009 წლის სექტემბერში ჭიათურის ერთ-ერთ "სლოტ-კლუბში" მოიგო, მაგრამ ადმინისტრაციამ მოგებული თანხის გადახდაზე უარი უთხრა, აპარატი გაფუჭებულია, სპეციალურ შემოწმებას საჭიროებსო. "სპეციალური შემოწმება" არ ჩატარებულა. სამაგიეროდ, როგორც ხვედელიძე ამტკიცებს, კლუბის ხელმძღვანელობამ აპარატის "ვარგისიანობის დასადგენად" კანონიერ ქურდებს მიმართა და "ექსპერტებმა" დაადგინეს, რომ ხვედელიძეს არაფერი მოუგია.

გოდერძი ჩუბინიძე, გივი ხვედელიძის ადვოკატი: "ხვედელიძეს უმტკიცებდნენ, აპარატია გაფუჭებულიო. კლუბის მეპატრონე რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენია, გვარად ცერცვაძე. აპარატი მართლაც გაფუჭებული იყო თუ არა, არავის დაუდგენია. ხვედელიძეს უთხრეს, საქმე ქურდებმა გაარჩიეს და გადაწყვიტეს, არაფერი მოგიგიაო. რადგან კლუბის მეპატრონეებმა ქურდული კანონებით დაიწყეს ლაპარაკი, ხვედელიძე იძულებული გახდა  საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ "კანონიერ ქურდ" რომან ბარბაქაძეს, მეტსახელად "რემენას"" დაჰკავშირებოდა, თორემ სადაური ქურდული გაგებისა და ქურდული სამყაროს წევრია ხვედელიძე?"

საზოგადოებას, ალბათ, უცნაურად მოეჩვენება, რომ ხვედელიძემ მაინცდამაინც ქურდულ სამყაროს მიმართა დახმარებისათვის, - მაშინ, როცა "დემოკრატიულ" სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უფლებების დასაცავად ყველა პირობა  გვაქვს შექმნილი, თითქოს რა პრობლემა უნდა იყოს სლოტ-კლუბში ან კაზინოში მოგებულის აღება? ცივილიზებულ ქვეყნებში მილიონიან მოგებებს სათამაშო დაწესებულებები ფეიერვერკებითა და შამპანურებით აღნიშნავენ. საქართველოში კი მსხვილი თანხის მოგება უზრუნველ ცხოვრებასთან კი არა, დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

ირაკლი ზედგენიძე, "თეორიული მილიონერი": სუპერკანონმორჩილი მოქალაქე გავხდი. ქუჩას უადგილო ადგილას არ ვჭრი, სიგარეტის ნამწვს ნაგვის ურნამდე ჯიბით ვატარებ, ღამეში სამ-ოთხჯერ მეღვიძება, გაზი ხომ არ დამრჩა ჩართული და ა. შ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მოგებულმა ხალხმა გამილიონერების ნაცვლად ციხეში ამოყვეს თავი, პროვოკაციის შიში ნამდვილად დამჩემდა.

- თანხის მოგების შემდეგ საპატრულო პოლიციის გამოძახება რატომ გადაწყვიტეთ?

- როცა მოგება დაფიქსირდა, პასუხისმგებელ პირთან მოვითხოვე დაკავშირება. პასუხისმგებელი პირი არ გამოჩნდა, მეტიც, შემომითვალეს, არანაირი სურვილი არა გვაქვს მაგასთან ლაპარაკისო. იძულებული გავხდი, საპატრულო ეკიპაჟი გამომეძახებინა და მათი თანდასწრებით დამეფიქსირებინა მოგება, რომ არ ეთქვათ, არაფერი გეკუთვნისო. პატრულმა ოქმი შეადგინა, მოგება დაფიქსირდა, მაგრამ რად გინდა? ჯერ იყო და, მიმტკიცებდნენ, აპარატმა აურიაო, პროგრამული შეცდომააო, ახლა კი მეუბნებიან, ჩვენთან აპარატებზე მაქსიმალური მოგება 3.000 ლარია და არაფერი გეკუთვნისო.

- მართლაც იყო გაკრული, რომ აპარატი 3.000 ლარზე მეტ მოგებას არ იძლევა?

- სადღაც ბნელ კუთხეში ქაღალდები მართლაც იყო გაკრული, მაგრამ კლუბში წესდების წასაკითხად ვინ შედის?!

ამჯერად სასამართლოში მაქვს სარჩელი შეტანილი. ხუთი წელია კაზინოში დავდივარ. ავტომატებსა და რულეტზე ვთამაშობ, ბევრიც წამიგია. საინტერესოა, ეს აპარატები მხოლოდ მაშინ ურევს, როცა იგებ? რაღაც არ მაგონდება, ვინმე მოსულიყო, ჩვენი აპარატები გაფუჭებულია და წაგებული უკან უნდა დაგიბრუნოთო. იმ დღეს მაგ დაწესებულებაში 120 ლარი წავაგე, მაშინ არ იყო აპარატი გაფუჭებული? სად არის იმის გარანტია, რომ ყველა აპარატი დაზიანებული არ არის? რატომ უნდა იყოს კლიენტის პრობლემა პროგრამული შეცდომა ან აპარატის დაზიანება? ამაზეც მოთამაშეა პასუხისმგებელი?

მე, მოთამაშემ, ის ვიცი, რომ თუU აპარატი მოგებას დამიწერს, ესე იგი მოვიგე. რა ჩემი საქმეა, რა უწერია კაზინოს მეპატრონეს წესდებაში?.."

გეშლებათ, ბატონო ირაკლი! მას შემდეგ, რაც კანონში "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ" ჩავიხედე, აღმოჩნდა, რომ საქართველოში სოლიდური მოგების მიღების შანსი არავის აქვს. წაგების? - რამდენიც გენებოთ! ამ კანონის საფუძველზე, მაგალითად, სათამაშო აპარატების სალონების მფლობელებმა საგადასახადო ორგანოებში უნდა წარადგინონ სათამაშო აპარატის თამაშების აღწერილობები, თითოეულ აპარატზე მინიმალური და მაქსიმალური ფსონებისა და მოგების მაქსიმალური ოდენობის მითითებით.

დავით ჭედია, შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი: - სათამაშო დაწესებულების მფლობელი თვითონ აწესებს თამაშის წესებს და ათანხმებს საგადასახადო ორგანოსთან. კანონითაც  მაქსიმალური მოგება სწორედ იმდენია, რამდენიც ამა თუ იმ სათამაშო დაწესებულების მეპატრონეს შეთანხმებული აქვს საგადასახადო ორგანოებთან.

- ე.ი. კაზინოს ან სათამაშო აპარატების სალონის მეპატრონეს შეუძლია დააწესოს, რომ აპარატზე რამდენი მოგებაც უნდა დაფიქსირდეს, 10 ლარზე მეტს მაინც არ გასცემს?

- შეიძლება, ოღონდ განცხადება ამის თაობაზე გამოკრული უნდა იყოს დაწესებულებაში. მოთამაშე ვალდებულია(?!) იცოდეს, რომ ეს ორგანიზაცია 10 ლარზე მეტ მოგებს არ იძლევა.

- ძალიან უცნაური კანონია.

- ეს იმიტომ არის ჩადებული კანონში, რომ სათამაშო აპარატების სალონებისა და ტოტალიზატორების დიფერენციაცია მოხდეს. ყველა კონკრეტულ აპარატზე ყველა დაწესებულებას სხვადასხვა ოდენობის თანხა აქვს დაწესებული. ხოლო თამაშის წესები უნდა გამოიკრას იმ ადგილზე, სადაც თამაშები მიმდინარეობს და მოთამაშეს მოთხოვნისთანავე წარედგინოს.

მოთამაშე ვალდებულია, გაეცნოს თამაშის წესებს, თუ არ მოეწონება, წავა იქ, სადაც მეტ მოგებას იძლევიან.

- წაგების ნიხრი დაწესებული არსად არ არის?

- ამას მოთამაშე განსაზღვრავს.

ამავე კანონით სათამაშო აპარატებზე გათვალისწინებული უნდა იყოს დადებული ფსონის სულ ცოტა, 80%-იანი მოგება, ანუ, სათამაშო აპარატი 20%-იან მოგებაზე  უნდა მუშაობდეს. სინამდვილეში კი რამდენპროცენტიან მოგებაზე მუშაობენ სათამაშო ბიზნესის მესვეურები, არავინ იცის. როგორც გაგვიმხილეს, არსებობს მექანიზმები, რომელთა მეშვეობით კანონით გათვალისწინებულ 80%-იან მოგებას მნიშვნელოვნად ამცირებენ, დაახლოებით 10-15%-მდე.

გიორგი ჟორჟოლიანი, ადვოკატი: - სათამაშო აპარატების ყველა მწარმოებელს დადგენილი ერთი წესი აქვს. აპარატის მოგება 5-8%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოში კი ყველაფერი უკუღმაა. აქ მხოლოდ ირაკლი ზედგენიძეზეც აღარ არის ლაპარაკი. კითხვის ნიშნის ქვეშ  დგება სახელმწიფოს ინტერესები.

ხელისუფლება ცდილობს საქართველო ტურიზმისა და დასვენების კერად გადააქციოს. უცხოელს, რომელსაც გართობა აქვს განზრახული, ეტყვიან, უნდა დადგე და ყველა კაზინოში წესდება ზედმიწევნით შეისწავლოო? არ ვიცი, გართობის ასეთი ფორმა კიდევ რომელ ქვეყანაშია? ეს არის ანტიკონსტიტუციური და თაღლითური კანონი, რომელიც კაზინოების და სათამაშო ბიზნესის მესვეურების ინტერესებზეა მორგებული. თუ წარმოგიდგენიათ, ლას ვეგასში ვინმემ რომ მილიონი მოიგოს, არ მისცენ და მიზეზად ის მოუყვანონ, წესდებაში გვიწერია, მაქსიმალური მოგება ჩვენთან სამი ათასი ლარიაო?

- "ვეგასის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კლუბში განცხადება იყო გამოკრული, რომ 3.000 ლარზე მეტ მოგებას არ გასცემდნენ.

- რაღაც ქაღალდები მართლაც იყო გამოკრული, მაგრამ როცა ადამიანი კაზინოში ან სათამაშო სალონში შედის, როდის იყო, სადღაც, ბნელ კედელზე წვრილი შრიფტით მიწერილი წესდებისა და ბუკლეტების კითხვით იცხელებდა თავს? ან იქნებ საერთოდ არ არის ქართველი,  ქართული არ იცის?

ვითარებაში გარკვევის მიზნით სხვადასხვა სლოტ-კლუბს ჩამოვუარეთ. ზოგიერთ  კლუბში წესები სულ არ არის გამოკრული, ზოგიერთში კი გამოკრულია, მაგრამ მისი ძებნა მომიხდა. როგორც დავრწმუნდი, კლუბების უმრავლესობაში მართლაც უჩინარ, ბნელ კუთხეებში აქვთ გამოკრული და ისიც ისეთი შრიფტით, თუ გამადიდებლით არა ხარ შეიარაღებული, მისი კითხვის სურვილიც დაგეკარგება.

დავინტერესდი იმითაც, მოთამაშეები თუ იცნობენ წესებს - გამოკითხულმა 10 კაცმა პირველად ჩვენგან შეიტყო ასეთი წესების არსებობის შესახებ და ისიც, რომ დიდი მოგების აღების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

ერთ-ერთი სლოტ-კლუბის თანამშრომელმა კი გაგვიმხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აპარატზე მოგების ლიმიტი 5.000 ლარს შეადგენს, აპარატმა 5 ათასი ლარის მოგების შემდეგ თამაში აღარ უნდა გააგრძელოს მოთამაშესთან, ხოლო თუ აპარატი მოთამაშეს აძლევს უფლებას, ლიმიტის ზემოთ თამაში გააგრძელოს, ესე იგი, საეჭვო გარემოებასთან გვაქვს საქმე.

ანუ კლუბის მეპატრონე აპარატზე ლიმიტს სპეციალურად არ აყენებს, რომ მოთამაშემ თამაში გააგრძელოს და ის მოგებული 5 ათასი ლარიც წააგოს. ხშირად ასეც ხდება, მოთამაშეები თანხას აგებენ, ხოლო თუ ვინმეს გაუმართლა, წესდებას მოიმარჯვებენ და ეტყვიან, რომ 5.000 ლარზე მეტს არ გასცემენ.

ასე რომ, ვიდრე თამაშს გადაწყვეტთ, საფუძვლიანად უნდა გაეცნოთ თუნდაც ყველაზე ბნელ კუთხეში გამოკრულ წესდებას, რადგან ამ შემთხვევაში არცოდნა არცოდვას არ ნიშნავს, წესდება მაინც გაცნობილად გეთვლებათ.