"ორი უკრაინელი ტურისტი მყინვარ უშბადან დაშვების დროს დაგორდა" - კვირის პალიტრა

"ორი უკრაინელი ტურისტი მყინვარ უშბადან დაშვების დროს დაგორდა"

მაშველებმა უშბიდან დაშავებული ტურისტები ჩამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორი უკრაინელი ტურისტი მყინვარ უშბადან დაშვების დროს, ფერდობზე დაგორდა.

"სასაზღვრო პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ მესტიის მიმდებარედ ორი უკრაინელი ტურისტი მყინვარ უშბადან დაშვების დროს, ფერდობზე დაგორდა და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

რთული რელიეფის და დახმარების უმოკლეს დროში აღმოჩენის მიზნით, ადგილზე დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა დაშავებული ტურისტები მესტიაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ექიმების განმარტებით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - აცხადებენ უწყებაში.