მიშას ტელეკრიტიკა - კვირის პალიტრა

მიშას ტელეკრიტიკა

გასულ კვირას მიშა სააკაშვილი ბენდუქიძის უნივერსიტეტში მივიდა და იქიდან სტუდენტებს და სრულიად ქართველ ერს ვრცელი სიტყვით მიმართა. ადრე კარგად ვიცნობდი  სააკაშვილს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, - მიშა დღესაც მაღელვებს.

ყოველთვის, როცა ტრიბუნასთან დგება და იწყებს გამოსვლას, გაღიმებული შევცქერი და ვაგულიანებ:“მიდი, მიშა, შენებურად შეუბერე-მეთქი. ჩემი პრეზიდენტიც არასდროს მიცრუებს იმედს - გამოსვლის ასე, მესამე  წუთზე უცნაურად გააკანკალებს ხოლმე და წავიდაა. სააკა ცეცხლებს ყრის, ტუჩმობზუებული ცინიკურად ესხმის თავს მოწინააღმდეგეებს, ილანძღება, ახსენებს "ფაქტებს" არარსებული, პარალელური სამყაროს ისტორიიდან.

თითქმის ყოველ გამოსვლაზე თავს ფრიადოსან მოსწავლეს უწოდებს და პუტინს კი ძველ ბიჭს ადარებს (უხ, ერთი ის ხულიგანი დამაჭერინა, რომლის გამოც ასე ვიტანჯებით). მოკლედ, ამ კაცის პერფორმანსების ყურება ერთ რამედა ღირს. სიამოვნებას მხოლოდ ის აფუჭებს, რომ დროის რაღაც მომენტში ხვდები, შენ წინაშე იუმორისტული გადაცემის წამყვანი კი არა, პრეზიდენტია.

ბევრი რამ თქვა მიშამ იმ დღეს, მაგრამ კულმინაციური მომენტი მაშინ დადგა, როცა მიშამ გუბაზ სანიკიძეს სახალხოდ "თავგასივებული" უწოდა. ჯერ ერთი, ჩამოხრჩობილის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ (მიშა სტუმრად ბენდუქიძესთან იყო და თავად კახაც წინ ეჯდა) და მეორე: არ შეიძლება ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი მოქალაქის ფიზიკურ ნაკლზე  "იხუმროს", თანაც ძალიან უნიჭოდ. გულზე ხელი დაიდეთ, ძვირფასო მკითხველებო, და მითხარით, რომელი თქვენგანი არ დატუქსავდა შვილს, რომელიც ასეთ რამეს იტყოდა. მიშას კი ვერ ვტუქსავთ (ყოველ შემთხვევაში, ისე, რომ შეიგნოს). ამიტომ ისიც აუშვებს ხოლმე აფრებს.

ამ დროს კი ჩვენ გვეძლევა უნიკალური საშუალება შევაღწიოთ ჩვენი პრეზიდენტის გონებაში (ფსიქოლოგები მიხვდებიან, რას ვგულისხმობ). ცნობიერი ცენზორი ითიშება და ჩვენ წინ სააკაშვილის ქვეცნობიერი იშლება.

და აი, ხდება საოცარი რამ: მირაჟივით იფანტება უძლეველი მთავარსარდლის სახე, სადღაც ქრება გენიალური არქიტექტორი და დიზაინერი, პატარავდება კავკასიელი გიგანტი და ჩვენ ვხედავთ მოზარდს, რომელიც ფეშენებელური სასახლის მდიდრულად მოწყობილ კაბინეტში ზის,  ხელში ტელევიზორის პულტი უჭირავს და დაბოღმილი უყურებს პატარა ტელევიზიუკას, სადაც ჩანს  ერთი მსუქანი და კეთილი, მოქეიფე ქართველი კაცი, რომელიც რაღაცებს კი ამბობს, მაგრამ საუკეთესო სამამულო ტრადიციების შესაბამისად ამ რაღაცების განხორციელების თავი არა აქვს.

იმ კაცის გვერდით მეორე სასაცილო კაცი წამოწოლილა. ის მსუქანს ხანდახან თავს უკრავს თანხმობის ნიშნად და ზოგჯერ აგულიანებს კიდეც. პირველი პოლიტიკოსობანას თამაშობს, მეორე კი - ტელეწამყვანობანას. თუ წარმატებული და  შემდგარი კაცი ხარ, არ შეიძლება ამათ დანახვაზე გული არ აგიჩუყდეს და არ გაიღიმო. რაც უნდა თქვან ამ ადამიანებმა შენზე, მაინც კარგები და საყვარლები არიან. შეუძლებელია, ვერ მიხვდე, რომ მათი დრო მიდის, რომ "თამადავიზია" მალე დასრულდება და ასეთი ხალხი უკვე რარიტეტს წარმოადგენს; რომ შენი უნდა გაახურო და ამ ადამიანების ლანძღვა ხელს არ შეგიშლის მიზნის მიღწევაში.

თუ ამას ხვდები, მაშინ მართლაც ხარ ქვეყნის პრეზიდენტი და ეროვნული ლიდერი, მაგრამ თუ სინამდვილეში მოზარდი ბრძანდები, თუ გამძაფრებული დაძაბულობით აღიქვამ ცერად ნათქვამ ყველა სიტყვას, კრიჭაში უდგები ყველა სულიერს, ვინც შენზე აუგს იტყვის, მაშინ ვერ ქაჩავ პირველკაცობას. მაშინ გუბაზსა და აქუზეც კი დაიბოღმები და პირველივე საჯარო გამოსვლისას გადმოანთხევ ბოღმას.

ძვირფასო მკითხველო, გახსოვთ მარკ ტვენის "უფლისწული და მათხოვარი"? ინგლისის უფლისწულის საძინებელში ფანტასტიკური შემთხვევის წყალობით მოხვდება ლონდონელი მათხოვარი ბიჭი, რომელიც პრინცს ძალიან ჰგავს. უფლისწული თავის ტანსაცმელში გამოაწყობს მათხოვარს, ხოლო თავად კი მის ძონძებს გადაიცვამს და სასახლიდან გაიპარება. ასე გახდება ლონდონელი მაწანწალა პრინცი.

მარკ ტვენს კარგად აქვს აღწერილი, როგორ ეშინია, რომ დიდებულები შეამჩნევენ ტყუილს და ერთ დღეს ყველა მიხვდება, რომ ძვირფასი ფარჩისგან შეკერილ სამოსში არა მათი საყვარელი მონარქი, არამედ გადაცმული თვითმარქვიაა. არ ვიცი, მიშას აქვს თუ არა ეს მოთხრობა წაკითხული, მაგრამ დღითი დღე ვრწმუნდები, რომ მარკ ტვენი მაგარი მწერალია.

შალვა რამიშვილი