"იმ დღეს ვერასდროს ვივიწყებ. ხომ უდიდესი ელდა იყო გურამის დაღუპვა, მაგრამ თითქოს წინა პერიოდში, რაღაც მზადდებოდა საამისოდ"
14-08-2019
"იმ დღეს ვერასდროს ვივიწყებ. ხომ უდიდესი ელდა იყო გურამის დაღუპვა, მაგრამ თითქოს წინა პერიოდში, რაღაც მზადდებოდა საამისოდ"
ფოტო:გურამ და დალი ფანჯიკიძეები
ერთად მხოლოდ 37 წელიწადს იცხოვრეს. უეჭველად დამეთანხმებით - თანაცხოვრებისთვის საკმაოდ ცოტა დროა. მაგრამ ისიც ხომ უმნიშვნელოვანესია, იმ ხანმოკლე პერიოდს როგორ გაატარებ? მათ კი ის წლები ძალიან ბედნიერად განვლეს, ბედნიერად და ლამაზად...
ერთმანეთი რომ გაუცნიათ, მამაკაცი 27 წლის ყოფილა, ქალი - 23-ის. მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს თარიღებს რომ ვეცნობოდი, თვალი ციფრებისკენ გამექცა და უცნაური დამთხვევები აღმოვაჩინე. თითქოს, მათი ცხოვრება ციფრების მისტიკასთან იყო წილნაყარიო...

ზოგადად, მისტიკა და იდუმალება მამაკაცის შემოქმედებისთვის სულაც არ იყო
უცხო და წყვილის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებსაც თუ დავუკვირდებით, ციფრები, განსაკუთრებით კი - "7" უჩვეულოდ ბევრჯერ მეორდება - ქალის დაბადება 1937 წელს და 27 წლის მამაკაცის გაცნობა-შეყვარება; მათი 37-წლიანი თანაცხოვრება; 1967 წელს მამაკაცის პირველი რომანის - "მეშვიდე ცის" ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნება, ხოლო 1979 წლიდან გამომცემლობა
"საბჭოთა საქართველოს" დირექტორობა. და ბოლოს - 1997 წლის 27 აგვისტოს მათი ამქვეყნიური განშორება...

ალბათ, ბევრისთვის "მეშვიდე ცის" ხსენება უმალ ერთ ხალისიან, კეთილ და მოსიყვარულე ადამიანს გაახსენებს, სწორედ იმ მამაკაცს, ვისი ცხოვრებისა და სიყვარულის ამბავიც უნდა გიამბოთ - საქართველოში სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფუძემდებელს, რომანების - "მეშვიდე ცის", "თვალი პატიოსანის", "აქტიური მზის წელიწადისა" და "სპირალის", ბევრი მოთხრობისა თუ პუბლიცისტური ნარკვევის ავტორს, ტრაგიკულად დაღუპულ მწერალს - გურამ ფანჯიკიძეს, რომელსაც, სამწუხაროდ, არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ მის მეუღლეს, საუცხოო ქალბატონსა და გერმანული ენის სპეციალისტს, შესანიშნავ მთარგმნელს, თსუ-ის სრულ პროფესორს დალი ფანჯიკიძეს (შეუღლებამდე გვარად - კოკაიას) კარგად ვიცნობდი. შეხვედრებისას ქალბატონი დალი საინტერესო ამბებს მიყვებოდა ხოლმე ბატონ გურამზე.

ლაღი, თავისუფალი და ხმაურიანი

ერთხელ ჩავეკითხე, როგორი მეოჯახე იყო ბატონი გურამი-მეთქი და უყოყმანოდ მიპასუხა გურამი ოჯახის დიდი მოყვარული იყო. შვილებსა და შვილიშვილებზე გიჟდებოდა. საერთოდაც, მოსიყვარულე ადამიანი გახლდათ. შინ ძალიან ლაღი, თავისუფალი და ხმაურიანი იყო. მის ირგვლივაც ყოველთვის ხმაური და ჟრიამული იყო. მეგობრების მისვლა-მოსვლა უყვარდა. სადაც კი ქეიფობდა, ნაშუაღამევს იქაური სტუმრები ბოლოს მაინც ჩვენთან მოჰყავდა. სუფრას გამაშლევინებდა და აქ განაგრძობდნენ მოლხენას. სხვებივით, კაბინეტში კი არ მუშაობდა, არამედ - მისაღებ ოთახში, სადაც ყველანი ვტრიალებდით. ამ კაბინეტში (იმ დღეს სწორედ იქ ვისხედით მე და ქალბატონი დალი - ი.ხ.), მაგიდასთან ერთი ბწკარიც არ დაუწერია. შინ, ძირითადად, დილაობით მუშაობდა, რამდენიმე საათით, მერე ყოველთვის საზოგადოებრივ სარბიელზე გადაერთვებოდა ხოლმე. მუდამ აქტიურად ცხოვრობდა და რასაც ხელს მოჰკიდებდა, ის საქმე ყოველთვის საფუძვლიანად უნდა შეესწავლა. თუნდაც საგამომცემლო საქმეში, ბუღალტერიით დაწყებული, ყველა ნიუანსში ერკვეოდაო.
გურამ ფანჯიკიძე
"გე-პე-ის" ჯაზის ქომაგისა და "უნივერსიტეტელი გოგონას" კონსენსუსი

ერთმანეთი რომ გაუცნიათ, გურამ ფანჯიკიძეს უკვე ტექნიკური განათლება ჰქონდა მიღებული, მეტალურგი გახლდათ, ქალბატონი დალი კი ჯერ კიდევ თსუ-ის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტის სტუდენტი. ჟურნალისტობას აპირებდა, თურმე და გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოუქვეყნებია წერილი, სადაც დაუწუნებია და "საბჭოთა ადამიანის აზროვნებისთვის შეუფერებელი" უწოდებია იმჟამინდელი "გე-პე-ის" (დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) ჯაზისთვის, რომელიც იმ დროს ქუხდა. ბატონ გურამს კი ამის გამო თავის გაზეთში ანუ "გე-პე-ის" გაზეთში, რომლის რედაქტორიც თავად იყო, სასტიკად გაუკრიტიკებია "უნივერსიტეტელი გოგონა". საქმეების გასარკვევად ერთმანეთს შეხვედრიან, ნაცნობობა კი მალევე სიყვარულში გადაზრდილა. პირველი შეხვედრიდან საკმაოდ მალე, ექვს თვეში დაქორწინებულან. - ხომ ხედავთ, ყველაფერი ხდებაო, - ღიმილით მიამბო ქალბატონმა დალიმ. როდესაც ჩავეკითხე, "გე-პე-ის" ჯაზთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიეთ-მეთქი? - სასაცილო ის იყო, რომ მეც ძალიან მომწონდა "გე-პე-ის" ჯაზი, მაგრამ ჟურნალისტობა რომ მინდოდა, ვითომ ამით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ვასიამოვნე და, თანაც, ყურადღების ცენტრში მოვექეცი. თუმცა, საბოლოოდ, ჟურნალისტობა მაინც გადავიფიქრე და გერმანული ენის შესწავლა ვარჩიე. რაც შეეხება გურამს, მართალია, მომლხენი და მოქეიფე იყო, მაგრამ ამით არასდროს აზარალებდა საქმეს. ის ქეიფიც მხოლოდ ღვინის სმა ხომ არ იყო - ეს ადამიანებთან ურთიერთობის, საინტერესო საუბრების საშუალებაც გახლდათ. საერთოდ, გურამი ძალიან უშუალო იყო და ბევრს უყვარდა. ყველა მის საუკეთესო მეგობრობას იჩემებდაო.

გურამ ფანჯიკიძეს, თურმე, მთელი საქართველო მოვლილი ჰქონდა და სადაც შეეძლო, მეუღლეც თან დაჰყავდა, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებშიც და საზღვარგარეთაც. - მეც დიდი სიამოვნებით დავყვებოდიო, - მითხრა ქალბატონმა დალიმ, - შესაბამისად, მის თავს გადახდენილი ყველა ამბის თუ ახალ-ახალ ადამიანებთან დაახლოების შემსწრე და თანაზიარი ვხდებოდი. არც მისი ქეიფები ან შუაღამისას სტუმრების მოყვანა მაღიზიანებდა. ვიცოდი, ასეთი იყო და, პირიქით, ყველანაირად ხელს ვუწყობდი - შუბლშეკრული არასდროს ვხვდებოდი, სუფრასაც ხალისიანად ვშლიდი და ღამის სტუმრებთან ერთად ვილხენდი კიდეცო. ნაწარმოების წერისას, სამუშაო პროცესში გურამ ფანჯიკიძე მეუღლეს არასდროს რთავდა. - ნაწილ-ნაწილ არავის გვაკითხებდა. ვიდრე დაასრულებდა, ვიცოდი, თვალიც არ უნდა ჩამეკრა ნაწერში. მხოლოდ დასრულებული ნაწარმოები შემეძლო, წამეკითხა. მეც საკუთარი შემოქმედება მქონდა - მნიშვნელოვან ნაწარმოებებს ვთარგმნიდი და გურამი ამით, სხვათა შორის, ძალიან ამაყობდა. მეც, ვიდრე არ დავასრულებდი კონკრეტული ნაწარმოების თარგმნას, ზედმეტად არ შემაწუხებდა ხოლმეო.

ცხოვრება გურამ ფანჯიკიძის გარეშე

ქალბატონი დალი მეუბნებოდა, - გურამს პრემიაც ბევრი ჰქონდა მიღებული და მის ნაწარმოებებს ხშირადაც თარგმნიდნენ სხვა ენებზე. მუდამ ძალიან თანამედროვე და თანაც, ურბანისტი მწერალი იყო. ქალაქის ცხოვრებას აღწერდა და თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ ტექნიკურ და მეცნიერულ საკითხსაც საინტერესოდ უღრმავდებოდა. ამით გამოირჩეოდა ბევრისგანო...

მახსოვს, საუბრისას თითქოს ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით საზარელ დღეს, როდესაც გურამ ფანჯიკიძეს ზღვაში ცურვისას ინფარქტი დაემართა. - იმ დღეს ვერასდროს ვივიწყებ. ხომ უდიდესი ელდა იყო გურამის დაღუპვა, მაგრამ რომ ვუკვირდები, თითქოს წინა პერიოდში რაღაც მზადდებოდა საამისოდ. ვატყობდი, ნელ-ნელა ენერგია აკლდებოდა, ძველებურად მხნედ თითქოს ვეღარ იყო. არასდროს უჩიოდა გულის ტკივილს, მერე კი თითქოს დასუსტდა... - აქ კი ვეღარ შეაკავა დალი ფანჯიკიძემ თვალს მომდგარი ცრემლი... - გურამის სიკვდილის შემდეგ ჩვენი სახლი დადუმდა... თითქოს, გურამი ცენტრი იყო და ყველანი მის ირგვლივ ვტრიალებდით. დღემდე ვერ ვეგუები ამ სიჩუმესო, - მითხრა და თხრობაც ამით დაასრულა.

დღეს უკვე ორივე ზეცაშია და დარწმუნებული ვარ, გურამ ფანჯიკიძე და დალი ფანჯიკიძე მარადიულ სასუფეველში კვლავ ბედნიერად და ლამაზად ცხოვრობენ...


(სპეციალურად საიტისთვის)

ნინო
14 აგვისტო 2019 14:36
შესანიშნავი წყვილი და ყველა ქართველისთვის საამაყო ადამიანები. ღმერთმა ნათელში გამყოფოთ.

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?